ქართული კომპანია ვარდის ფურცლებს გერმანიაში ექსპორტზე გაიტანს
კომპანია „კახეთი ბიო“ წნორში წელს 10 ჰა-ზე ვარდის პლანტაციის გაშენებას გეგმავს.
ბიომეურნეობამ „გალიკას“ ჯიშის ვარდის კალმებისგან ჩითილების გამოყვანა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, დაახლოებით, ორ თვეში კი ნერგებს უკვე ღია გრუნტში გადაიტანს.
„წელს, მაისში პლანტაცია, ალბათ, პირველ ნიშანს მოგვცემს, სამი წლის შემდეგ კი უკვე სრულ მოსავალს მივიღებთ, სავარაუდოდ, 1 ჰა-ზე 4-5 ტონა ფურცლებს ველოდებით. ფურცლებს გავაშრობთ და ექსპორტზე გავუშვებთ ევროპაში, წინასწარი შეკვეთები გერმანიიდან უკვე მივიღეთ“, - განუცხადა კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, ალექსანდრე კურტანიძემ eugeorgia.info -ს.
მისი თქმით, გამშრალ ვარდის ფურცლებს უცხოეთში კოსმეტიკური დანიშნულებით და ჩაის დანამატად იყენებენ, ვარდის ფურცლების გარდა, ექსპორტზე ქართული კომპანია სხვა მცენარეებსაც გაიტანს, მათ შორის, პიტნას, ღიღილოს, ტარხუნას, ფურისულასა და ბაბუაწვერას. .აღნიშნული კულტურები “კახეთი ბიომ” 3 ჰა-ზე გააშენა და მეურნეობის გაფართოებას 10 ჰა-მდე აპირებს.
„ამ ეტაპზე ვარდის ფურცლების შრობაზე გვაქვს აქცენტი, თუმცა, როცა პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა, ყვავილის ზეთის წარმოებაზეც ვიფიქრებთ. 1 ლიტრი ვარდის ზეთი მსოფლიო ბაზარზე 7 -10 ათასი ევრო ღირს, თუმცა, გამოსახდელად საჭირო დანადგარები საკმაოდ ძვირია და წარმადობის მიხედვით,100 ათასიდან 300 ათას დოლარამდე ჯდება, ამიტომ, დასაწყისისთვის, ვფიქრობთ, საშრობი დავამონტაჟოთ“, - აღნიშნეს კომპანიაში.
„კახეთი ბიო“ საწარმოს გასამართად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობასაც გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ვარდის ზეთის ესენცია სუნამოებში ყველაზე ხშირად (დაახლოებით, 75%-ში) გამოიყენება. თუმცა, სურნელზე არანაკლებ დაფასებულია ყვავილის უნიკალური თვისებები: ვარდის ზეთი 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტისა და ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგების უნარიც კი გააჩნია.
ვარდის ზეთის მსოფლიო ბაზარს, თითქმის 100%-ით, ორი ტრადიციული მწარმოებელი - ბულგარეთი (40%) და თურქეთი (60%) - ინაწილებს. ეს ორი ქვეყანა, დაახლოებით, 1,5-1,5 ტონა პროდუქციას აწარმოებს, თურქეთი დამატებით 7 ტონა ვარდის კონკრეტს (პროდუქტის სახეობა).
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სუნამოს წარმოების მოცულობა იზრდება და წელიწადში 40 მილიარდ დოლარს აღწევს, თურქეთში ვარდის ზეთის ინდუსტრია ბოლო ორი ათეული წელია, მცირდება. მიზეზი ქვეყნის განვითარებისა და ურბანიზაციის დონის ზრდაა. ვარდის ზეთის წარმოება დიდი რაოდენობით შრომით რესურსს მოითხოვს.
„საკმაოდ რთულია ვარდის ზეთის წარმოება ინვესტირების თვალსაზრისით, მიწისა და საწარმოს დიდ ფართობს მოითხოვს, შრომატევადია მისი კრეფა, რადგან ეკლიანია, ამავე დროს, სპეციფიკური დროის შერჩევა უნდა“, - აცხადებს ალექსანდრე კურტანიძე.
ათასობით სახეობიდან კომერციულად ღირებული მხოლოდ სამი ჯიშის ვარდია - Rosa damascenа (დამასკოს ვარდი) , Rosa centifolia და Rosa gallica (მაისის ვარდი).
„გალიკა“ არ არის პრეტენზიული, სჭირდება კარგად დრენაჟირებული მიწა, უყვარს მზე, უძლებს ყინვას (-25გრადუსამდე). ყვავის მხოლოდ ერთხელ - მაისში. ის ერთ-ერთი უძველესი ვარდის ჯიშია, რომლის კულტივირება ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა შეძლეს.