ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა
ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული განათლების დაგეგმვის ეტაპებზე. შედეგად, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2012 წლის 33%-დან დღეს 56%-მდე გაიზარდა.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება”- ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტთაგან, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით განხორციელდა. პროექტი განახორციელა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა და საქართველოს სამი რეგიონი(იმერეთი, აჭარა, კახეთი) და თბილისი მოიცვა. თბილისში ბათუმსა და თელავში დაფუძნდა დასაქმების ცენტრები და განახლდა იმერეთის რეგიონის დასაქმების ცენტრი ქუთაისში. შეიქმნა მონაცემთა ელექტრონული ბაზა დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელთათვის და ამასთანავე ჩატარდა დასაქმების 8 ფორუმი- ორ-ორი თითოეულ რეგიონში.
პროექტის მენეჯერის ლიკა კილაძის განცხადებით, პროექტი დაფუძნებული იყო დასაქმების ხუთსაფეხურიანი მოდელის გამოყენებაზე, რომლის ძირითად აქტორებს წარმოადგენენ: დამსაქმებლები, პროფესიული განათლების სერვისის მიმწოდებლები, სამოქალაქო ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლები. პროექტის ფოკუსი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და დამსაქმებლისთვის სწორედ ისეთი კადრის მიწოდება, რომელიც პირდაპირ პასუხობდა მის მიერ გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. პროექტის მენეჯერი ვარაუდობს, რომ მომავალში შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდება, რადგან ბენეფიციარები უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ უკეთესი სამსახურების მოძიებას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაოს მაძიებელთა ინდივიდუალური უნარების შეფასების ფორმა, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავდა და გადაეცა სოციალური მომსახურების სააგენტოს. გარდა ამისა, ლიკა კილაძემ ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობებზე, რომლებიც განხორციელდა დასაქმებული ბენეფიციარების სამუშაო ადგილზე დასამაგრებლად:
“დამსაქმებელი კომპანიებიდან შევარჩიეთ კონკრეტული პირები, რომლებიც მენტორების სახით იყვნენ ჩვენთან კავშირში და მათ ჩავუტარეთ სიღრმისეული ტრენინგი თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კოლეგებთან. შემდეგ ვცდილობდით მთელი ექვსი თვის განმავლობაში თვალი გვედევნებინა პროცესისთვის და თუკი წარმოიქმნებოდა რაიმე ბარიერი ამ პროცესში, იქვე ჩავრთულიყავით. სწორედ ასეთმა მიდგომამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ მიერ დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი დავამაგრეთ სამუშაო ადგილზე”- ამბობს ლიკა კილაძე
ნინო ხუციშვილი, რომელიც ფოკალური ეპილეფსიის გამო მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს, პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მან პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო და გასაუბრებაზე მისვლა გადაწყვიტა. გასაუბრებისას ნინოს ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით შეუქმნეს საკუთარი რეზიუმე, რითიც დასაქმების ფორუმზე ათამდე დამსაქმებლის წინაშე წარსდგა. შედეგად, ნინო ვისოლ ჯგუფმა შეარჩია:
“დანკინ დონატსში" გავიარე ორკვირიანი ტრენინგები რის შედეგადაც დავსაქმდი და 2017 წლის, ასევე, 2018 წლის თებერვლის თვის საუკეთესო თანამშრომელი გავხდი. ყოველ დილით მიხარია სამსახურში მისვლა, მომწონს რასაც ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტები უნდა არსებობდეს, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემზე მეტად სჭირდებათ სამსახურის შოვნა და საკუთარი თავის რეალიზება”- ამბობს ნინო ხუციშვილი.
ასევე, აქტიური მუშაობა წარიმართა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც. მენეჯმენტი აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმუშაონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემების გაშუქებაზე. ამას გარდა, გამოცხადდა კონკურსი ჟურნალისტებისთვის და გამოვლინდა საუკეთესო მედია პროდუქტები.
დასაქმებისა და პროფესიული განათლების ურთიერთკავშირის ხელშემწყობი პროგრამა ჯამში 27 მილიონ ევროს მოიცავდა. აქედან 20 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტექნიკური დახმარების კომპონენტზე იყო გათვლილი.
ავტორი: ქეთი მელქაძე