ცნობილი ფრანგული ბრენდის კაფე თბილისში ზეგ გაიხსნება
ფრანგული კაფე-საცხობების ცნობილი ბრენდის, Paul-ის პირველი რესტორანი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, 14 მაისს გაიხსნება.
როგორც eugeorgia.info-ს ქართულ ფრანჩაიზერ კომპანია „ფრენჩ ბეიქერში“ განუცხადეს, წლის ბოლომდე ქსელს მეორე ობიექტსაც შემატებენ, უახლოეს წლებში კი მათი რიცხვი ხუთამდე გაიზრდება, თუმცა, ჩადებული და დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა არ დაასახელეს.
„ქართველ მოხმარებლებს როგორც ფრანგულ პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს, ასევე კერძებსაც შევთავაზებთ. ეს იქნება პრემიუმ-სეგმენტის პროდუქცია, რადგან ყველა ინგრედიენტს, მათ შორის, ფქვილსაც, საფრანგეთიდან შემოვიტანთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში უკვე ბევრი ფრანგული კაფეტერია და მაღალი კონკურენციაა, ფასები შესაბამისი იქნება“, - აღნიშნა მენეჯმენტმა.
Paul-ის ქსელი საფრანგეთში 1889 წელს დაარსდა, მისი მფლობელია კომპანია Groupe Holder. ქსელში დღეს 449 ობიექტია და მსოფლიოს ოთხ კონტინენტზეა წარმოდგენილი. ყოფილ საბჭოთა სივრცეში Paul-ს კაფეები რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გაიხსნა.
ბელა ნოზაძე