ხორბლის ტრეიდერები და წისქვილკომბინატები „საქართველოს რკინიგზისგან“ შიდა გადაზიდვების გაიაფებას ითხოვენ
ტრეიდერული კომპანია „აგრიკომის“ დირექტორის, ქეთი კუბლაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების შემცირების გამო საავტომობილო გადაზიდვა რკინიგზაზე იაფი ჯდება, შესაბამისად, მეწარმეები აღნიშნული ტრანსპორტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ.
„რკინიგზაში ტარიფები დოლარის ექვივალენტ ლარშია ფიქსირებული. მარცვლეულის ჩატანა ფოთიდან თბილისამდე რკინიგზით ერთ ტონაზე, დაახლოებით, 15-16 დოლარამდე ჯდება (35,1-დან 38,5 ლარამდე), საავტომობილო ტრანსპორტით - 30-32 ლარი. ისედაც მცირე მარჟებზე ვმუშაობთ, ამიტომ ერთ ლარსაც კი ამ ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა ქეთი კუბლაშვილმა.
მისი თქმით, წისქვილკომბინატები და ტრეიდერები „საქართველოს რკინიგზასთან“ ტარიფების გადახედვაზე მოლაპარაკებებს გასული წლის სექტემბრიდან აწარმოებენ, როდესაც საწვავის გაიაფება დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, მიზანს ვერ მიაღწიეს.
„სახელმწიფო ორგანიზაციაა, განსაზღვრული ბიუჯეტი აქვს, როგორც ჩანს, ეს განაპირობებს მენეჯმენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების სირთულეს. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ტექნიკური თვალაზრისით რკინიგზით გადაზიდვა გვირჩევნია, რადგან ტვირთის დანაკლისი გაცილებით მცირეა და ერთ ჯერზე უფრო მეტი პროდუქციის მიღება შეგვიძლია“, - აღნიშნა ქეთი კუბლაშვილმა.
ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა კი აღნიშნავს, რომ შიდა გადაზიდვებზე ფასების შემცირება გარკვეულწილად დაეხმარება ქართულ წისქვილებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
„ბოლო ორი-სამი წელია, პრობლემები ექმნებათ იაფფასიანი ფქვილის იმპორტის გამო რუსეთიდან, რომელიც იმავდროულად, ხორბლის ძირითადი მწარმოებელი და მომწოდებელია. ფქვილი ლარსის საბაჟოდან შემოდის, საზღვარზე ერთი ტომარა იმპორტული ფქვილის ფასი 25 ლარია, მაშინ როცა ჩვენი ფქვილის წარმოება,თითქმის, 35 ლარი ჯდება. გარდა ამისა, ინტენსიურად დაიწყო ქატოს იმპორტი. ის ფქვილის თანმდევი პროდუქტია და გარკვეულწილად აბალანსებდა კომპანიების დანახარჯებს. ქართული წარმოების ქატო იმპორტულთან მიმართებაში ერთ კგ-ზე 10-15 თეთრით საფასო ბრძოლას აგებს“, - აღნიშნა ლევან სილაგავა.
მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში კონკურენციას ვეღარ გაუძლო და ხუთი უმსხვილესი წისქვილკომბინატი გაჩერდა, მათ შორის, „მზეკაბანი“, „თიბითის“ ერთ-ერთი, „თბილისი“, „დარზო“ და კაჭრეთის წისქვილკომბინატი, ქუთაისისა და ზუგდიდში არსებული ობიექტები კი მხოლოდ ნაწილობრივ არიან დატვირთულნი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 -2015 წლებში, ანუ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც ფქვილის იმპორტზე არაოფიციალური შეზღუდვები გაუქმდა, მისი მოცულობა 1,1 მილიონი დოლარიდან 10,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხორბლის იმპორტი კი 240 მილიონი დოლარიდან 119 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
„იმპორტის წილი გასულ წელს მოხმარებულ ფქვილში 7-8% იყო, ახლა კი -17%-ია“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
ბელა ნოზაძე