საქართველოში თანამედროვე ფერმების რაოდენობა იზრდება
თანამედროვე ფერმების რაოდენობა საქართველოში ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა,- განუცხადეს eugeorgia.info -ს კომპანია „კავკასია გენეტიკაში“.
აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებელს სანაშენე საქმესა და ფერმების აღჭურვილობაში.
„კავკასიის გენეტიკის“ წარმომადგენლის, გიორგი ხატიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ორი ფერმა შენდება, მათ შორის, 200-სულიანი - სიღნაღის რაიონში, ჰოლანდიური ინვესტიციით, ხოლო 100 - სულიანი - მარტვილში.
„საერთო ჯამში, ბოლო ორ წელიწადში 10 ახალი ფერმა მაინც ამოქმედდა და 2-3 ათასი სული მაღალპროდუქტიული საქონელი შემოიყვანეს, რაც ძალიან კარგია, რადგან წლების განმავლობაში სელექცია არ ხორციელდებოდა და ჯიშობრივი დეგრადაცია მოხდა“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, საქართველოში, ძირითადად, ჰოლშტინური ძროხები შემოჰყავთ უნგრეთიდან, ჰოლანდიასა და უკრაინიდან. 1 დამაკებული უშობელის ფასი 2100 ევროს აღწევს. ფერმა რენტაბელური რომ იყოს, მისი მოცულობა 100 სულს მაინც უნდა აღწევდეს. ამ მასშტაბის მეურნეობის მოწყობა კი, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარი ჯდება. შთამბეჭდავი ციფრის მიუხედავად, ინვესტიციები რენტაბერულია.
„მსხვილი ფერმები ნედლ რძეს საკმაოდ მაღალ ფასად -1 ლიტრს 1,1 ლარად ყიდიან, თუმცა, არ მგონია, თვითღირებულება 50 თეთრს აღემატებოდეს. მათ პროდუქციას მსხვილი რძის გადამამუშავებლები - „სანტე“ და „სოფლის ნობათი“ ყიდულობენ, რომლებსაც სპეციალური ნედლი რძის პროდუქტების ხაზი აქვთ. ამ კომპანიებს მცირე ფერმერებისგან 100-200 ლიტრის მიღებას ურჩევნიათ, მსხვილი მეურნეობებისგან 2-3- ტონა რძე ჩაიბარონ“, - აღნიშნა გიორგი ხატიაშვილმა.
მისი აზრით, რძის ინდუსტრიას წახალისებას ბიძგი, გარკვეუწილად, აღნიშნულ სექტორში დაწესებულმა ახალმა რეგულაციებმა მისცათ, კერძოდ, რძის რეგლამენტის მიხედვით, მეწარმეებს დაევალათ, ეტიკეტზე აღნიშნონ პროდუქცია ცხოველური ცხიმისგან არის დამზადებული, თუ მცენარეულისგან, ასევე ნედლი რძისგან, თუ აღდგენილისგან (ანუ, ფხვნილისგან).