ფერმერებს გაუყიდავი მაყვალი უფუჭდებათ
მწარმოებლები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე სეზონზე ფერმერებს უეკლო მაყვლის გაყიდვა გაუჭირდათ. მათი მოლოდინი, რომ მოსავალი წელს ექსპორტზე გავიდოდა, არ გამართლდა. მაყვალი მხოლოდ მცირე მოცულობით გაიტანეს რუსეთში, დიდი ნაწილი კი ადგილობრივი ბაზრისთვის ჭარბი აღმოჩნდა, რამაც ფასის ვარდნა გამოიწვია. ფერმერებს ბაღიდან კილოგრამის გაყიდვა მაქსიმუმ 2 ლარად უწევდათ. სეზონის პიკზე კი კახეთში კილოგრამი მაყვლის საბითუმო ფასი 1-1,5 ლარამდეც დაეცა. ზოგიერთმა ფერმერმა კენკრა ბაღში დატოვა, რადგან მის მოკრეფას დამატებითი ხარჯი სჭირდებოდა, ამიტომ მოსავალი ბაღში დალპა. წლევანდელ სეზონზე მიღებული ზარალის გამო ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, მაყვალი სხვა კულტურით ჩაანაცვლოს ან სოფლის მეურნეობაზე ხელი აიღოს.
„წლევანდელი მოსავალი თითქმის მთლიანად ბაღში დალპა. ადგილობრივი ბაზარი გაჯერებული იყო, ამიტომ დისტრიბუტორებმა მაყვალი აღარ წაიღეს. კენკრას არც გადამამუშავებელი საწარმოები იბარებდნენ. ერთი ქარხანა არ დამიტოვებია, ყველას დავუკავშირდი, მაგრამ უარი თქვეს. რომ ნახეს, მოსავლის სიჭარბე იყო, კილოგრამი ერთ ლარად უნდოდათ, რაც ძალიან დაბალი ფასია. კილოგრამის მოყვანა, დაკრეფის ხარჯის ჩათვლით, ლარზე ცოტა მეტი ჯდება. ჩვენ ბოლოს იძულებული გავხდით და მოსავლის ნაწილი ლარად გავყიდეთ. ახლა გვირჩევნია ნარგავზე დარჩეს ნაყოფი, რადგან მოკრეფაც ძვირი გვიჯდება. ისე გამოდის, რომ ჯიბიდან ვიღებთ ფულს, ვხარჯავთ და მოგების მიღების ნაცვლად, ვზარალდებით.
რამდენიმე ექსპორტიორს დავუკავშირდი, მაგრამ ისინი დიდ რაოდენობას ითხოვენ- 5-10 ტონას. ეს რაოდენობა რომ მოვაგროვოთ, სად შევინახოთ? არც იმდენი კენკრა გვაქვს, რომ სამაცივრე საწარმოს შევსება ერთბაშად მოხდეს. უნდა მოხდეს დაგროვება და მერე გატანა. ველისციხეში სამაცივრე მეურნეობა ატმით იყო გადავსებული. ამ სამაცივრე საწარმომ ადგილი რომ გამოყოს, მაყვალს ატამთან ან სხვა პროდუქტთან მაინც ვერ შევინახავთ, რადგან ყველა პროდუქტს თავისი შენახვის ტემპერატურა აქვს. როდესაც ჩვენ ვაშენებდით ბაღს, იყო დაპირება, რომ რეგიონებში სამაცივრე მეურნეობები გაკეთდებოდა. სად არის? არც მაცივარია, არც კოორდინაცია არ არსებობს, მოსავლის ორგანიზება არ ხდება. ვურეკავ ფერმერებს, რომ გავაერთიანოთ მოსავალი, მაგრამ არაფერი გამოდის. წავიდე მაგალითად, გორის რაიონში და ჩამოვიარო ფერმერები?მოსავლის ასე შეგროვებას როგორ შევძლებთ? სამაცივრე მეურნეობა იმდენად ძვირი ჯდება, რომ საკუთარი სახსრებით ფერმერი ვერ გააკეთებს. ჩვენთან სოფლის მეურნეობის სფეროში დაკავებულ ადამიანს ამის რესურსი არ აქვს. თანადაფინანსებას, სადაც სახელმწიფოს წილი სულ რაღაც 20% იქნება, აზრი არ აქვს. ამ თანხის გადახდასაც ვერ შეძლებს ფერმერი.
