ქართული სტარტაპით ამერიკელები დაინტერესდნენ
ქართველმა სტარტაპერებმა ბაჩო ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა რევოლუციური პროდუქტი შექმნეს - ეს არის პორტატული მოწყობილობა Treepex-ი, რომელიც ნახშიროჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის.
ქართველი სტარტაპერების პროდუქტმა უცხოური კომპანიების დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც EUGeorgia.info-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, „Treepex“-ი იმდენად ინოვაციური პროექტი აღმოჩნდა, რომ სტარტაპში უცხოური მხარე ჩაერთო, რომელმაც Treepex-ის პრომოუშენისთვის ცნობილი ამერიკული PR-სააგენტო, Evolve დაიქირავა. უახლოეს მომავალში, ქართველ გამომგონებლებთან გეგმავს ინტერვიუს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტელევიზია, მანამდე კი, მედიასთან კონტაქტის უფლება არა აქვთ.
ქართველი სტარტაპერების ინოვაციურ გამოგონებას პუბლიკაცია გავლენიანმა გამოცემა Huffington Post-მა მიუძღვნა. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაჩო ხაჩიძე განმარტავს, რომ მოწყობილობის მეშვეობით დაბინძურებული ჰაერი სუფთავდება და მინერალებით გაჯერებული ხდება.
„Treepex-ის მოწყობილობა ნახშიროჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის. ხეების მსგავსად, ის დაბინძურებულისგან - სუფთა, მინერალებით გაჯერებულ ჰაერს წარმოქმნის. ვიყენებთ CRISPR ტექნოლოგიას, ხეების DNA-ს ამოსაღებად, რათა შევქმნათ ფოტოსინტეზისთვის პასუხისმგებელი ცოცხალი უჯრედები და მოვათავსოთ მოწყობილობის კარტრიჯში, რომელიც შემდეგ, სუფთა ჰაერს გამოყოფს. ერთი კარტრიჯი ჟანგბადის იმდენივე რაოდენობას შეიცავს, რამდენსაც აყვავებული ხე. ასევე გვაქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც შეგატყობინებთ, როდის სჭირდება კარტრიჯს გამოცვლა ან დატენვა“, - ამბობს ბაჩო ხაჩიძე.
სტარტაპერებმა Treepex-ის შექმნა ჰაერის დაბინძურების პრობლემის გამო გადაწყვიტეს. Huffington Post-თან ინტერვიუში ბაჩო ხაჩიძე განმარტავს, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში. ვინაიდან მოწყობილობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, Treepex-ის შემქმნელებმა კომპანიის სათავო ოფისის გადატანა ნიუ იორქში გადაწყვიტეს.
“ვამაყობ, რომ საკუთარი წვლილი შემაქვს პროდუქტში, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს როგორც ქართველ ხალხზე, ისე უამრავ ადამიანზე მთელ მსოფლიოში“, - ამბობს ბაჩო ხაჩიძე.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რევოლუციური მოწყობილობა ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის“,- ამბობს ლაშა ლიპარტელიანი.
ბოლო კვლევების თანახმად, ყოველწლიურად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები 5,5 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზი ხდება. Treepex-ი ადამიანებს საშუალებას მისცემს, სუფთა ჰაერი ისუნთქონ ყველგან, სადაც არ უნდა იყონ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს