რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გამო აფხაზეთი ეკონომიკურ დანაკარგებს განიცდის
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქულ გემებს შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერის უფლება აეკრძალათ.
„გასული წლის სამ თვეში ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა სახელმწიფო ხაზინაში 150 მლნ რუბლი შეადგინა. აფხაზეთში თევზჭერის სეზონი დაიწყო, თუმცა, რეწვას ვერავინ ახორციელებს“, - იუწყება აფხაზური ტელეკომპანია „აბაზა“.
თურქული გემების ჩასანაცვლებლად აფხაზეთში რუსული ფლოტის გამოყენებას ვარაუდობენ, თუმცა, ქაფშია საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება, შესაბამისი სიმძლავრისა და ტექნიკური აღჭურვილობის რუსული გემები კი ვერ მოიძიეს.
პრობლემის მოსაგვარებლად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება „სტრატეგიულ პარტნიორთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, კონსესუსს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია.
ამასთან, წელს რუსეთიდან დე-ფაქტო აფხაზეთის საახელმწიფო ბიუჯეტში ფულადმა ტრანსფერებმაც მოიკლო.
სეპარატისტული მთავრობის მინისტრთა კაბინეტმა ორი დღის წინ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მოცულობა ზუსტად ორჯერ შემცირდა და 5 მლრდ რუბლი (70 მლნ დოლარი) შეადგინა.
როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ აღიარა, წელს აფხაზეთი მძიმე ეკონომიკურ და ფინანსური მდგომარეობაში იმყოფებოდა, პენსიები და ხელფასები დროულად გაიცა, თუმცა, ჯერ კიდევ მოუგვარებელია მთელი რიგი პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ ქაფშია თაფლთან ერთად იმ პროდუქტებს შორის დასახელდა, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოდან პირველი მოხვდება ევროპულ ბაზარზე. დაინტერესება თევზის ექსპორტზე თავად დასავლელმს პსრტნიორებმა გამოთქვეს. იმის გასარკვევად, თუ როგორ აკონტროლებს ადგილობრივ კომპანიებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ევროკავშირის მისია ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ესტუმრა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სურსათის უვნებლობაში ალვარო აპარისიო ორტეგამ eugeorgia.info-ს განუცხადა, საქართველოში თევზის წარმოების სფერო სხვებთან შედარებით უფრო განვითარებულია:
„ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მხრივ. თევზის შემთხვევაში პროცესი მოწმდება თევზჭერიდან დაწყებული მის გაყიდვამდე დამთავრებული, ანუ სრული ჯაჭვი. შემფასებლები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტი. თითოეულ ნაწილში ისეთი რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, როგორიცაა თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ა. შ. სწორედ ამ პროცესის შესწავლის და შეფასების სტადიაზე იმყოფება ევროკავშირის მისია ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ალვარო ორტეგამ.