მომავალი წლიდან ქართველი მეწარმეები სტანდარტების მიღებას ონლაინ შეძლებენ
საქართველოს მეტროლოგიის სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტი, ქართველი მეწარმეებისთვის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. DCFTA-ს სამოქმედო გეგმის თანახმად, დეპარტამენტში უნდა დაინერგოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, ISO 9001-2015-ის შესაბამისად. როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელი სულხან ტაბაღუა განმარტავს, სისტემის დანერგვა გაამარტივებს იმ პროცესს, რომლის გავლითაც ქართველ მეწარმეებს სააგენტო სტანდარტებს აწვდის - სერვისები მომხმარებელზე უფრო მორგებული გახდება.
„ISO 9001-2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტანდარტია, რომელიც ხარისხის მენეჯმენტის სისტემას არეგულირებს და აწესრიგებს. აღნიშნული სტანდარტი 2015 წელს ვთარგმნეთ ქართულად, რამაც მომხმარებლისთვის მისი ხელმისაწვდომობა გაზარდა. ISO 9001-2015-ის მთავარი მიზანია, გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება, შესაბამისად, სისტემის დანერგვის შემდეგ ჩვენი სერვისები როგორც შიდა პროცესების კუთხით, ისე ამ სერვისების მიმღები პირებისთვის უფრო გამართული იქნება. ნებისმიერი მეწარმისთვის ISO 9001-2015 არის გარანტია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს, ჰყავს მენეჯმენტი, გამართული შიდა აუდიტი და უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს“, - აღნიშნავს სულხან ტაბაღუა.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა სტანდარტების დეპარტამენტში შარშან დაიწყო და, როგორც სულხან ტაბაღუა აღნიშნავს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
„ვცდილობთ, რომ ეს პროცესები ეტაპობრივად შემუშავდეს სტანდარტის შესაბამისად. ეს მარტივი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროა საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტების მომზადება, რომელიც სათითაოდ არეგულირებს სტანდარტის კონკრეტულ მუხლებს. პროცესები არის თავსებადობაში სტანდარტის თითოეულ ჩანაწერთან, რამდენიმე პროცესი უკვე გაწერილი და დამტკიცებულია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოვა ჩვენს დეპარტამენტში ISO 9001-2015-ის დანერგვის შემდეგ და აიღებს ჩვენს მომსახურებას, მიიღებს იმ პროცესების ციკლს, რომელიც ამ მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. როცა ამ ციკლის დოკუმენტირება მოხდება, ის უფრო მეტად სანდო და გამჭვირვალე გახდება მომხმარებლისთვის“, - ამბობს ტაბაღუა.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის პროცესში, სტანდარტების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. როგორც სულხან ტაბაღუა ამბობს, წლის ბოლომდე გაეშვება ონლაინ-პროგრამის პირველი სატესტო ვარიანტი, რომლის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირი სტანდარტის მიღებას ოფისიდან გაუსვლელად, მოკლე ვადებში შეძლებს.
„ონლაინ-მომსახურება ახლაც გვაქვს, თუმცა ეს სისტემა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის. ამჟამად მიმდინარეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული, ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც Soft-ის შექმნას ითვალისწინებს. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, გამარტივებული წესით, ოფისიდან გაუსვლელად მომსახურება ონლაინ გადაიხადოს, რეგისტრაცია გაიაროს და სტანდარტი კომპიუტერიდან ჩამოტვირთოს“, - ამბობს სულხან ტაბაღუა.
ISO 9001-2015-ის დანერგვაში სტანდარტების დეპარტამენტს აქტიურად ეხმარებიან ევროკავშირის ქვეყნები. 2017 წელს ევროკავშირის დაფინანსებით, სტანდარტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაზე ორიენტირებული ტრენინგი გაიარეს და მიიღეს ცოდნა, თუ რა უნდა გაკეთდეს ISO 9001-2015-ის დასანერგად სტანდარტების დეპარტამენტში. პროექტის ერთ-ერთი დონორი სლოვაკეთის სტანდარტების ინსტიტუტი იყო, რომელმაც სააგენტოს შესაბამისი რეკომენდაციები გაუწია. ამჟამად გრძელდება DCFTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების ხელშეწყობის Twinning პროექტი, რომლის დონორები დიდი ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტი და ლატვიის სტანდარტების ინსტიტუტია. ორივე ორგანიზაცია ჩართულია ტრენინგების ჩატარებასა და რეკომენდაციების გაწევაში.
„ერთ-ერთი რეკომენდაცია პროგრამულ საკითხებს ეხება და ვებგვერდის მოდერნიზებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, მეწარმეებთან უფრო ინტენსიურ კომუნიკაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გავდივართ რეგიონებში, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს ვხვდებით და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი სააგენტოს საქმიანობის, სერვისების შესახებ და როგორ შეიძლება დავეხმაროთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქონლისა თუ მომსახურების გატანის პროცესი გაიმარტივონ“, - ამბობს ტაბაღუა.
DCFTA-ის სამოქმედო გეგმით, საქართველოს სტანდარტიზაციის ეროვნულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რაც აუცილებელია სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში სრულუფლებიანი წევრობისთვის. სულხან ტაბაღუას განმარტებით, სრულუფლებიანი წევრობა ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ევროპული სტანდარტების შემუშავების პროცესში სტანდარტიზაციის ევროპული ორგანიზაციებთან ერთად ჩაერთონ.
„ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მეწარმეები უფრო ახლოს იყვნენ ევროპულ გამოცდილებასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში საუკეთესოდ არის მიჩნეული. დღესაც ნებისმიერი ევროპული სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში - CEN-CENELEC-სა და ETSI-ში, ჩვენთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეს შეუძლია მოგვმართოს და მიიღოს ნებისმიერი ევროპული სტანდარტი, რომელსაც მაგალითად, იყენებს რომელიმე მეწარმე გერმანიაში. თუმცა სრულუფლებიანი წევრობა მისცემს ჩვენს მეწარმეებს საშუალებას, მაქსიმალურად ჩაერთონ სტანდარტების შემუშავების პროცესში ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - ამბობს ტაბაღუა.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის გარდა, მეტროლოგიის სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტს კიდევ ერთი ვალდებულება აქვს აღებული, რომელიც კონფლიქტური სტანდარტების გაუქმებას ითვალისწინებს. ამ ვალდებულების თანახმად, საქართველოს შესაბამისი ორგანოები არ შეიმუშავებენ იმ სფეროში სტანდარტს, სადაც უკვე არსებობს შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი.