მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობასა და განათლებაზე სესხების გაცემა შემცირდა, მშენებლობაზე კი- გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ კომპანიებზე ლარში გაცემული სესხები 31 მარტისთვის გასულ წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა და 393 მილიონი ლარი შეადგინა; უცხოურ ვალუტაში კი, პირიქით, 12%-ით გაიზარდა და 595 მილიონი ლარით განისაზღვრა.
იმ სექტორების სამეულში, რომლებსაც ბანკები ყველაზე აქტიურად აკრედიტებენ, მრეწველობა, ვაჭრობა და ფინანსური შუამდგომლობაა.
აქედან, მრეწველობაზე ლარში გაცემული სესხები 32%-ით შემცირდა, 77 მილიონ ლარამდე, უცხოურ ვალუტაში კი, პირიქით, 10%-ით გაიზარდა, 96 მილიონ ლარამდე.
ვაჭრობას წელს, როგორც ჩანს, ბანკები ნაკლებად წყალობენ, რადგან სესხები ლარში 19%-ით (121 მილიონ ლარამდე), ხოლო უცხოურ ვალუტაში 4%-ით (162 მილიონ ლარამდე) შემცირდა.
ფინანსურ შუამდგომლობაზე ლარში გაცემული კრედიტები გასულ წელთან შედარებით, განახევრდა და 126 მილიონი ლარი შეადგინა, სამაგიეროდ, უცხოურ ვალუტაში -გაოთხმაგდა და 78 მილიონით განისაზღვრა.
ბანკები მშენებლობის დაფინანსების მიმართულებით გააქტიურდნენ - ზრდამ ლარში გაცემულ სესხებში 19% (24 მილიონი ლარი), ხოლო უცხოურ ვალუტაში - 31% (45 მილიონი ლარი) შეადგინა.
სოფლის მეურნეობის დაკრედიტება ლარში 3-ჯერ შემცირდა, 5 მილიონ დოლარამდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 24%-ით, 11 მილიონ ლარამდე.
ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სექტორში მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, სადაც სესხები ლარში 84%-ით (6 მილიონ ლარამდე), უცხოურ ვალუტაში კი - 2-ჯერ გაიზარდა (71 მილიონ ლარამდე).
სასტუმროებსა და რესტორნებზე ლარში გაცემული სესხები გაორმაგდა და 18 მილიონი ლარით განისაზღვრა, სამაგიეროდ, უცხოურ ვალუტაში - 6-ჯერ შემცირდა, 16 მილიონ ლარამდე.
განათლების დაკრედიტება ლარში 3-ჯერ შემცირდა, 797 ათას ლარამდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 32%-ით, 2 მილიონ ლარამდე,
ლარში გაცემული სესხებიდან ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა სასტუმრო- რესტორნებსა (18,4%) და განათლების სექტორებში (18,2%), სადაც წლიურმა მატებამ 5-6% -საც კი მიაღწია. ყველაზე იაფად ლარი ბანკიდან - ფინანსური შუმადგომლობისა (10,7%) და მშენებლობის სექტორებმა (13,6%) მიიღეს.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, სიძვირით ლიდერობენ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (12,6%) და მრეწველობა (10,8%). ყველაზე მცირე საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა ჯანდაცვასა (6%) და ფინანსური შუამდგომლობაში (6,6%).
ბელა ნოზაძე