ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციები 6 თვით, 15 სექტემბრამდე გაუგრძელა, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
„ევროკომისიამ შეზღუდვები დააწესა იმ მოქმედებების გამო, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სანქციები მიმართულია 150 პიროვნებისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგ და ითვალისწინებს როგორც მათი ფინანსური აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას ევროკავშირში. „შავ სიაში“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მთავრობის წევრებთან ერთად ფიგურირებენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო პირები, პარლამენტარები, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები და გავლენიანი პირები. მათ შორისაა, დიმიტრი რაგოზინი,რამზან კადიროვი, იგორ ლებედევი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, დიმიტრი კისიოლიოვი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ სანქციები ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის მარტში დააწესა. სადამსჯელო ღონისძიებები, რომლებიც უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო მიიღო, მოიცავს:
- ეკონომიკურ სანქციებს, მიმართულს რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე (2017 წლის 31 ივლისამდე),
- შემზღუდველი ღონისძიებები, სევასტოპოლისა და ყირიმის უკანონო ანექსიის საპასუხოდ (23 ივნისამდე).