ვთქვათ, მაყვალი გასაყიდად თბილისში წავიღე, რომელ სუპერმარკეტში შევიტანო? იმხელაა გადასახადი, ვერ გავწვდებით. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს- სადაც ჩვენი ნაკვეთია, ელექტროენერგია არ არის. 6 მეწარმეს გვინდა დავწეროთ განცხადება, რომ დენი შემოიყვანონ. ახალი წესებით, დენი ჯერ უნდა მიიყვანოს პირველ აბონენტთან, რისთვისაც კომპანიას 4-თვიანი ვადა აქვს, შემდეგ მეორესთან და ასე შემდეგ. გამოდის, რომ ჩემამდე 2 წლის მერე მოვლენ. ამ მხრივ მაინც იყოს მთავრობის მხარდაჭერა, რომ სწრაფად გაკეთდეს, იქნებ როგორმე სამაცივრე გავაკეთოთ. ამ სფეროში ბევრმა ქალმა მოიყარა თავი. იქნებ მთავრობას ის მაინც ეფიქრა, რომ ქალების ამხელა შრომა წყალში არ ჩაყრილიყო.
ჩემი შრომა მენანება, მაგრამ თუ გამოსავალი ვერ მოვძებნე, ამ მაყვლის მოყვანას თავს დავანებებ”, - ამბობს მარინა იაშვილი, რომელსაც მაყვლის ბაღი 2 ჰექტარზე ნაფარეულში აქვს გაშენებული.
„წელს გაგვიჭირდა მაყვლის გაყიდვა. რამდენიმე მეწარმემ კახეთიდან ექსპორტზე გავიტანეთ რუსეთში, უმაღლესი ხარისხის მაყვალი, კილოგრამი 6 ლარად, მაგრამ მცირე მოცულობით. დანარჩენი ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ. წელს ზოგს მაყვალი გადასაყრელი გაუხდა. მე გადავრჩი, მაგრამ ძალიან იაფად გავყიდე. ყვარელში წვენების ქარხანა იბარებდა კენკრას, მაგრამ 1-1,5 ლარს იხდიან კილოგრამში. გადარჩეულში- 80 თეთრს. შარშან უფრო კარგი ფასი იყო. კილოგრამის ფასი 2,50-2,80 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა.
სადმე რომ იყოს კენკრის შესანახი ადგილი, მივიტანდი, გადავიხდიდი თანხას და შემინახავდა. ვფიქრობთ, რამდენიმე ფერმერმა იქნებ საერთო სამაცივრე მანქანა ვიყიდოთ, იმის შიში, რომ არ გვქონდეს, რომ მაყვალს მალევე თუ ვერ ჩავიტანთ თბილისში, გაგვიფუჭდება. გვინდა, სადმე რომ შევინახოთ და მერე, როცა კლიენტი გამოჩნდება, გავიტანოთ”,- ამბობს ნანა ყანდაურიშვილი, ფერმერი ყვარლიდან.
კახეთში უეკლო მაყვალი თითქმის მოილია. ახლა მოსავალს ქართლში იღებენ. რადგან მოსავლის პიკურმა პერიოდმა გაიარა, ქართლში მაყვალზე მოთხოვნა ბოლო რამდენიმე დღეა გაიზარდა. თუმცა, ქართლელი ფერმერები დაბალ ფასებს უჩივიან.
„ჩემ საქმიანობაზე გული ამიცრუვდა. ის ცუდის მოლოდინი, რაც მქონდა, გამართლდა. ვიცოდი, რომ წელს ბევრი მაყვალი იქნებოდა და გაყიდვა გამიჭირდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მაყვალი ძნელად იყიდება. მაყვლის ბაღი უკვე ბევრია ქართლშიც. ერთ-ერთ ფერმერს 15 ჰექტარზე აქვს გაშენებული. უმეტესად ისეთი მყიდველი მოდის, ვისაც პროდუქტი ძალიან იაფად უნდა. კილოგრამში 2 ლარს იხდიან. ამ დროს, 70 თეთრი მოკრიფა მიჯდება. შარშან კილოგრამზე 3 ლარის მოგება მრჩებოდა. წელს მოგება სულ რაღაც 50 თეთრია. წელს მაყვალს აღარ იბარებს აგარის სამაცივრე მეურნეობა. „კულას” ქარხანამაც უარი თქვა, რადგან საკუთარი ბაღები გააშენა. 2020 წელს უარესი სიტუაცია იქნება, რადგან მომავალ წელს მსხმოიარობაში უფრო მეტი ახალი ბაღი შევა”,- ამბობს გიორგი კიკნაძე, რომელსაც მაყვალი უფლისციხეში მოჰყავს.
