ხვალიდან ქართული ქაფშია ევროკავშირს ბაზარზე შევა
შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული ქაფშია (ხამსა) რიგით მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტი იქნება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატი ოფიციალურად ხვალ 20 ივნისს გამოაქვეყნებს.
ქართული კომპანიები ევროკავშირის ექსპორტისთვის ორი წელია ემზადებიან. ამ პერიოდში თევზის მწარმოებლებმა ქარხნების გადაიარაღება და სურსათის საერთაშორისო ჰიგიენის სტანდარტის (HACCP) დანერგვაც შეძლეს. ევროკავშირის მხრიდან ქართული თევზის საწარმოების განვითარებას DG SANCO - Directorate General Health and Consumers Affairs) აკვირდებოდა და საქართველოში ორი ვიზიტისა და შუალედური დასკვნების შემდეგ, ქაფშიას მწვანე შუქი აუნთეს.
დღეს DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო საიტის (www.dcfta.gov.ge) პრეზენტაციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქაფშიასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება პირველმა გააჟღერა: „ხვალ ევროკავშირი გამოაცხადებს შავი ზღვის თევზის ევროპულ ბაზარზე დაშვებას, რაც მეორე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი იქნება თაფლის შემდგომ, რომელსაც გაეხსნება წვდომა ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
www.eugoergia.info-მ ქაფშიას დაშვებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქაფშია არის რიგით მე-3 და არა მე-2 ცხოველური წარმოშობის პროდუქტი (როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა), რომელმაც ევროპულ ბაზარზე შესვლის უფლება მოიპოვა: „ქაფშია არის მესამე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მატყლისა და თაფლის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა, ამ შედეგის მისაღწევად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ძალისხმევა გასწია. მეოთხე პროდუქტი, ალბათ, აკვაკულტურებიდან იქნება (ტბორის თვზები, კალმახი და სხვა) “, - განაცხადა კახა სოხაძემ.
ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები ქაფშიასგან ძირითადად თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობის გამო ევროპელი სპეციალისტები ქართულ თევზის ფქვილს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.