Amazon.com-ით საქართველოდან პროდუქტები ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გაიყიდება
Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის. ინტერნეტ გაყიდვების გიგანტ ამაზონს არაამერიკული ქვეყნებისთვის სპეციალური პროგრამა Amazon FBA აქვს, რომლის გამოყენებით ელექტრონილი ვაჭრობა ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე ამჯერად უკვე საქართველოდანაც შეიძლება.
სქემა საკმაოდ მარტივია, გამყიდველად რეგისტრაციის შემდეგ ყოველთვიური ლიცენზიის გადასახადი 40 დოლარია. ამის შემდეგ ამაზონი საწყობის მისამართს აგზავნის, სადაც უნდა გადაიზიდოს პროდუქცია. საწყობში განავსების შემდეგ კი ამაზონი მომხმარებელს შეკვეთებს თავად მიაწვდის, საქართველოდან რეგისტრირებული გამყიდველი კი ფასთა შორის სხვაობას (საბოლოო ფასს გამოკლებული თვითღირებულება + საქართველოდან გადაზიდვა + საწყობის მოსაკრებელი) მიიღებს.
Amazon export hub-ის დამფუძნებელი ლევან მოლაშვილი ამბობს, რომ Amazon FBA პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანებს, როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ ბაზარზე წვდომა აქვთ: „ერთის მხრივ აშშ-ს და კანადის უზარმაზარ ბაზარზე გაყიდვების წარმოება შეიძლება, მეორე მხრივ, კი ევროპისთვის გერმანიაში არსებობს www.amazon.de, საიდანაც მთელი ევროპის დაფარვა ხდება. ევროკაშირში სამუშაოდ გერმანული ამაზონის გამოყენება სჯობს. გერმანიის მიმართულებით მუშაობა დღესვე შეგვიძლია, თუმცა გარკვეული დამატებით დოკუმენტაციების წარმოებაა საჭირო, რაც თანხებთანაა დაკავშირებული (650 ევრო). ამერიკულთან შედარებით ევროპის ბაზარი უფრო მარტივია. ევროპაში შესვლის წინაღობები უფრო მეტია, მაგრამ კონკურენცია გაცილებით ნაკლებია. ძალიან ბევრი პროდუქტია საქართველოში, რომელიც შეიძლება გახდეს პოპულარული და გაყიდვადი“, - ამბობს მოლაშვილი.
საქართველოს მიერ მიმდინარე წლის ბოლომდე ელექტრონული კომერციის შესახებ ევროკავშირის ეკვივალენტური კანონის მიღების შემდეგ, მაღალი ალბათობით, ევროპაში გაყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და პროცედურების გავლა უფრო მარტივი და იაფი გახდება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად კი საქართველოში ნაწარმოები 9600 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში ექსპორტის დროს გადასახადებისგან თავისუფლდება, რაც ქართულ პროდუქტს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევს.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე