ევროკავშირში, უკრაინასა და აშშ-ში „ოჯახური“ ტრადიციული პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს
„შპს დაბის“ წნილები, სუნელები, აჯიკა და ნიგვზის სოუსი „ოჯახური“-ს ბრენდული დასახელებით, გერმანიაში, ლატვიაში, აშშ-სა და უკრაინაში ექსპორტზე გააქვს. ადგილობრივი და გარე ბაზრებისთვის სულ 68 სახეობის პროდუქტს ამზადებენ და მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე უახლოეს ხანში წარმოების გაფართოებას გეგმავენ.
კომპანია 2010 წელს შეიქმნა, ბაზარზე კი ერთ წელის შემდეგ გამოვიდა. დღესდღეობით მათი თანამედროვედ დაფასოებული პროდუქცია თითქმის ყველა დიდი მარკეტების ქსელის დახლებზეა განთავსებული. „ოჯახური“-ს განვითარებაზე მუდმივად 20 ადამიანი მუშაობს, დამატებით 7 ადამიანს კი სეზონური სამუშაოებსთვის იმატებენ.
ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველად პროდუქცია გერმანელ მომხმარებლებს შესთავაზეს. მოგვიანებით კი გაყიდვები ლატვიაშიც დაიწყეს. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ექსპორტი უკრაინაში აქვთ. ამას გარდა, ზემოთაღნიშნული ქართული ტრადიციული პროდუქტები, რამდენჯერმე რუსეთშიც შეიტანეს, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე ლერი კიპაროიძე ამბობს რუსეთში გაყიდვებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვთ: „როდესაც შეკვეთას რუსეთში აგზავნით, ითხოვენ უამრავ დოკუმენტებს, საბაჟოზე კი აუცილებლად გააჩერებენ ტვირთს და გამოგეკიდებიან წვრილმანებზე, იძულებული ხარ რომ „ხარვეზების“ გამოსასწორებლად ფული გადაიხადო, კორუფციის თემაა. ასეთი რამ ევროკავშირის ბაზარზე არ ხდება. გადაზიდვები და დუკუმენტების სისტემა მოწესრიგებული და ცივილიზებულია, თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითაც პრობლემა არასდროს გვქონია“.
შპს „დაბი“-ს ექსპორტი 2015 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აქვს. პროდუქციის გაგზავნამდე ლაბორატორიული კვლევები შეუკვეთეს, რამაც პოზიტიური შედეგები აჩვენა. ლერი კიპაროიძე იხსენებს: „ერთ დღეს საწარმოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი გვესტუმრა კვლევის შედეგების გადამოწმების მიზნით და პროდუქციის სინჯები გამოსაკვლევად მანაც წაიღო. ამ შემთხვევიდან მოკლე დროში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პროდუქტების უვნებლობა დაგვიდასტურა, რის შემდეგაც აშშ-ში ექსპორტი დაუბრკოლებლად დავიწყეთ“.
როგორც ირკვევა , „ოჯახური“-ს ბრენდზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, დამფუძნებლები გაფართოებას უახლოეს ხანში გეგმავენ, რისთვისაც თბილისის შემოგარენში თავისუფალი მიწის ნაკვეთის ყიდვასა და საწარმოს აშენებას გეგმავენ. ამ მიზნის მისაღწევად კი სახელმწიფოსა და ევროკავშირის დახმარების პროგრამების (EBRD საკრედიტო ხაზი და ა.შ.) გამოყენებას შეეცდებიან.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე