მუხროვანის ჩურჩხელის მწარმოებელი ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს
გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანში, მაია ჯაჯანაშვილი ოჯახთან ერთად, ტრადიციულ ქართულ ჩურჩხელას და ხილის ჩირს ამზადებს. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ოჯახმა ბანკიდან სესხი გამოიტანა და სოფელში თანამედროვე სტანდარტების საწარმო ააშენა.
160 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საოჯახო ტიპის საწარმო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც მეწარმემ USAID/REAP-ის პროგრამის ფარგლებში, უსასყიდლოდ მიიღო. EUGeorgia.info-სთან მაია ჯაჯანაშვილი მცირე ბიზნესის პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა და კომპანიას, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება უჭირს.
მეწარმის თქმით, ვინაიდან ჩურჩხელას ნატურალური ინგრიდინეტებით ამზადებენ, პროდუქტის თვითღირებულება შედარებით მაღალია, რის გამოც მცირე სავაჭრო ქსელები მის ჩაბარებაზე უარს ამბობენ.
რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ქსელებს, პატარა ბიზნესი სოფელ მუხროვანიდან, უკვე არსებულ მსხვილ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევს, ვინაიდან მეწარმემ არ იცის, როგორ მოახდინოს პროდუქტის პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
„მზად ვართ, შემკვეთს მაღალი ხარისხის, გემრიელი და ლამაზად შეფუთული პროდუქცია მივაწოდოთ, ვიღებთ ასევე, როგორც კორპორატიულ, ისე ინდივიდუალურ შეკვეთებს. ნედლეულს კახეთში, ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ, წარმოების პროცესი მაღალი სტანდარტების დაცვით ხდება. სხვა, მსგავსი პროდუქციისგან განსხვავებით, ჩვენი ჩურჩხელა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დანამატებს შეიცავს, ის გაცილებით პრიალა და ტკბილია“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.
მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს გახსნამდე, მეწარმე, ოჯახის წევრებთან ერთად, ჩურჩხელას გურჯაანში, საგვარეულო სახლში ამზადებდა. პროდუქციის გემოვნური თვისებები იმდენად კარგი იყო, რომ მეწარმემ რამდენიმე პარტიის გატანა ევროპაში შეძლო.
„2011 წელს კომპანია „ქართულმა პროდუქტმა“ ჩვენგან 10 000 ჩურჩხელა შეიძინა და საფრანგეთში გაიტანა. ჩვენი პროდუქტი სტრასბურგში, გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც 3,5 ევროდ გაიყიდა. გამოფენაზე ჩვენი პროდუქტით ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი დაინტერესდა, რომელიც შემდეგ დაგვიკავშირდა. მას ბერლინში რესტორანი აქვს და პერიოდულად, გვაძლევდა შეკვეთებს. მასთან მოლაპარაკებები ახლაც გვაქვს და სავარაუდოდ, წელსაც გავგზავნით. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ, მაგრამ არ ვიცით, სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია როგორ დავამყაროთ და არც ის ვიცით, ვის უნდა მივმართოთ ხელშეწყობისთვის“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.
საწარმოს ასაშენებლად, მისმა ოჯახმა საკუთარი სახსრები გამოიყენა, მიწის შესაძენად კი, ბანკიდან სესხი გამოიტანა. იმის გამო, რომ საწარმოს გახსნის შემდეგ, კომპანიას ბაზარზე დამკვიდრების პრობლემა შეექმნა, საკრედიტო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს.
„ტერიტორია, სადაც საწარმო ავაშენეთ, Procredit Bank-იდან აღებული კერძო, იპოთეკური სესხით შევიძინეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბანკი გაიყიდა და ჩვენი სესხი მოხვდა „საქართველოს ბანკში“. ეს უკანასკნელი გვთხოვს, რომ თანხა ერთიანად დავფაროთ, რის საშუალებაც ამჟამად არ გვაქვს. გამოსავალი თუ ვერ ვნახეთ, იძულებული ვიქნებით, საწარმოს ნაწილი გავასხვისოთ“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.
სირთულეების მიუხედავად, მისი კომპანია ახალ იდეებზე მუშაობს. შექმნეს სრულიად ახალი პროდუქტი - ქვევრის ღვინოში დამუშავებული ხილის ჩირი, რომელსაც, ჯაჯანაშვილის თქმით, მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. გარდა ამისა, კომპანიამ არომათერაპიული ღვინის, „აურუმი“-ს საცდელი ნიმუშებიც შექმნა.
„რამდენიმე თვის წინ, ჩვენი ღვინის ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარვადგინეთ, გვქონდა შეხვედრა მინისტრთანაც, რომელმაც ჩვენი პროდუქცია მოიწონა. მოგვანიჭეს ღვინის წარმოების უნიკალური კოდი, შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში ბაქოში, სადაც ჩვენმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. არომათერაპიული ღვინო - ახალი სიტყვაა ქართულ მეღვინეობაში. ჩვენი პროდუქტი კოლოიდურ ოქროს შეიცავს და 100%-ით ნატურალური ეთერზეთებით არის გამდიდრებული. ეს არის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, იწარმოოს საქართველოში და მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.
მისი თქმით, საწარმოში ამჟამად, მხოლოდ ოჯახის წევრები მუშაობენ, თუმცა, თუ ბიზნესი განვითარდა, მზად არის, სოფლის მაცხოვრებლები დაასაქმოს.
„მუხროვანში ძალიან ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათთვის ეს დიდი სტიმული იქნებოდა“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.
P.S. მასალაზე მუშაობის დროს, EUGeorgia.info დაუკავშირდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, ზვიად ქვლივიძეს. ორგანიზაციის შუამავლობით, სააგენტოს წარმომადგენლები მაია ჯაჯანაშვილთან შეხვედრას 13 ოქტომბერს გამართავენ და კონსულტაციებს გაუწევენ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს