ექსპორტზე გასატანად ყველა ტიპის ღვინოს დეგუსტატორები შეამოწმებენ
ექსპორტზე გასვლისთვის ღვინის ყველა სახეობის ღვინო ორგანოლეპტიკური შემოწმებას გაივლის, - შესაბამისი ცვლილება ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ მოამზადა და პარლამენტს განხილვისთვის წარუდგინა.
როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა eugeorgia.info-ს განუცხადა, კანონპროექტი ქართული ღვინის იმიჯის დაცვასა და ამაღლებას ემსახურება.
„შესაძლებელია, ლაბორატორიული შემოწმებით, ღვინო კანონით დადგენილ ყველა მონაცემს შეესაბამდებოდეს, მაგრამ იყოს, უბრალოდ, გაფუჭებული, ჰქონდეს ლაყე კვერცხის სუნი, ან იყო გადაჟანგული, ასეთ პარამეტრებს ლაბორატორია ვერ ადგენს, შესაბამისად, უცხოელი მომხმარებელი როცა დააგემოვნებს, იფიქრებს, რომ ქართული ღვინო,ზოგადად, დაბალი ხარისხისაა“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კანონში შესატან ცვლილებას მეწარმეთა ნაწილი აპროტესტებს.
„გამოდის, რომ ღვინის ექსპორტის უფლების მოსაპოვებლად, მთლიანად უნდა დავეყრდნოთ დეგუსტატორების პირის გემოს. ეს საკმაოდ სუბიექტურია და კორუფციის საშიშროებას ქმნის. თან როცა ლაბორატორიის დასკვნა დადებითია და შემკვეთიც მოძიებული გვყავს“, - განუცხადა eugeorgia.info-ს ერთ-ერთმა მეღვინემ, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.
ღვინის სააგენტოში საპასუხოდ აცხადებენ, რომ ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება წლებია, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებზე ვრცელდება. დეგუსტაციის პროცესი კარგად არის აპრობირებული და მასში სუბიექტივიზმი, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
„დეგუსტაცია დახურულია, ანუ, სომელიეებმა არ იციან, რა ღვინოს ამოწმებენ, ამას აკეთებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთდროულად ექვსი ექსპერტი სინჯავს და მათი შეფასებებისგან საშუალო ქულა გამოგვყავს. შესაბამისად, ერთ, ორ, სამ დეგუსტატორსაც რამე რომ შეეშალოს, მეორე სამეულით დაბალანსდება. ესენი არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც კერძო სექტორიდან არიან, ჩართულნი არიან ღვინის წარმოებაში. გვყავს 40 დეგუსტატორი, რომლებსაც როტაციის პრინციპით ვიძახებთ“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.