საჯარო მოხელეებო, გამოდით კაბინეტებიდან!
უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით. სოფლის „ბირჟაზე“ დიდი ცაცხვის ქვეშ (რომელსაც უკვე ყვავილობა დასრულებული ჰქონდა) ჰა და ჰა ოცი ადამიანი დაგვხვდა.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გურიაში ღია შეხვედრებზე დაგვპატიჟა. ამ შეხვედრების დროს ადგილობრივების პრობლემების იდენტიფიცირება უნდა მოგვეხდინა. ასევე მათთვის უნდა გვეჩვენებინა რომ, არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მტრები ნამდვილად არ არიან.
ყოველდღიურ ტანსაცმლში გამოწყობილები და შუადღის მზით ოდნავ შეწუხებულები შევეფარეთ დიდი ცაცხვის ჩრდილს. მცირე უხერხული პაუზის შემდეგ გურულები თავიანთ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. როგორც აღმოჩნდა, წინა მთავრობის მიერ დაწყებული გაზიფიცირების დაჩქარებული ტემპების დროს ერთი უბანი ფაცი-ფუცში მთლად გამორჩენოდათ. თუმცა არც ახლანდელ ხელისფლებას გამოედო თავი და 4 წელი ისე გაფრინდა, რომ მაჩხვარეთის მკვიდრი რამდენიმე ოჯახი ძალიან ახლოს გამავალ ბუნებრივი აირის მაგისტრალურ გაზსადენს ყოველდღე იმედით უმზერდა, მაგრამ მისგან ვერაფერი იხეირა. მათთვის დრამატული კი ის იყო, რომ საარჩევნოდაც კი არავინ აპირებდა მათ გაზქურებში გაზის ანთებას. „შვიდი ოჯახი - ოცდაათი ხმა, ამიტომ თავს არავინ შეიწუხებს“, სიმწრით ხუმრობდნენ ენაკვიმატი გურულები.
ბუნებრივი აირის პრობლემას, უმუშევრობაც დაამატეს და „დაიმუქრნენ“ არჩევნებზეც არ წავალთო. ვურჩიეთ, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ, არამედ დეპუტატობის კანდიდატებისთვის მათ წინაშე მდგარი პრობლემები გაეცნოთ და ვისაც უფრო მეტად მიიჩნევდნენ შესაბამის კანდიდატურად, მხარიც იმისთვის დაეჭირათ. მათი მოთხოვნები საბოლოო ჯამში ეკონუმიკურ კეთილდღეობამდე დადიოდა. ამ შემთხვავაში კი მე არ გავუშვი შანსი ხელიდან და ველაპარაკე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ევროპაში საბაჟო და სატარიფო ბარიერების გარეშე ვაჭრობის უპირატესობაზე, ევროკავშირის მარავალმილიონიან და სახელმწიფოს დახმარების პროგრამებზეც, ამ კონტექსტში გურიის შესაძლებლობებსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე. ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ეუცხოვათ.
