მოგების შემცირების გამო „ლუკოილი“ ავტოგასამართ სადგურებს ყიდის
არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ წლის ბოლომდე საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების მესამედის გაყიდვას გეგმავს, - წერს რუსული მედია.
კომპანიის ხელმძღვანელმა, ვაგიტ ალეკპეროვმა, განაცხადა, რომ კომპანია ვერ ასწრებს რუსეთის ხელისუფლების მიერ ბენზინზე აქციზების ზრდის კომპენსირებას. მისი თქმით, „კომპანია კარგად აცნობიერებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას, ამიტომ მოსახლეობაზე გაზრდილი აქციზების ტვირთი არ გადააქვს“, - წერს საინფორმაციო სააგენტო „ტასი“.
თუმცა, ალეკპეროვი აღნიშნავს, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია, რათა „საგადასახადო წნეხის კომპენსირება შეძლონ, არ შეამცირონ წარმოება და არ შექმნან საწვავის ბაზარზე დეფიციტი.“
„კომერსანტ.რუს“ ინფორმაციით, კომპანიის რენტაბელობა მკვეთრად შემცირდა. ცალკეულ ოლქებში 2016 წელს საშუალო მარჟა ავტოგასამართ სადგურებში 1 ტონა რეალიზებულ საწვავზე 2 ათასი რუბლი იყო, 2017 წლის პირველ კვარტალში კი გადასახადების შედეგად 25-ჯერ, 8 რუბლამდე, შემცირდა.
„ლუკოილში“ აცხადებენ, რომ არ აპირებენ ავტოგასამართი სადგურები დისკონტურ ფასად გაყიდონ და გრძელვადიანი ინვესტორების მოძიებას ცდილობენ.
„თუ „ლუკოილი“ ვერ იპოვის რუს მყიდველებს, შეიძლება მოიძიოს ჩინელი, ან ახლოაღმოსავლელი ინვესტორები“, - განაცხადეს კომპანიაში.
„ლუკოილი“ დღეისათვის 5556 ავტოგასამართ სადგურს ფლობს, აქედან რუსეთში - 2544-ს. ის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. კომპანია გეგმავს სადგურების გაყიდვას ყველაზე ნაკლებად რენტაბელურ რეგიონებში, მათ შორის, ბრიანსკში, ორლოვსკში, ცენტრალურ რუსეთსა და მოსკოვის ოლქშიც.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს