ევროკავშირი საქართველოს ინდუსტრიულ და არასასურსათო პროდუქტებზე ზედამხედველობაში დაეხმარება
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ინდუსტრიულ და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტებზე ზედამხედველობაში დაეხმარება. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობაში აცხადებენ, ამით მოხდება მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ტექნიკური ბარიერების მოხსნა.
„ასეთი პროექტები აახლოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებსა და საქართველოს სამთავრობო ორგანოებს იმისთვის, რომ საქართველომ გაიზიაროს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მთავრობას ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაში, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოსახვედრად. ის ხელს შეუწყობს ბაზარზე განთავსებული საფრთხის შემცველი პროდუქტების იდენტიფიცირებასა და მათი გაყიდვებიდან ამოღებაში, რითაც დაიცავს ქართველ მომხმარებლებს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კოოპერაციის უფროსმა, ვინსენტ რეიმ.
პროექტს დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის ბაზარზე მომუშავე ზედამხედველობის ორგანიზაციები ახორციელებენ, რომლებიც სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან იმუშავებენ. ევროკავშირის პროექტი ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას პროდუქტის უსაფრთხოებასა და ბაზარზე ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად.
„გაერთიანებული სამეფო ჩართულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის დახმარების პროექტში, მოხარულნი ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენ ლიტველ პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ მხარეს შესაბამის სფეროში ევროპის საუკეთესო პრაქტიკის მიღებაში”, - განაცხადა პროექტის მთავარმა ლიდერმა გაერთიანებული სამეფოდან, დევიდ ბეიკერმა.
პროექტი სახელწოდებით "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზრის ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია (€ 1 500 000).