ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონით ექვსი კომპანია დაინტერესდა
ანაკლიის პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ოპერატორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, სადაც განაცხადი უკვე ექვსმა კომპანიამ შემოიტანა, განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ანაკლიის თეზის მიმართ, რომლის ფართობი 400 ჰა იქნება, დიდ დაინტერესებას გამოიჩენენ. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ აქვთ.
„საქართველო მცირე ქვეყანაა, მაგრამ გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო დიდი პოტენციალი აქვს. ანაკლიის თეზისა და მთლიანად პორტისთვის პირველად დერეფნად განსაზღვრულია აზერბაიჯანი-სომხეთი -საქართველო, მეორად დერეფნად - ირანი-საქაართველო. „აბრეშუმის გზა“ ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როგორც იცით, დასავლეთ ჩინეთსა და ცენტრალური აზიიდან პირველი საცდელი მატარებელი გამოიგზავნა, რომელმაც ტვირთი საქართველოში 8 დღეში ჩამოიტანა და ეს მარშრუტი სახმელეთოსთან შედარებით, ტრანსპორტირების ხანგრძლივობას რამდენჯერმე ამცირებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
თეზზე საუბრისას კონსორციუმის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დიდი პერსპექტივა აქვს ე,წ. ჩარტერქალაქების, ადმინისტრაციული ზონების შექმნას, რომლებსაც ცალკე სამართლებრივი სისტემა გააჩნიათ. წარმატების მაგალითებად კი სინგაპური და ჰონკონგი დაასახელა. ანაკლიის ინდუსტრიულ და თავისუფალ ზონაში იგეგმება მსუბუქი ინდუსტრიის, სურსათისა და სასელების წარმოების (ქვეყნის აგრარული პოტენციალის გათვალისწინებით), ლოჯისტიკური, ტურიზმისა და უძრაცი ქონების კლასტერების, ასევე ფინანსური ცენტრის შექმნა.
ლევან ახვლედიანის თქმით, პორტისა და თეზის პროექტის განხორციელებისთვის პირველ ეტაპზე, ჯამში, 600 მილიონი დოლარი დაიხარჯება, აქედან, 150 მილიონ დოლარს კომპანიის მთავარი ინვესტორი- „კონტი ჯგუფი“ გაიღებს, 150 მილიონ დოლარს- ოპერატორი კომპანია, დანარჩენ თანხას კი კერძო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიძიებენ.
„შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ საქართველოა, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ გააჩნია, შესაბამისად, გემების 65%-ს ვერ იღებს. პროექტის მიზანია, ბაზრის მოთხოვნებისამებრ, პორტმა ნებისმიერი ტიპის ტვირთის მიღება შეძლოს. ინფრასტრუქტურა გათვლილია 10 ათას კონტეინერზე. მომდევნო 50-100 წლის განმავლობაში პორტი აქტიურად იმუშავებს და ასობით მილიონ ტონა ტვირთს მიიღებს. ჩვენი გათვლებით, 2022 -2033 წლებში არსებული სიმძლავრეებით, საქართველო კონტეინერების ნაკადს ვეღარ დააკმაყოფილებს“, - მიიჩნევენ კომპანიაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების კონკურსში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტრომ გამოაცხადა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წელს თებერვალში გაიმარჯვა. კონსორციუმი ქართული „თიბისი ჰოლდინგისა“ და აშშ-ში რეგისტრირებული დეველოპერის, „კონტი ინთერნეიშენელის“ ერთობლივი ვენჩერული კომპანიაა.
პროექტის მთლიანი ღირებულება 3,7 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, აქედან 100 მილიონ დოლარს სახელმწიფო გაიღებს.
პორტის მშენებლობა 2016 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს (გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის გამო, შესაძლოა, თარიღმა ცვლილება განიცადოს). პორტმა ოპერირება უნდა დაიწყოს საძირკვლის ჩაყრიდან სამი წლის შედეგ. წინასწარი გათვლებით, მშენებლობის პროცესში 9 700 სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასრულების შემდეგ კი, დამატებით - 12 500. როგორც პროექტის ავტორები ვარაუდობენ, 2025 წლისთვის ანაკლიის პორტის გამომუშავებული შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 0,5% იქნება.
ბელა ნოზაძე