კომპანია „ჩირჩხელა“ ევროპაში ჩირის ექსპორტისთვის ემზადება
კომპანია “ჩირჩხელა”, რომელიც სხვადასხვა სახეობისქართულ ჩირს აწარმოებს, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. როგორც კომპანიაში EUGeorgia.info-ს განუცხადეს, „ჩირჩხელას“ პროდუქციით რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები.
კომპანიის დამფუძნებლის, გური სალუქვაძის ინფორმაციით, „ჩირჩხელას“ ჩირის საცდელი პარტია გაიგზავნა ისრაელში, ჩინეთში, ასევე უკრაინასა და შვედეთში.
„ჩვენი მიზანი ევროპული ბაზრის ათვისებაა. პროდუქცია ნიმუშების სახით არაერთ ქვეყანაში გვაქვს გაგზავნილი. მათგან შეფასება ძალიან დადებითია, რადგან ორიენტირებული ვართ ორგანულ წარმოებაზე. ჩვენი პროდუქტი არა შეიცავს არანაირ დანამატს, აქედან გამომდინარე, „ჩირჩხელას“ ჩირზე დიდი მოთხოვნაა. კომპანიის ევროპელი პარტნიორები საქართველოშიც იყვნენ ჩამოსული და ადგილზე დააგემოვნეს ჩვენი პროდუქტი“, - განაცხადა გური სალუქვაძემ.
კომპანია „ჩირჩხელა“ 25 წლის ახალგაზრდამ შარშან დააფუძნა. ქართული ხილის გარდა, კომპანია აწარმოებს ბოსტნეულის ჩირს, რომლის ექსპორტზე გატანას ასევე გეგმავს.
„ბოსტნეულის ჩირი ჩვენი „ექსკლუზივია“, რომელმაც ევროპელი პარტნიორების ინტერესი გამოიწვია. მსგავსი პროდუქტი სხვაგან არსად შეგვხვედრია, არც საქართველოში და არც ევროპაში“, - აღნიშნავს გური სალუქვაძე.
„ჩირჩხელას“ საკუთარი პლანტაციები ჯერჯერობით არა აქვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჩაბარებას ადგილობრივი ფერმერებისგან გეგმავენ და ამ მიზნით, აქტიური მოლაპარაკებები კახელ ფერმერებთან მიმდინარეობს.
„ეს წაახალისებს გლეხებს, რომ აწარმოონ პროდუქცია, რომელსაც სტაბილური მყიდველი ეყოლება ჩვენი კომპანიის სახით. მოლაპარაკებებს კახეთის რეგიონში მომუშავე ფერმერებთან ვაწარმოებთ“, - ამბობს გური სალუქვაძე.
ამ ეტაპზე „ჩირჩხელას“ პროდუქცია მხოლოდ ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი დამკვეთები კორპორატიული და მსხვილი კლიენტები არიან.