კომპანია „გრემი“ ექსპორტზე ძვირადღირებული ქართული თაფლის გატანას გეგმავს
კომპანია „გრემი“ ექსპორტზე ქართული თაფლის გატანას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მაჩაბელმა eugeorgia.info-ს განუცხადა, ნინოწმინდის რაიონში ფერმერებს უკვე შეუთანხმდა, რომლებიც მას ყველაზე იშვიათი სახეობის ალპური თაფლით მოამარაგებენ.
„მთლიანად რაიონში 15 ტონა ალპური თაფლი იწარმოება, ზოგიერთ ფერმერს 10 სკა აქვს- ზოგს - 100 სკა. ის საუკეთესო ხარისხის თაფლია, თეთრი ფერის გამოდის და ჩვეულებრივთან შედარებით, 1 კგ 5-10 ლარით ძვირია. 15 ტონა ბევრი არ არის, დაახლოებით, 50 ათასი ქილის ჩამოსხმა შეიძლება, სამაგიეროდ, მაღალი რენტაბელობა ექნება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ევროკავშირში ექსპორტს ვგეგმავ, სადაც თაფლის დიდი მოხმარებაა. ბაზრის უდიდესი ნაწილი ევროპაში ჩინურ თაფლს უკავია, რომელიც შედარებით იაფფასიანია, ჩვენ კონკურენცია ხარისხით უნდა გავუწიოთ“, - აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.
მეწარმე აცხადებს, რომ პროდუქციამ ევროპაში შესვლისას უვნებლობის მკაცრი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. გიორგი მაჩაბელმა 2016 წელს რაიონში წარმოებული თაფლი ლაბორატორიულად უკვე შეამოწმებინა, როგორც თავად აღნიშნავს, თვე-ნახევარში, ნინოწმინდელი ფერმერები უკვე წლევანდელ თაფლს აიღებენ, შესაბამისად, ახალ შედეგებს ელოდება.
„ველაპარაკე ფერმერებს, როგორც ამბობენ, ანტიბიოტიკებს ძალიან მცირე რაოდენობით, წელიწადში ერთხელ იყენებენ, ხოლო რაც შეეხება პესტიციდებს, სკები ისე მაღლაა, ალპურ ზონაში, რომ იქ მინდვრებს არ ამუშავებენ, შესაბამისად, ვფიქრობ, ვეროპის მკაცრ მოთხოვნებს უვნებლობაზე დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.
მისი თქმით, ქართული თაფლით უკვე დაინტერესდნენ აზიურ ბაზრებზე, შემოთავაზებები კომპანიას მიწოდებაზე უკვე აქვს.
„გასულ თვეს არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მქონდა. ძალიან მოეწონათ ქართული თაფლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი თავადაც აწარმოებს თაფლს და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, კარგი ხარისხის პროდუქცია იმპორტზეც შეაქვს, გადაამუშავებს და შემდეგ თავად ყიდის. ჩინეთის განსაკუთრებული დაინტერესება ღვინის ექსპორტის გააქტიურებამ გამოიწვია. ამასთანავე, მას ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაც, ძალიან ბევრი უცხოელი არა მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდის საქართველოში, არამედ ქვეყნის ბიზნესპოტენციალის შესაფასებლად და მომავალი საქმიანობის დასაწყებად“, - აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.
კომპანია „გრემი“ გასულ წელს ამუშავდა და დღეისათვის 15 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, ჩურჩხელას, მურაბებს, ასევე აფასოებს თაფლს, ჯონჯოლს, აჯიკასა და სვანურ მარილს, კომპანიის გასაღების ბაზარი ამ ეტაპზე, ძირითადად, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინაა. თუმცა, დამფუძნებელი ევროკავშირში ექსპორტისთვის მარკეტინგული არხების ძიებაშია. როგორც გიორგი მაჩაბელი აცხადებს, მოთხოვნა თაფლსა და სხვა პროდუქციაზე იზრდება, ამიტომ გადაწყვიტა, საწარმოს გაფართოებაზე იზრუნოს. მიწის ნაკვეთი უკვე შეისყიდა და საწარმოს მშენებლობას გეგმავს. შენობისა და ტექნიკური აღჭურვილობის დასაფინანსებლად მეწარმე სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტის პროგრამებში მონაწილეობას აპირებს.