ნაზის სასტუმრო - პირველი საოჯახო სასტუმრო პანკისში
საქართველოს ულამაზესი კუთხე პანკისი, როგორც საქართველოს ძალიან ბევრი კუთხე სახელმწიფოსგან იგნორირებულია, არაა გზები, მოსახლეობას ხშირად არ აქვს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ხშირია სასმელი წყლის პრობლემაც. ლაპარაკი ზედმეტია კავშირგაბმულობასა და ინტერნეტზე. რეგიონს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საშიში და კონფლიქტური გონია. თუმცა იქაურების თქმით, კრიმინალი უიშვიათესი შემთხვევაა. ნაზი დაქიშვილი, რომელმაც პირველმა გარისკა და გააკეთა საოჯახო სასტუმრო „ნაზის სასტუმრო“, ამბობს, რომ სახლის კარსაც კი არ კეტავენ, იმდენად კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
პანკისში, სადაც უდიდესი ტურისტული პოტენციალია, და მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებული, ბევრი უცხოელი ტურისტი ჩადის. 28 წლის ნაზიმ კი გადაწვიტა რაღაც მაინც გაეკეთებინა თავისი კუთხისთვის, თბილისში სამსაური მიატოვა და სოფელ ჯოყოლოში, სადაც 200 კომლი ცხოვრობს, გადაწვიტა სასტუმროს გაკეთება.
„ნაზის სასტუმრომ“ ოთხი წლის წინ დაიწყო სტუმრების მიღება. სოფელ ჯოყოლოში მეორე სასტუმრო, რომელსაც ლეილა აჭიაშვილი დიასახლისობს, ორი წელია იღებს სტუმრებს და უგემრიელესი ქისტური სამზარეულოთი უმასპინძლდება, სამზარეულოში გამორჩეული ქისტური, ჰაეროვანი და გემრიელი ხალვაა. მესამე სასტუმრო დუისშია. ეს სამი საოჯახო სასტუმრო მასპინძლობს ტურისტებს.
ნაზი გვიყვება, რომ თავიდან ახლობლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. თბილისიდან ჩამოვიდა, დატოვა სამსახური მერიაში და გადაწვიტა თავისი კუთხისთვის რაღაც გაეკეთებინა. „2008 წლიდან 2013 წლამდე ბევრი ტურისტი არ გვყოლია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ იყო არსად. მერე გადავწვიტე საიტი გამეკეთებინა, ბუკლეტებიც დავამზადე. ნელ-ნელა ვცდილობთ პანკისი წამოვწიოთ.“
ნაზის სასტუმროს ერთდროულად შეუძლია 12 სტუმარი მიიღოს, სტუმრებს კეთილმოწყობილ ორ-სამ ადგილიან ნომრებს სთავაზობს, ასევე სთავაზობს საცხენოსნო ტურებს. მომავალში ველოტურების გაკეთებასაც აპირებს, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვასაც. გეგმავს თავის ეზოში მოყვანილი კენკრის მურაბის დაფასოებას და ტურისტებს შეეძლებათ მისი დაგემოვნება, ანდა სუვენირად შეძენა. გადაწვეტილი აქვს მომავალში, ეზოში გარე სამზარეულოს გაკეთება, სადაც ტურისტებს თავად შეეძლებათ ხინკლის მოხვევა, ხაჭაპურის გამოცხობა, მწვადის შეწვა და ა.შ.
„ორი წელი ვმუშაობდი მერიაში, მაგრამ აქ ჩამოვედი,“ - გვიყვება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნაზი დაქიშვილი, - „სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ სასტუმროები გაეხსნათ, დაინახეს, რომ პანკისსაც აქვს მომავალი. ადამიანებს სტიმული სჭირდებათ, კარგი მაგალითები“, - დარწმუნებულია ნაზი და გვიყვება, რომ რამდენიმემ პროგრამა „აწარმოე საქართველიში“ ფარგლებში დაიწყო ინტერნეტ-კაფის გაკეთება, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. ერთ-ერთმა კი გადაწვიტა ჩაის სახლის გაკეთება, სადაც ახალგაზრდობას შეეძლება გაერთოს და ჩაი მიირთვას.
წლების წინ ნაზის სასტუმროს წელიწადში 5-8 სტუმარი ყავდა, შანშან 210 ტურისტი სტუმრობდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ორივე საოჯახო სასტუმროს ძირითადი სტუმრები საზღვარგარეთის მოქალაქეები არიან: გერმანიიდან, ინლისიდან, ჰოლანდიიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან და ა.შ. თუმცა ქართველები უიშვიათესად სტუმრობენ პანკისს.
„სტუმრები დეკემბრამდე გვყავს, ზამთარში არც არაფერია სანახავი, გათბობაც არ გვაქვს რომ სტუმრები მივიღოთ, ერთ წყვილს ახალი წლის აღნიშვნა უნდოდა, მაგრამ გათბობის არ ქონის გამო, ვერ მივიღეთ,“ - გვიყვება ნაზი და ქისტურ ტრადიციების ხიბლზეც გვიამბობს, უცხოელებს მოსწონთ, როცა ადგილობრივ ტრადიციებს ემორჩილებიან, მაგალითად, სასტუმროში, სტუმარი ვერ შევა, თუკი ფეხზე არ გაიხადა, ეს ქისტური ადათ-წესების ნაწილია. სტუმარს არც სველ წერტილებში შეუძლიათ ფეხსაცმლით შესვლა, ასე, რომ თუკი გადაწყვეტთ იმოგზაუროთ პანკისისკენ, ფეხზე მოხერხებული ფეხსაცმელი ჩაიცვით, რომ არ შეურაცხყოთ იქაურები, პატივი სცეთ მათ ტრადიციას და თქვენც კომფორტულად იგრძნოთ თავი.
ჯოყოლოში ორი მეჩეთია, ერთი კი 1888 წელს აგებული წმინდა გიორგის ეკლესიაა. ხადორში კი ულამაზესი ჩანჩქერი ჩამოედინება.
პანკისის ულამაზეს ხეობაში ტურიზმის განვითარება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია, მათი ტრადიციები, ისტორია, სამზარეულო, კულტურა ბევრი ტურისტისთვის საინტერესოა. ასევე საინტერესოა თუშეთის დაცული ტერიტორიები და ბაწარას ნაკრძალი. ყველაფერი ეს შეიძლება ეკოტურისტების ინტერესის სფერო იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, არც მარკირებულია გზები, არც საინფორმაციო დაფებია განთავსებული, რომ ტურისტი არ დაიკარდოს, არც გზებია მოწყობილი, არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული.
„ნაზის სასტუმრო“ კი სტიმულია, რომ პანკისში ტურიზმი განვითარდეს და გაცილებით მეტი სტუმარი მიიღოს.