ევროკავშირის დაფინანსებით არქიმანდრიტმა გაბრიელმა სუვენირების წარმოებისთვის თანამედროვე ტექნიკა შეიძინა
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ციხისჯვრის დედათა მონასტრის არქიმანდრიტმა მამა გაბრიელ ჯამბაზიშვილმა საეკლესიო და ტურისტული სუვენირების საწარმოებლად სამგანზომილებიანი როუტერი შეიძინა. ახალი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად სასულიერო პირმა ათი ათას ლარიანი ევროპული გრანტი მოიპოვა.
თანამედროვე დანადგარის ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სუვენირების მაღაზიაში ყოფნის დროს გაარკვია, რომ მინიატურული სასაჩუქრე ნამუშვერების დამზადება სამგანზომილებიანი როუტერით მარტივად შეიძლებოდა. ამის შემდეგ არქიმანდრიტმა გაბრიელმა ევროკავშირის გრანტების კონკურში მონაწილეობა მიიღო და რამდენიმე საკონკურსო ტურის გადალახვით საბოლოოდ ე.წ „3D“ დანადგარის შეძენა შეძლო.
„ამ როუტერზე მუშაობას ჩემი კლასელისგან ვსწავლობ, რომელსაც აქვს უფრო დიდი მასშტაბის დანადგარი და უკვე გაწაფულია ამ საქმეში. ჩვენი ტექნიკით შესაძლებელია როგორც საერო სუვენირების, ასევე რელიგიური დანიშნულების ნივთების წარმოება. ნებისმიერი სირთულის ფიგურას ვაკეთებთ, ყველაზე კარგი მასალა კი ბზის, პანტის, ცაცხვისა და წაბლის ხეა“, - ამბობს არქიმანდრიტი გაბრიელი.
სანამ ფიგურები ამოიკვეთება ჯერ ხის მასალა შესაბამსად მუშავდება, მხოლოდ ამის შემდეგ როუტერის საშუალებით ნივთების სასურველი დიზაინი მზადდება.
ამჟამად სამგანზომილებიანი როუტერით საშუალებით დაწყებულ წარმოებაში 4 ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაფართოებას ჯერჯერობით არ გეგმავენ, თუმცა ყველაფერი მათი ნაწარმის მიმართ მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირის გრანტით შეძენილი თანამედროვე ტექნიკა ციხისჯვრის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებული. ევროპულმა გრანტმა არქიმანდრიტ გაბრიელს საშუალება მისცა, ერთის მხრივ დამატებითი შემოსავალი მიეღო მონასტრისთვის, მეორეს მხრივ კი რამდენიმე ადამიანისთვის ახალი ხელობა ესწავლებინა და მათვისაც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ გადაექცია.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე