უეკლო მაყვლის პლანტაციის გაშენების და მოვლის ფინანსური მოდელი
2018 წლის დასაწყისისთვის საქართველოში მაყვლის სხვადასხვა ჯიშის პლანტაციების საერთო ფართობმა დაახლოებით 147 ჰექტარი, მთლინმა მოსავალმა კი 245 ტონა შეადგინა. მსგავსად სხვა კენკროვანი კულტურებისა, უეკლო მაყვლის პოპულარობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება.
ერთი ჰექტარი უეკლო მაყვლის პლანტაციის გაშენებისა და მოვლის (მაღალი დონის სტანდარტების დაცვით) ხარჯები პუნქტობრივად შემდეგნაირად გამოიყურება:
პირველი წლის პლანტაციის გაშენების ხარჯი, დაახლოებით 32,500 ლარია;
ყოველწლიური მოვლის ხარჯი 15,000 ლარი;„
პირველი წლის ჯამური ხარჯი : 32,500 (გაშენების ხარჯი) + 10,000 (ყოველწლიური მოვლის ხარჯის ნაწილი,მანამ სანამ ნერგები პირველ მოსავალს მოგვცემს) = 42,500.
პლანტაციის გაშენების ძირითადი ხარჯების ტიპებია:
ნიადაგის დამუშავება: ხარჯი , ჯამში 1100 ლარი
ნერგების შეძენა და დარგვა, ჯამური საშუალო ხარჯი - 23,000 ლარი. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, უეკლო მაყვლის ნერგებს შორის დაშორება დაახლოებით 1 მეტრი, ხოლო ნერგების რიგებს შორის 3 მერტი და 20 სანტიმეტრი უნდა იყოს. ანუ, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 3000 ნერგი ირგვება. ერთი ნერგის საშუალო ფასი 5 ლარია. შესაბამისად, ჰექტარზე ნერგების შეძენის ხარჯი დაახლოებით 15 000 ლარს შეადგენს.
ნერგების დარგვის ხარჯიც გასათვალისწინებელია: ნერგებისთის ორმოების მომზადება, მორწყვა, მულჩის(ნახერხის) შესყიდვა და სხვა. ამ სამუშაოებისთვის, მუშახელის ანაზღაურების გათვალისწინებით, ხარჯი დაახლოებით 8000 ლარს აღწევს.
ნერგების მოვლის ხარჯი, რომელიც ითვალისწინებს რიგთაშორის გათიბვას, სასუქებისა და პესტიციდების შეტანას და სხვას, ჯამში წლიურად 1900 ლარს აღწევს.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა: ხარჯი, საშუალოდ 5500 ლარი. ამ ხარჯში გაერთიანებულია უშუალოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის საჭირო მასალები და მუშახელის ხარჯი.
გაუთვალისწინებელი ხარჯები მაყვლის 1 ჰექტარი პლანტაციის გაშენებისას დაახლოებით 1000 ლარს ადგენს;
ყოველწლიური ხარჯი (გარდა პლანტაციის გაშენებისა) 15,000 ლარს აღწევს. ხარჯის ეს ნაწილი გულისხმობს მოსავლის აღების, გასხვლის, სარწყავი წყლის გადასახადის, პლანტაციის დაცვის, აგრონომის კონსულტაციის, ყუთების შეძენის და სხვა ყოველწლიურ ხარჯებს, რომლებიც ჯამში საშუალოდ 14,500 ლარია. ამას ემატება გაუთვალისწინებელი ხარჯები, დაახლოებით 500 ლარი.
ფინანსური მოგება პირველი ათი წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
როგორც გრაფიკზე ჩანს, უეკლო მაყვლის ნერგები პირველ მოსავალს მეორე წელს იძლევა, მაქსიმალურ მსხმოიარობას (საშუალოდ 8 ტონა ჰაქტარზე) მე-3 წელს აღწევს. უეკლო მაყვლის საბითუმო საშუალო სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 5 ლარია. პირველი (მეორე წელი) მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონა, შემდეგ კი დაახლოებით 8 ტონაა. შესაბამისად, როგორ გრაფიკის მოგების სვეტში ჩანს, ვითვლით მოგებას პირველი ათი წლის განმავლობაში: მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-2 წლიდან გადის, ხოლო მე-4 წლიდან პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს მიღებული მოგება.
საქართველოში მოყვანილ უეკლო მაყვლის ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალია აქვს ჩვენი რეგიონის, ახლო აღმოსავლეთის, ევროკავშირის ქვეყნებში.თუმცა, ამ კუთხით ჯერჯერობით მდგომარეობა არასახარბიელოა. ბოლო 10 წლის განმავლობაშიმაყვლის ექსპორტის წლიური საშუალო 1 ტონასაც ვერ აღწევს. ეს სხვა და სხვა მიზეზებით აიხსნება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კენკრაზე ორიენტირებული სამაცივრე მეურნეობის სიმწირე და მაყვლის მწარმოებელთა მცირე მაშტაბები, ანუ საქართველოში ფერმერებს ძირითადად მაყვლის მცირე, საშუალოდ ნახევარ ჰექტრამდე პლანტაციები აქვთ, ეს ფაქტი კი ადგილობრივ მწარმოებლებს ექსპორტიერებთან მოლაპარაკებებს ურთულებს, ვინაიდან ექსპორტიორები მსხვილ მიწოდებას ( საშუალოდ დღეში 1 ტონა) ითხოვენ.
ევროკავშირში ბიოლოგიურად სუფთა კენკროვან კულტურებზე მაღალი მსყიდველობითუნარიანი მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ამავე დროს, DCFTA საქართველოში მოყვანილ მაყვლის ექსპორტს ევროკავშირში ყოველგვარი გადასახადიდან ათავისუფლებს. წლიდან-წლამდე ქართველი ფერმერები სწავლობენ ევროკავშირის ბაზრის სპეციფიკურ მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოში მოყვანილი უეკლო მაყვლის ევროკავშირში ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას.