ევროკავშირის დაფინანსებით იმერეთის რეგიონში აგრობიზნესის ხელშემწყობი პროექტი განხორციელდა
“ამ პროექტმა ვეტერინარები ფერმერებთან, აგრობიზნესის წარმოადგენლებთან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა”
“საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება” კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით განხორციელდა. პროექტის განმახორციელებელია “ადამიანი გაჭირვებაში”, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციებია: “ჯეოველი”, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი CTC და კონტრაქტორი კომპანია “მოსავალი”.
პროექტი ითვალისწინებდა აგრობიზნესის სექტორში ჩართული როგორც ახალგაზრდების, ისე უკვე მოქმედი ფერმერების ხელშეწყობას, მათი ცოდნის გაღრმავებას, ასევე, პროფესიული განათლების მიმცემი სასწავლებლების სწავლების მეთოდების დახვეწას.
პროექტის მენეჯერი გიორგი სანტურიანი საუბრობს პროექტის დეტალებზე:
“პირველ ეტაპზე ჩავატარეთ შრომის ბაზრის კვლევა, რის შედეგადაც მივიღეთ დეტალური და სრული ინფორმაცია იმერეთის რეგიონში. ამ ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა შრომის ბაზრის მონიტორინგის მექანიზმი. ეს ინსტრუმენტი გავუზიარეთ როგორც კერძო ბიზნესს, ასევე პროფესიული განათლების დაწესებულებებს.”
გიორგი სანტურიანის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე შემუშავდა კერძო ბიზნესთან ურთიერთობის სტრატეგია. შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელმაც კერძო ბიზნესს საშუალება მისცა გასცნობოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმას და მოსალოდნელ ცვლილებებს.
პარტნიორმა ორგანიზაციამ, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრმა CTC-მ განახორციელა ტრენინგ პროგრამა პირველ ეტაპზე იმერეთის რეგიონში, ხოლო შემდგომ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ამ მიმართულებით 55 დღიანი ინტენსიური ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. შედეგად, 20-მდე ექსპერტი დღეს უკვე ფერმერებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევს .
ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლებისა და პროფესიული მომზადების უზრუნველმყოფი ორგანიზაციებისთვის, პროექტის ფარგლებში გაიცა 11 მცირე გრანტი რომელთა შედეგებიც შემდეგნაირად გამოიყურება:
- 73 ფერმერი ჩაერთო ბიოჰუმუსის წარმოების ტრენინგის პროგრამაში
- 30 სოციალურად დაუცველ ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგი მებაღეობისა და მეფუტკრეობის განხრით
- 20-მა ფერმერმა გაიარა თხილის მოვლა-გაშენების უმაღლესი კურსი
- 1200 ფერმერს მიეწოდა ინფორმაცია მესაქონლეობისა და რძის პროდუქტების წარმოების მოწინავე პრაქტიკებზე
- 350 სკოლის მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია პროფესიული განათლების საკითხებზე.
იმერეთის ვეტერინარული ასოციაცია ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომლის მიერ წარმოდგენილ პროექტის “მესაქონლეთა ცოდნის ამაღლების კამპანია” ფარგლებში ასოციაციის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები და სემინარები. ამ დაფინანსებამ ასოციაციას საშუალება მისცა მომსახურებოდა 29 სოფელს 11 მუნიციპალიტეტში:
“ამ პროექტმა ვეტერინარები ფერმერებთან, აგრობიზნესის წარმომადგენლებთან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა. ადრე თუ ფერმერი ზოგიერთ საკითხს დაავადებებზე, მკურნალობის მეთოდებზე თავისი შეხედულებით წყვეტდა, ახლა უკვე დაიწყეს კონსულტაციების გავლა პროფესიონალ ვეტერინარებთან”- ამბობს ვეტერინარული ასოციაციის წარმომადგენელი, იოსებ კიკაჩეიშვილი
პროექტის ფარგლებში 1000-ზე მეტმა ფერმერმა და ვეტერინარმა გაიარა შესაბამისი მომზადება და მიიღო სასწავლო მასალა საქონლის სხვადასხვა დაავადებისა და პირველადი მკურნალობის შესახებ. ამას გარდა, ასოციაციამ ფერმერებს მიაწოდა ინფორმაცია პესტიციდებისა და შიდა და გარე პარაზიტების სამკურნალო საშუალებებზე.
პროექტი “საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება” ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ოთხ საპილოტე პროექტთაგან ერთ-ერთია, რომლებიც 2015-2017 წლებში დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით განხორციელდა. პროგრამის ჯამურმა ბიუჯეტმა 27 მლნ ევრო შეადგინა.
ქეთი მელქაძე