Facebook-ს დატა ცენტრის მშენებლობა დანიაში 100 მლნ დოლარი დაუჯდება, რა შანსი აქვს საქართველოს მსგავსი გიგანტების მოსაზიდად
სოციალური ქსელი Facebook ახალი დატა ცენტრის მშენებლობას დანიის ქალაქ ოდენსში გეგმავს. ახალი ცენტრი კალიფორნიული გიგანტისთვის მესამე იქნება, რომელსაც აშშ-ის გარეთ დააფუძნებს.
„ოდენსის დატა ცენტრი იქნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ენერგოეფექტური მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა Facebook -ს დატა ცენტრების ოპერაციების დირექტორმა, ნაიალ მაკენტეგარტმა.
Facebook-ს ცენტრებს ევროპაში შვედეთში (ლულეა) და ირლანდიაში (ქლონი) ფლობს. ახალი ობიექტი დანიის სიდიდით მესამე ქალაქში აშენდება, ის ცნობილი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის მშობლიური ქალაქია. როგორც მაკენტეგარტმა განაცხადა, დატა ცენტრი ექსკლუზიურად მხოლოდ განახლებადი ენერგიით მომარაგდება, გარდა ამისა, ქვეყნის ცივი კლიმატი ხელს შეუწყობს სერვერებს გაგრილებაში და კონდიციონერებს ჩაანაცვლებს.
Facebook -ს ახალი ობიექტის მშენებლობა 100 მილიონზე მეტი დოლარი დაუჯდება და 150 სამუშაო ადგილს შექმნის.
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ნახევარი კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი ოდენსში გასულ წელს შეისყიდა, თუმცა, მიზანს დღემდე არ ახმაურებდა.
დანიის ენერგეტიკის მინისტრმა, ლარს ლოლეჰოლტმა განაცხადა, რომ Facebook -ის გადაწყვეტილება დანიის სიძლიერის აღიარებაა.
„ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული სისტემა გვაქვს, რომელიც დიდი მოცულობით მწვანე ენერგიას მოიცავს, მიწოდების მაღალი უსაფრთხოება, კარგი ბოჭკოვანი კავშირგაბმულობა და კონკურენტული ფასები ენერგიაზე“, - აღნიშნა ლილეჰოლტმა.
აღსანიშნავია, რომ დანიაში კიდევ ერთმა ამერიკულმა გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple -მა თავისი დატა ცენტრი 2015 წელს განათავსა. Facebook-ის ცენტრი კი ოპერირებას ქვეყანაში 2020 წლისთვის დაიწყებს.
რამდენად საინტერესოა საქართველო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად, მუშაობს თუ არა მთავრობა მათ მოსაზიდად, ამის გასარკვევად eugeorgia.info ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კაციტაძემ განაცხადა, დატა ცენტრების განთავსების კუთხით საქართველო საინტერესო ქვეყანაა:
„ჩვენთან იაფი ელექტროენერგიაა, იაფი მუშხელია, ბიზნესის დაწყება მარტივია და, ზოგადად, ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ გაატარა, არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ფიქრისა, რომ ასეთი კომპანიები დავაინტერესოთ“, - განაცხადა ავთანდილ კაციტაძემ.
მისი თქმით, დატა ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია ინტერნეტის ხარისხიც, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობის ინიცირებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პროგრამის განხორციელება.
„ეს კიდევ დამატებით საფუძველს მოგვცემს, რომ ეს კომპანიები დავაინტერესოთ. რათა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც იყოს შესაძლებელი მსგავსი დატა ცენტრების მშენებლობა, მაგალითად, მესტიაში, დატა ცენტრებს ფუნქციონირებისთვის ხომ ცივი ჰავა ესაჭიროებათ“, - აღნიშნა ავთანდილ კაციტაძემ.
მისი თქმით, დანიასთან შედარებით, საქართველოში ენერგიის ღირებულება საკმაოდ დაბალია.
„რაც შეეხება განახლებად ენერგიას, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორებისთვის. ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე უკვე მუშაობენ კვლევითი ინსტიტუტები, რათა ამ მიმართულებით ბიზნესს ინოვაციური პროექტები შესთავაზონ. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კვლევით სტადიაზეა, მას სჭირდება ვერიფიკაცია. უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების გადაცემის ეროვნული ცენტრის შექმნას. ცენტრი მათ ტექნიკური დახმარების გარდა, ფინანსურ მხარდაჭერასაც აღმოუჩენს, მათ შორის, ვერიფიკაციის პროცესშიც“, - განაცხადა ავთანდილ კაციტაძემ.
რაც შეეხება უცხოური კომპანიების მოზიდვას, მისი თქმით, პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაცია მთავრობას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს, თუმცა, მაღალჩინოსანს კონკრეტული კომპანია არ დაუსახელებია.
„აშშ-ში იგეგმება გარკვეული ღონისძიებები: „სტარტაპ საქართველოს პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების იმ მცირე ნაწილს, რომელიც მზად არის, ამერიკული დაფინანსება მოიპოვოს, სილიკონ ველში დამატებითი ტრენინგი და მენტორშიფი ჩაუტარდება. ამავე დროს, ისინი წარსდგებიან ინვესტორთა ფართო წრის წინაშე დაფინანსების მოსაპოვებლად. ამ ღონისძიებაში საქართველოს მთავრობაც იქნება წარმოდგენილი, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე, იმ ეკონომიკურ ბენეფიტებზე, რასაც მოიტანს საქართველოში კომპანიის დაარსება და ინვესტიციის განხორციელება, რათა მაღალი დონის ინვესტორები დავაინტერესოთ“, - განაცხადა ავთანდილ კაციტაძემ.