ყველაზე მეტი ინტერესი ევროინტეგრაციის პროცესებზე ქალებმა გამოხატეს, ერთი განსაკუთრებულად აქტიურობდა. კოოპერატივის შექმნის იდეაც მოეწონა; აინტერესებდა, ბიზნესის განვითარების და დახმარების პროგრამებზე ვისთვის უნდა მიემართა და რა ნიშურ პროდუქტებზე იყო მოთხოვნა ევროკავშირში. არც ფერმერთა საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. ეს ქალი კი ყველაზე ინფორმირებული იყო იმ ოც ადამიანს შორის. გამოითქვა მოსაზრება, რომ თვითმართველობის არჩევნებზე სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე ამ აქტიური ქალბატონისთვის დაეჭირათ მხარი, რადგან ადგილზე არსებულ პრობლემებს კარგად იცნობდა და შესაბამისად ამ სოფლის კეთილდღეობაზე გულიც შესტკიოდა. ეს იდეა „ბირჟაზე“ შეკრებილებს თავდაპირველად ძალიან მოეწონათ, მაგრამ მომავლისადმი უიმედობა ერთ პესიმისტურ ხუმრობაში გამოხატეს: „სანამ შენ გაძღები თანამდებობაზე ყოფნის დროს მარინა, ჩვენ კი ამოგგვხვდება ამასობაში სული!“
ლანჩხუთი-ბათუმის ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფელ მაჩხვარეთამდე ასფალტის გზატკეცილი მიდის, ათასშვიდას (1.7 კმ) მეტრს ავტომობილი 4 წუთში ფარავს. პრაქტიკულად იმის შანსიც არ არსებობს, რომ თუნდაც წვიმაში და ცუდ ამინდში საგულდაგულოდ გაპრიალებული ფეხსაცმელი დაგესვაროს. ამ მოცემულობის არსებობის დროს კი ძალიან გაუგებარია, რატომ არ ხვდებიან საჯარო მოხელეები ამ უიმედო და არაინფორმირებულ ადამიანებს, რატომ არ ავრცელებენ სოფელ-სოფელ ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას? რატომ არ თავაზობენ პრობლემების დროულად გადაჭრის გზებს? რატომ არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ხელფასს იღებენ?
საჯარო მოხელეეებო, დროა, გამოხვიდეთ კაბინეტებიდან, კი არ უნდა დაგვთვალოთ, მაგისთვის ვის სცხელა, თანაც ძალიან ბევრნი ხართ, სახელმწიფოს სერვისების და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია დაიზეპირეთ და მუდმივ რეჟიმში ხალხს გადაეცით. თუ დაგცხებათ ან გაწვიმდება ცაცხვის ან ნებისმიერ ხეს შეეფარეთ და კლიმატის ცვლილების პირველივე გამოვლინებაზე ნუ გაეშურებით ხალხის ფულით ნაყიდი ძვირადღირებული მანქანებისკენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გვქონდა ცდუნება, რომ 8 ივლისს ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში არ გაგვევლო და ბათუმიდან პირდაპირ თბილისისკენ წამოვსულიყავით. დილიდანვე წვიმდა ბათუმში, ჩვეულ სტილში თავსხმა წვიმა იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩაქვში საშიშ წყალმოვარდნაში მოვყევით. კოორდინატორებმა რამდენჯერმე დარეკეს თუ ხალხი არ შეიკრიბებოდა, ჩვენც უპრობლემოდ გავაგრძელებდით გზას დედაქალაქისკენ. საოცარი ის იყო, რომ გურულები, წვიმის მიუხედავად, დაშლას არ აპირებდნენ. გულის სიღრმეში გაგვიხარდა კიდეც ეს ამბავი.
სამი სოფლის ხალხი დაგვხვდა ჯურუყვეთში, ბევრად მეტი ვიდრე მაჩხვარეთში. ბუნებრივია, წვიმაში ვერაფერზე ვისაუბრებდით, ამიტომაც, ერთ-ერთ სახლში შეგვიპატიჟეს და მთელი შეხვედრა „ზალაში“ გაიმართა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ავადსახსენებელი ოთხმოცდაათიანი წლების სამხრეთამერიკული ტელესერიალების ცქერის ჯგუფურ სეანსებს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ტელევიზორი გამორთული იყო და პერსონაჟები ჩვენ ვიყავით:მიხეილ ბენიძე ISFED, ნინო ევგენიძე EPRC, თამთა მიქელაძე EMC, ლინა ღვინიანიძე EMC, ეკა გიგაური TI, თემურ ოვჩიევი TI, თამარ კინწურაშვილი MDF, გიორგი ხიმშიაშვილი GYLA, ეკა იმერლიშვილი ACCESS, მანანა ტატიშვილი ACCESS და მე ზურა მოდებაძე www.eugeorgi.info - დან.