უეკლო მაყვალი წელს ვერც ექსპორტზე გავიდა. საქართველოში მაყვალი იმ დროს შემოვიდა, როცა მოსავლის დაკრეფა სხვა დიდ მწარმოებელ ქვეყნებში დაიწყეს. შესაბამისად ექსპორტიორებისთვის მაყვლის მსოფლიო ბაზარზე გატანა არამომგებიანი გახდა და მათ ფერმერებისგან კენკრა მხოლოდ მცირე რაოდენობით შეისყიდეს. გარდა ამისა, ექსპორტიორებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა სხვა პრობლემებმაც შეუშალა ხელი.
„ჩვენთან მაყვლის სეზონი ემთხვევა მოსავლის პერიოდს მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში. ისეთი გიგანტების არიან უკვე ბაზარზე, რომ მათთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია. სერბეთს, მაგალითად, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, ისე აქვს დალაგებული, ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ. ასეა სხვა ქვეყნებშიც. მათთან კონკურენციაში შესვლა რომ გაბედო, პროდუქტი ძალიან იაფად უნდა გქონდეს ნაყიდი და ის, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. ამ დროს, ფერმერს ნაყოფის გადარჩევა და დახარისხება არ უნდა. რატომ გავარჩიო, მაინც ვყიდიო, - ფერმერები ასე გვეუბნებიან. ადგილობრივ ფერმერებთან ძალიან რთულია მუშაობა. მალე უნდა რომ გაყიდოს და თან არ უნდა დაიღალოს”,- ამბობს ეკა ვეფხვაძე, .
ფერმერები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ხელშეწყობას დაპირდა, მაგრამ შემდეგ პრობლემების წინაშე ისინი მარტო დატოვა.
„შექმნილ სიტუაციაში ვადანაშაულებ ხელისუფლებას. როცა სახელმწიფო პროექტს იწყებენ, ის პიარდება, მოსახლეობას არწმუნებენ, რომ კარგია. შემდეგ ირკვევა, რომ ეს პროექტი კონტექსტიდან ამოვარდნილია და გათვლას წარმოების სრულ ციკლზე არ აკეთებენ. ასეთი აჟიოტაჟის ფონზე მოხდა კენკრის ბაღების გაშენებაც და მთავრობის მუშაობა ამით დამთავრდა. ადამიანები, ვინც ბაღები გააშენა, უამრავი პრობლემის წინაშე მარტო დარჩნენ.
კი ბატონო, მთავრობა ბაღების გაშენებაში დაგვეხმარა, მაგრამ ახლა რა ხდება? ეს ბაღები რისთვის გაკეთდა?მთავრობის წარმომადგენლებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ზედაპირული რჩევებს გვაძლევენ, რომელიც არაფრის მომცემია. ვინც იტყვის, რომ კარგად აქვს მდგომარეობა, ნამდვილად ცრუობს. ასე ალბათ იმიტომ ამბობენ, რომ ხელისუფლებას რ აწყენინონ. რეალობა კი როგორიც არის, ამაზე გაყიდვები და ფასები მეტყველებს”,- ამბობს მარინა იაშვილი.
„დანერგე მომავალის” ფარგლებში კი დაგვაფინანსეს, მაგრამ მოწეულ ნაყოფს ხომ უნდა მოვლა და პატრონობა? ასე შუა გზაზე ხომ არ უნდა მიგვატოვონ. სერიოზული პრობლემები გვაქვს. რა ვქნათ, არ ვიცი. ასე მუშაობა შეუძლებელია”, -ამბობს ნანა ქანდაურიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ კენკრის მოყვანა ბიზნესია, რომელის განვითარებაზე მწარმოებელმა უნდა იზრუნოს და გასაღების ბაზარი თვითონ უნდა მოიძიოს. უფრო დეტალურად, რას პასუხობენ მთავრობის წარმომადგენლები ფერმერებს და აპირებენ თუ არა მათ დახმარებას, ამის შესახებ მომდევნო სტატიაში მოგიყვებით.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.