ენერგოპროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, აუცილებელი წინაპირობა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისთვის
ევროპულ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ, სხვა რეგულაციებთან და დირექტივებთან ერთად, მიიღო რეგულაცია 1099/2008 და დირექტივა 2009/119/EC. დირექტივა 2009/119/EC საბოლოო მომხმარებლებისათვის გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, რეგულაცია 1099/2008 კი ყოველწლიური, ყოველთვიური და მოკლევადიანი ენერგოსტატისტიკის განვითრებას მიემართება.
გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობა ენერგიის საბოლოო მომხმარებლებს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიების სწორ არჩევაში დაეხმარება. ანუ, აქ საუბარია იმაზე, რომ ელ.ენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობით მათ შეეძლებათ სწორი არჩევანის გაკეთება მომწოდებელ ენერგოკომპანიებს და, თავად, ენერგორესურსებს შორის.
ხსენებული დირექტივისა და რეგულაციის შესრულება, ენერგოაერთიანების სამდივნოსა და საქართველოს შორის განხორციელების შეთანხმებული ვადებიდან (2017 წლის 31 დეკემბერი) გამომდინარე, საწყისი ნაბიჯები უნდა აღმოჩნდეს საქართველოსა და ევროკავშირის ენერგობაზრების დაახლოების პროცესში. ამ კუთხით 2017 წლამდე საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს უნდა შეემუშავებინათ შესაბამისი კანონმდებლობა, სამოქმედო გეგმები და ევროსტატთან(EUROSTAT) ენერგოსტატისტიკის გაზიარების მექანიზმები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავლილია კონსულტაცია ევროსტატისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტებთან, რომლის შედეგად საქსტატი 2018 წლიდან დაიწყებს შესაბამისი მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებულია 2018 წლის სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით.
რაც შეეხება ენერგოსტატისტიკის შესახებ N1099/2008 რეგულაციის ( წლიური, ყოველთვიური და მოკლევადიანი ენერგოსტატისტიკის განვითარება) ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს, საქსტატის მიერ წარმოებული წლიური ენერგეტიკული სტატისტიკა სრულ შესაბამისობაშია რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველთვიური და მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკის წარმოების კუთხით საქსტატმა 2017 წლის განმვალობაში განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები და აღნიშნული რეგულაციით მოთხოვნილი მონაცემების წარმოება და გავრცელება ასევე გათვალისწინებულია 2018 წლის სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით. წყაროდ გამოყენებული იქნება საქსტატის მიერ ორგანიზებული კვლევები და ადმინისტრაციული წყაროები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია).
ენერგოსტატისტიკის გაუმჯობესების კუთხით აუცილებელია სემეკსა და საქსტატს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ვინაიდან სემეკი ენერგობაზრის სუბიექტებზე ფლობს დეტალურ ინფორმაციას. ამ მიმართულებით საწყისი ნაბიჯები 2017 წელს გადაიდგა, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით, სემეკი საქსტატს დროული და ხარისხიანი ინფორმაციით უზრუნველყოფს. თუმცა, სტატისტიკური ინფორმაციის სანდოობის კუთხით, აუცილებელია, რომ საქსტატი ბრმად არ ენდოს სემეკის მიერ მოწოდებულ მონაცემებს და შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მას ექნება პირდაპირი კავშირი ენერგოკომპანიებთან ინფორმაციის გადამოწმების კუთხით. ასევე, ჩვენი აზრით, საჭიროა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც არასწორი სტატისტიკური ინფორმაციის მომწოდებლისთვის განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ექნება თუ არა ენერგორესურსებზე ფასების გამჭვირვალობას რეალური შედეგი ქართულ ენერგოსექტორზე? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ექნება ენერგიის საბოლოო მომხმარებელს მომწოდებლის არჩევის თავისუფლება. ანუ, თუ მომხმარებელი ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიის მიერ მოწოდებული ელ.ენერგიის ან ბუნებრივი გაზის „საფასო პოლიტიკაზე“, თუმცა მას ენერგოსისტემა ტექნიკურად არ აძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას, მაშინ ამ ტიპის ინფორმაცია მომხმარებლისთვის უსარგებლო ხდება. საქართველოში, კი ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ენერგიის საბოლოო მომხმარებლებს მომწოდებლის არჩევანის თავისუფლება თითქმის არ აქვთ. ენერგოსექტორში, რეგიონების მიხედვით სამიოდე სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ოპერირებს. ენერგოკომპანიების რაოდენობის გაზრდა კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ქსელზე არადისკრიმინაციული დაშვების პირობებზე, ენერგოსექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, ენერგობაზრის თავისუფალი კონკურენციის დონის ზრდაზე და ა.შ. ამ კუთხით ბუნებრივი გაზის სეგმენტშიც არაა უკეთესი მდგომარეობა. თუმცა, ენერგოგაერთიანების ფარგლებში მიღებული დირექტივები და რეგულაციები, დიდწილად, სწორედ, ენერგობაზრის ლიბერალიზაციისკენაა მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველო ეფექტურად გაყვება ევროგაერთიების ენერგოპოლიტიკის ვექტორს, გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგიის ადგილობრივ საბოლოო მომხმარებელს ექნება მომწოდებლის არჩევის ტექნიკური შესაძლებლობა. ამ კუთხით, საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა უკვე დაიწყეს საკანონმდებლო ჩარჩო პირობებზე მუშაობა და ენერგობაზრის ლიბერალიზაციისთვის დამაიმედებელი ნიშნები გამოიკვეთა. თუ რამდენად ეფექტურად და დროულად ხორციელდება ამ საკანონმდებლო ბაზის მომზადების პროცესი, ეს ამ კონკრეტული სტატიის ინტერესებს ცდება, თუმცა ამ საკითხს ჩვენს შემდეგ სტატიებში აუცილებლად განვიხილავთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგორესურსების ფასების გამჭვირვალობა კი ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ენერგობაზრის ლიბერალიზაციის დონეს. უკვე მომწოდებლის არჩევანის უფლების მქონე ელ.ენერგიის და ბუნებრივი აირის საბოლოო მომხმარებლები რეალურად გამოიყენებენ ხსენებულ ენერგორესურსების ფასების სტატისტიკას მომწოდებლის ასარჩევად. ეს უკანასკნელი პერსპექტივა (მომწოდებლის თავისუფალი არჩევანი) ძირეულად შეცვლის ქართული ენერგობაზრის სისტემას, ვინაიდან ბაზარზე გაჩნდება ენერგოკომპანიებს შორის მნიშვნელოვანი კონკურენცია, ანუ ენერგოტარიფებს განსაზღვრავს ბაზარი და არა სახელმწიფო საბაზრო ინტერვენციები. გარდა ამისა, კონკურენტული ენერგობაზრიდან ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორები სწორ სიგნალებს მიიღებენ და მათთვის გამჭვირვალე, კონკურენტულ ენერგობაზარზე კაპიტალის დაბანდება გაცილებით მიმზიდველი იქნება. ენერგოსექტორში გაზრდილი ინვესტიციები კი, თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი ენერგიის გენერირების სიმძლავრეებს, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.