ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა
2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში მოხვდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა - პოლონეთში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში პოლონეთში გატანილ იქნა 186 985 2 ბოთლი ქართული ღვინო.
ღვინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა საფრანგეთსა და გერმანიაში. სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
გერმანია - 28% (286156 ბოთლი)
საფრანგეთი - 321% (96790 ბოთლი)
უკრაინა - 54% (5322683 ბოთლი)
პოლონეთი - 14% (1869852 ბოთლი)
ლატვია - 36% (1141778 ბოთლი)
2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია“, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი.
ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს