ევროკომისია:კრიმინალური დაჯგუფებები საქართველოში ფულს ათეთრებენ
საქართველო კვლავ რჩება სატრანზიტო ზონად ევროკავშირში ექსპორტირებული უკანონო საქონლის - კერძოდ, ნარკოტიკისთვის, საქართველო გამოიყენება ფულის გათეთრებისთვის, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები ევროპაში კი - ჩართული არიან სერიოზულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელიც მიმდინარე თვეს გამოქვეყნდა.
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მონაწილეობენ სერიოზულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ევროკავშირის ქვეყნებში - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
„ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, ძირითადად, მონაწილეობენ ორგანიზებულ ქონებრივ დანაშაულში (ორგანიზებულ ბინის ძარცვასა და ქურდობაში) და განსაკუთრებით აქტიური არიან საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფებები წარმოადგენენ განსაკუთრებულ საფრთხეს ევროკავშირისთვის, ვინაიდან მათი საქმიანობა ხშირად განიხილება, როგორც დაბალი ინტენსივობის მქონე დანაშაული, მათი კონტროლი კრიმინალურ ბაზარზე კი, თანდათანობით იზრდება და ისინი თანამშრომლობენ სხვა ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ევროკავშირის გარეთ“, - ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც ევროკომისიის ანგარიშშია მოყვანილი, ეხება ნარკოტიკის ტრანზიტს: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ რჩება სატრანზიტო ქვეყნად სხვადასხვა უკანონო საქონლის გადასაზიდად ევროკავშირში, და კერძოდ, ეს ნარკოტიკს ეხება.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიის გამოყენების ფაქტები უკანონო შემოსავლების გათეთრებისთვის.
„საქართველო სულ უფრო ხშირად გამოიყენება უკანონო შემოსავლების გათეთრებისთვის, რომელიც სხვადასხვა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ევროკავშირში და მის მიღმა მიიღეს და დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრების სატრანზიტო ქვეყნად იქცა",- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ გამოავლინა სერიოზული მზადყოფნა აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს, გაააქტიურა თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, თუმცა ეს ძალისხმევა უნდა იყოს მდგრადი და კონსოლიდირებული.
საზღვრების ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის კონტროლი და თავშესაფრის მიცემა
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის ტენდენცია სტაბილური რჩება.
ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის მაჩვენებელი 2016 წლის შუა პერიოდში 4 750 იყო, 2017 წლის შუა პერიოდში კი - 4 630 და არ მიუთითებს შემდგომ გაზრდაზე.
ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელმა დაიკლო 39%-ით - 1 330 შემთხვევიდან 2015 წელს 810 შემთხვევამდე 2016-ში. უკანონო დარჩენის ფაქტებმა კი დაიკლო 3%-ით: 5 405 შემთხვევიდან 2015 წელს 5 240 შემთხვევამდე 2016-ში.
ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობა გაიზარდა 7,2%-ით: 8 110 შემთხვევიდან 2015 წელს 8 700 შემთხვევამდე 2016-ში. 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2016 წლის პირველ და მეორე ნახევარს შორის: 3 905 შემთხვევიდან 4 750 შემთხვევამდე. თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი კი, თითქმის არ შეცვლილა: 2015 წელს ის 6,62%, 2016-ში კი - 6,48% იყო.
საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც მოეთხოვათ ევროკავშირის ტერიტორიის დატოვება 12%-ით შემცირდა: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6,415, 2016-ში კი - 5,635 იყო, ხოლო დაბრუნების მაჩვენებელი გაიზარდა 45.13%-დან 2015 წელს 55.90%-მდე 2016 წელს.
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაბრუნების კოეფიციენტი საკმაოდ მოკრძალებულია, თანამშრომლობა რეადმისიის ფარგლებში კი, მიიჩნევა წარმატებულად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.
„საქართველომ შემდგომ პროგრესს მიაღწია 2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, კერძოდ მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის (გატესტვა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო), საზღვრებზე რისკების და საფრთხეების ანალიზის ერთიანი სისტემის, მიგრაციული რისკების ანალიზის მეთოდოლოგიის, 2015 წლის მიგრაციული პროფილის განახლების კუთხით და, ამგვარად, გააგრძელა ვიზალიბერალიზაციის ნიშნულთა უწყვეტი დანერგვა მდგრადი სახით. საქართველო ახორციელებს საყოველთაო ეროვნული კამპანიების სამ ეტაპს და ტრენინგებს უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ და შენგენის ზონაში მოგზაურობის მონიტორინგს ატარებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისია შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ დაკმაყოფილდა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან“ გამომდინარე.
„ეს საკითხი აღნიშნულია საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე და მეოთხე ანგარიშში და აღნიშნული საკითხი გადაწყვეტას მოითხოვს", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიის რეკომენდაციები:
ევროკომისია ანგარიშში აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ვიზალიბერალიზაციის შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია იმპლემენტაციის შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა საჭიროა ყურადღების გამახვილება შემდეგ საკითხებზე:
1. კამპანიების გაგრძელება უვიზოდ მგზავრობის წესების შესახებ, მიგრაციის ანალიტიკური და რისკების ანალიზის სისტემების დასრულება და ძალისხმევის გააქტიურება მიგრაციის გამომწვევი ძირეული მიზეზების გადასაჭრელად;
2. ევროპოლთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების პრაქტიკაში რეალიზების პრიორიტეტად ქცევა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადება;
3. პოლიციის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა, როგორც პრიორიტეტული საკითხი;
4. ტრანსსასაზღვრო სამართალაღსრულებისა და სასამართლო ორგანოების თანამშრომლობის გაგრძელება და შემდგომი გაძლიერება;
5. ძალისხმევის გააქტიურება ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე დანაშაულებრივი აქტივების მიკვლევის, დაყადაღებისა და კონფისკაციის შესახებ, მათ შორის საზღვრებს მიღმა. აქტივების აღდგენის სამსახურის შერჩევა. კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა „ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ“ ევროკავშირის მეოთხე დირექტივასთან;
6. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში ცვლილებების დამტკიცება, მისი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.