ხორცის ეტიკეტირება- მიკვლევადობა სასადილოებსა და რესტორნებისთვის სავალდებულო გახდება
2017 წლის იანვრიდან საქონლის ხორცისა და პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესები ამოქმედდება, - შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
რეგლამენტი საქონლის ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ვრცელდება, მათ შორის, საცალო ვაჭრობაზეც (მოიცავს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, სადისტრიბუციო ობიექტებს, საბითუმო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს);
ხორცის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:
- საცნობარო ნომერი, რომელიც ენიჭება ცხოველს სასაკლაოზე შესვლისას;
- სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი;
- თუ ხორცი არ დაიჭრა სასაკლაოზე, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერი, რომელმაც პროდუქტი გადაამუშავა;
- თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეთითოს;
- თუ ხორცი იმპორტირებულია, უნდა მიეთითოს ეტიკეტზე, როგორც იმპორტიორი, ასევე წარმოშობის ქვეყანაც.
რეგლამენტში შეტანილია პარტიის განსაზღვრაც - ხორცის ნაჭრების, ან დაქუცმაცებულის (ფარშის) შემთხვევაში. ერთ პარტიას წარმოადგენს ხორცის ის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება დამჭრელი საწარმოს დღიურ წარმადობას;
გატარებული ხორცის პარტიის ფორმირება ხდება იმავე ქვეყანაში დაკლული ცხოველებისაგან.
ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს დაჭრილ ხორცს, პარტიის ფორმირება უნდა მოახდინოს მხოლოდ ერთი სასაკლაოდან მიღებული ხორცის პარტიიდან, გამონაკლისის სახით, დასაშვებია სამი სხვადასხვა სასაკლაოდან ხორცის მიღება.
საცალო ვაჭრობაში ინფორმაცია განთავსდეს ხორცის ნაჭრებთან იმგვარად, რომ საბოლოო მომხმარებელმა სხვადასხვა წარმოშობის ხორცი ადვილად განასახვაოს.
რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი საცალო ვაჭრობაში ვალდებული იქნება, ხორცპროდუქტების ეტიკეტირებთასთან ერთად დანერგოს მიკვლევადობის სისტემაც, კერძოდ, ვალდებულია, ყოველდღიურად აწარმოოს ცხოველის სასაკლაოსა და ხორცის დამჭრელი საწარმოს აღიარების ნომრის რეგისტრაცია.
კონტროლს აღნიშნული რეგლამენტის შესრულებაზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური განახორციელებს, თუმცა, ის არ მოიცავს გარევაჭრობას.
„გარევაჭრობა კანონით აკრძალული ქმედებაა, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სტრუქტურები არსებობენ. ჩვენს სამსახურს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია“, განუცხადეს eugeorgia.info-ს სურსათის უვნებლობის სამსახურში.
ბელა ნოზაძე