„ოქროს კოშკები“ არ აგვიშენებია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ დედაქალაქში აკუმულირებული ინფორმაცია მათთვის მარტივი და გასაგები ენით მოგვეყოლა. რაც შეგვეძლო დავიხარჯეთ. ბოლოს მე ისევ წარმოებაზე და ეკონომიკაზე გავაკეთე აქცენტები, მაჩხვარეთზე მეტი მოტივაცია აქ მქონდა, აუდიტორიაც უფრო ფართო იყო და კიდევ უფრო დაწვრილებით მოვყევი ევროპული პერსპექტივის შესახებ. მეტის მოყოლოსაც ვაპირებდი, მაგრამ გურულები აიმრიზნენ. „თუ ფული არ გაქვს, მაგ ყველაფერს ვერ გააკეთებ ძამა!“, - თქვა ერთ-ერთმა. „მასეა, მასე!“, - დაეთანხამა უკლებლივ ყველა.
ცხადია, არ ვაპირებდი ამ ხალხის უიმედოდ დატოვებას, ამიტომ ვიკითხე ასე რატომ ფიქრობდნენ. აი, მაშინ კი პრობლემები ნამდვილი წვიმასავეთ წამოვიდა. სასმელი წყალი, დასაქმება, სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირე, ხალხის სარგებლობაში არსებული მიწებისთვის სახელმწიფოს მიერ სტატუსის შეცვლა და სახელმწიფო მიწებად დარეგისტრირება, მწირი ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესებზე და სახელმწიფოს დახმარების პროგრამებზე. გულულებმა ტყეების მართვის სახელმწიფო პოლიტიკაც კი მიწასთან გაასწორეს. აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ბარიერების გამო საკუთარ ეზოში მოჭრილი ხის დახერხვასაც კი ვერ ახერხებენ და ნებართვის ასაღებად მინიმუმ ორ მუნიციპალიტეტში უწევთ ჩასვლა.
ადამიანი რომელმაც პირველად გამოთქვა უკმაყოფილება და სკეპტიკური იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების გამოყენების მიმართ, კოოპერატივის დამუძნებელი აღმოჩნდა. „საკმაო ხანია მეფუტკრეობის კოოპერატივი შევქმენი, მეგონა სახელმწიფოს ხელშეწყობით განვვითარდებოდით, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე, ტყუილია ყველაფერი, ჯობდა მონობლოკებს რომ არიგებდნენ, ის ამეღო, შემრჩებოდა მაინც და უფრო მეტ სარგებელს ვნახავდი“, - ამბობდა განაწყენებული მეფუტკრე.
ჯურუყვეთს დიდხანს შევრჩით, საუბრებს შევყევით, ხალხი ინფორმაციას აშკარად მოწყურებული იყო. რა თქმა უნდა, ეროვნული ტელევიზიები ამ სოფელში უპრობლემოდ მაუწყებლობენ და, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ თუ მოინდომებენ ინფორმაციის დანაკლისს ადვილად შეივსებენ. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს, მით უფრო იმიტომ, რომ ჯურუყვეთში სანდოობის მხრივ მედიას ძალიან მკაცრად აკრიტიკებენ. არც არასამთავრობოებზე იყვნენ მაღალი წარმოდგენის. ერთი მოხუცი კაცი, რომელიც, ჩანდა, რომ თანასოფლელებისთვის “ავტორიტეტი” იყო, “ენჯეოების” ძირითად “ბრალდებად” „კატეგორიულობა“-ს ასახელებდა.
წინასაარჩევნო პერიოდის მოკლე დროში პოლიტიკური პარტიები ამ ხალხს ზედმეტი ყურადღებით თავს ნამდვილად მოაბეზრებენ. ჰიპოთეტურად „წითელ ხალიჩებსაც“ დაუფენენ საარჩევნო უბნებისკენ მიმავალ გზებზე. სამწუხარო კი ის იქნება, შემდეგი ოთხი წელი პოლიტიკოსებს მხოლოდ ტელევიზორში თუ ნახავენ ან მოქალაქეთა მისაღების გრძელ რიგში უიმედოდ დაელოდებიან.