ძელშავის ჯიშისგან დამზადებული ღვინო აშშ-ში ექსპორტზე გავა
„მარადიულის“ ბრენდით ქართული ნატურალური ღვინო აშშ-ში ექსპორტზე გავა.
ძელშავის ჯიშისგან წითელი ღვინის წარმოება საჩხერეში გიორგი ქემერტელიძემ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. როგორც თავად აცხადებს, ვენახს ბიოპრეპარატებით ამუშავებს და ღვინოს ქვევრში აყენებს.
„თბილისში რამდენიმე პაბია, სადაც ნატურალური და ბიოღვინოები იყიდება, ერთ-ერთ პაბში გამოფენა გაიმართა, რომელსაც უცხოეთიდან სერიოზული მეღვინეები ესწრებოდნენ. ჩემი ღვინო დააგემოვნეს და დამიკავშირდნენ. ორი შეთავაზება მივიღე, აშშ-სა და ავსტრალიიდან. ივნისში პირველ პარტიას გავუშვებ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა, საკმარისი რაოდენობით არ მაქვს“, - განაცხადა მეწარმემ.
ამ ეტაპზე გიორგი ქემერტელიძე მამაპაპისეული ვენახიდან, რომლის ფართობი ნახევარი ჰა-ია, წელიწადში 1000 ბოთლს აწარმოებს, თუმცა, გაფართოებაზე ფიქრი და მოქმედება უკვე დაიწყო.
„ეს ვენახი ძველი იყო, ამიტომ მისი განახლება გადავწყვიტე. ერთ კვირაში ახალი ძირების ჩაყრას ვაპირებ. პირველ მოსავალს სამი წლის შემდეგ მივიღებ. მცირე რაოდენობით 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვა ვენახიც მაქვს, პარალელურად, შეიძლება, იჯარით ავიღო და ღვინო ისე ვაწარმოო. ძელშავი ძველი ჯიშია, მეხუთე საუკუნის, მისი ორი სახეობაა გავრცელებული - ერთი საჩხერეში, მეორე კი - რაჭაში, ონის რაიონში. მომავალში ცოლიკაურის ჯიშის ვენახის გაშენებასაც ვგეგმავ. 5 წელიწადში, ჩემი გათვლებით, 5 000 ბოთლი ღვინის წარმოებას შევძლებ“, -აღნიშნა გიორგი ქემერტელიძემ.
პაბებისა და ექსპორტის გარდა, მეწარმე თავისი ღვინის რეალიზაციას საკუთარ სადეგუსტაციო მარანშიც ახორციელებს. 1 ბოთლი „მარადიულის“ ფასი თბილისში ობიექტების მიხედვით, 33-42 ლარია, აშშ-ს საცალო ქსელში კი, მეწარმის გათვლებით, 40 დოლარი იქნება.