ევროპის საინვესტიციო ბანკთან დადებული ხელშეკრულების შემდგომ თიბისი ბანკისა და კრედო ბანკის სესხის პირობები ჯერჯერობთ უცნობია
2017 წლის Belt and Road Forum–ის მიმდინარეობისას ევროპის საინვესტიციო ბანკმა(EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა(EIF) EIB ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერეს საგარანტიო შეთანხმებას თიბისი ბანკთან, რაც გულისხმობს 94 მლნ ევროს გამოყოფას ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. EIB-მა ასევე ხელი მოაწერა პირველ მიკროსაფინანსო ინვესტიციას ქვეყანაში, რაც ითვალისწინებს, 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საკრედიტო ხაზის გამოყოფას კრედო ბანკთან ერთად მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.
EIB-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს კონკრეტულ პირობებს მსესხებლებისთვის და დამოუკიდებლად განისაზღვრება ქართული ბანკების მიერ: “ქართული ბანკები დამოუკიდებლად აფასებენ რისკებს და ადგენენ პირობებს თავიანთი კლიენტებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ისინი იღებენ ე.წ. “იაფ ფულს” ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, რომელიც მათთვის არის ფინანსური დამატებული ღირებულება, ისინი სავარაუდოდ გაანაწილებენ ამ იაფ ფულს თავიანთ კლიენტებზე შესაბამისი პირობებით”-განაცხადა EIB-ის პრეს-ოფიცერმა, დუშან ონდრეჯიკამ.
ქართული ბანკების მიერ ამ შეთანხმებების ფარგლებში მსესხებლებისთვის დადგენილი კონკრეტული პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ პროდუქტის შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ხოლო, კრედო ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პირობები ინდივიდუალურად განისაზღვრება და გასაშუალოებული მონაცემი არ მოგვცემს სწორ სურათს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა და თიბისი ბანკმა ორ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი:
- ,,ინოვფინის“ (Innovfin) შეთანხმება ინოვაციური ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs);
- შეთანხმება ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) პროექტის ფარგლებში რომელიც გამიზნულია SME-ებისთვის მცირე სესხების გაცემაზე.
პირველი შეთანხმების ფარგლებში TBC ბანკს ექნება შესაძლებლობა გამოყოს 80 მილიონი ევრო ინოვაციური ქართული კომპანიებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში. გარანტია უზრუნველყოფილია ევროპის საინვესტიციო ფონდის მიერ და ფარავს TBC ბანკის მიერ გაცემული სესხების 50%-ს.
მეორე საგარანტიო ტრანზაქცია ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში გულისხმობს დაახლოებით 14 მილიონი ევროს გამოყოფას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მცირე სესხების გასაცემად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და საქართველოში ბიზნესის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. ეს საგარანტიო მოცულობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის სამეზობლო საინვესტიციო შესაძლებლობების ფარგლებში. გარანტია უზრუნველყოფილია ევროკავშირის მიერ სამეზობლო საინვესტიციო შესაძლებლობების (Neighbourhood Investment Facility) ფარგლებში და ფარავს TBC ბანკის მიერ გაცემული ყოველი სესხის 70%-ს.
რაც შეეხება კრედო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებას, ხელშეკრულება ითვალისწინებს დაახლოებით 12 მილიონი ლარის (5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საკრედიტო ხაზის გამოყოფას მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის (სადაც 10–ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული), განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე ქალი მეწარმეების დასახმარებლად. აღნიშნულ თანხას ემატება 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია კრედო ბანკის მიერ და ჯამურად, 10 მლნ აშშ დოლარი თანაბრად გადანაწილდება მიკრო და მცირე მეწარმეებზე.