ევროკავშირი აგარის სკოლაში პროფესული განათლების პროგრამას აფინანსებს
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება მიმიდინარეობს. ამჟამად სკოლაში დაბალი ძაბვის ელექტრიკოსისა და ზეინკალ-სანტექნიკოსის პროფესიებს 42 სტუდენტი ეუფლება.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია ,,აგარის შაქრის“ ერთობლივი ძალისხმევით, აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება 2016 წლის ნოემბერში დაიწყო.
ზემოხსენებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა ნებისმიერ პირს შეუძლია. სწავლება უფასოა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და პროფესიული ტესტირების ჩაბარებაა საჭირო.
დაბალი ძაბვის ელექტრიკოსისა და ზეინკალ-სანტექნიკოსის პროგრამის ხანგრძლივობა ცალ-ცალკე 20 თვეს შეადგენს. კურსის დასრულების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი გაიცემა. ამასთანავე, ბენეფიციარს შეუძლია პროფესიული პროგრამის პარალელურად ზოგადი განათლების საშუალო საფეხურს დაეუფლოს და შესაბამისი ატესტატი მიიღოს.
ევროკავშირი დაფინანსების გარდა, სასწავლო კურსების მონიტორინგსაც ახდენს. ამაში ევროკავშირის ტექნიკური დახამრების პროექტი უშუალოდაა ჩართული. მონიტორინგის მიზანია შედეგებზე დაკვირვება და მიღებული გამოცდილების შესაძლო დანერგვის ხელისშეწყობა სხვა რეგიონებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, აგარის სკოლაში არსებული პროგრამის ორივე პროფესია თანაბრად მოთხოვნადია, როგორც ფორმალური დასაქმების, ასევე თვითდასაქმების კუთხით. მსმენელების საშუალო ასაკი 30-35 წელია. დაწყებიდან მიმდინარე დრომდე პროექტის ფარგლებში ზრდასრულთა პროფესიული მომზადების სამი და გადამზადების ერთი პროგრამა განახორციელა. სწავლება თანამედროვე სახელოსნოებში უახლესი სასწავლო მოდულების გამოყენებით მიმდინარეობს.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე