რუსული სამხედრო ბიუჯეტის საიდუმლოებები
რუსეთის სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით მის დამტკიცებამდე და შემდეგაც ერთგვარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ეს ობიეტურად გასაგებია, რუსული საგარეო პოლიტიკის "თავისებურებების" გამო. არაერთი სტატია დაიწერა მისი საპროგნოზო მაჩვენებლებისა და ტენდენციების შესახებ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც გაურკვეველი რჩება, რა მიზნებს ემსახურება 2017-2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი და რა სამხედრო პრიორიტეტების მისაღწევად დაიგეგმა ჩრდილოელი მეზობლის ფინანსური რესურსები.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეკულაციები სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გაჩნდა მისი პირველადი პროექტის გასაჯაროვებისთანავე, 2016 წლის ოქტომბერში. საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტმა არაერთი სახეცვლილება განიცადა, როგორც ქვეპროგრამების, ასევე საბოლოო მაჩვენებლების თვალსაზრისით. თუმცა, მთავარი დინამიკა აშკარა და შეუცვლელი იყო - ბიუჯეტი საგრძნობლად მცირდებოდა და ზოგიერთი შეფასების მიხედვით - 6%-დან 30%-მდეც კი. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, ის მცირდებოდა 1 ტრილიონი რუბლით და 1.121 ტრილიონი რუბლით შემოიფარგლებოდა. 6%-იანი კლების ფაქტი კი დაადასტურა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტატიანა შევცოვამ, თუმცა, ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებებს და სამხედრო გადაიარაღების სახელმწიფო პროგრამას არაფერი დააკლდებოდა.
შეფასებების საგრძნობ სხვაობას განაპირობებს თავად ბიუჯეტის არაერთი "თავისებურება", კერძოდ, მისი საიდუმლო ნაწილების სიუხვე და საბიუჯეტო ასიგნებების განაწილება, როგორც სამინისტროების, ასევე ცალკე სახელმწიფო პროგრამებისა და ცალკეული სფეროების მიხედვით. საბიუჯეტო სახსრების განაწილების ფორმის სიუხვე საკმაოდ დამაბნეველია და მეტად ართულებს თავდაცვის ხარჯების გამოთვლის სიზუსტეს. შესაბამისად, ჩვენი დასკვნებიც, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პირობითი იქნება და დაეყრდნობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილს - 16.241 ტრილიონ რუბლს (დაახლ. 250 მილიარდ აშშ დოლარი ბიუჯეტში დადგენილი კურსით) და ექსპერტების პირველად შეფასებას, რომლის მიხედვით მისი საიდუმლო ნაწილის ხვედრით წილს - 17%-ს შეადგენს, საიდანაც, დაახლოებით, 6% (974.4 მილიარდი რუბლი) თავდაცვის სფეროზე მოდის.
დასაწყისშივე პრობლემას ქმნის გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტე და მათი კატეგორიზაცია "სახელმწიფო თავდაცვის" ქუდის ქვეშ. თუ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეროვნული თავდაცვისთვის 2017 წელს გამოყოფილია 1.12 ტრილიონი რუბლი, სხვა წყაროს მიხედვით. თავდაცვისთვის ღია ნაწილით გამოყოფილი სახსრები მხოლოდ 950 მილიარდ რუბლს შეადგენს (“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიხედვით, 1.11 ტრილიონ რუბლს). ამავე დროს "ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გაანგარიშებული ოდენობა 1.94 ტრილიონ რუბლს აღწევს. გამოქვეყნებული დამტკიცებული ბიუჯეტის დოკუმენტი კი საინტერესო მონაცემებს ავრცელებს: სახელმწიფო თავდაცვისთვის გამოყოფილია 1.02 ტრილიონი რუბლი პროგრამულ ნაწილში, ხოლო 1.0 ტრილიონი რუბლი - ზოგად ნაწილში და 1.62 ტრილიონი რუბლი მთლიანად თავდაცვის სამინისტროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სხვაობა ძირითადად თავდაცვის ბიუჯეტის ღია ნაწილს ეხება, სრული თანხმობა აღინიშნება ზოგადად თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით და შეადგენს 2.84 ტრილიონ რუბლს, დახურული/საიდუმლო მუხლების ჩათვლით. შესაბამისად, საიდუმლო მუხლების ხვედრითი წილი იმისდა მიხედვით, თუ რომელ მაჩვენებელს ავიღებთ ღია ნაწილად, ვარირებს 30%-დან 70%-მდე. 2016 წელთან შედარებით (3,89 ტრილიონი რუბლი, მშპ-ს 4,4%) თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებულია და სახელმწიფო ბიუჯეტის 17,2%-ს შეადგენს - 2,84 ტრილიონ რუბლს (მშპ-ს 3,32%), რაც, მიუხედავად შემცირებისა, მილიტარიზაციის მაღალ დონეზე მეტყველებს და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია 2018 (2,72 ტრილიონი რუბლი) და 2019 (2,85 ტრილიონი რუბლი) წლებისთვის.
ბიუჯეტის საიდუმლოების მაღალი ხარისხი არის ის ტიპიური თვისება, რაც არა მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფილ ასიგნებებს ახასიათებს (ჩვენი გაანგარიშებებით, 2.84 ტრილიონიდან 2,77 ტრილიონ რუბლამდე), არამედ მთლიანად რუსეთის ბიუჯეტს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული უამრავი საიდუმლო მუხლი (მთელი ბიუჯეტის 24%, დაახლ., 3,89 ტრილიონი რუბლი) განაწილებულია ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა "სახელწიფო რესურსების და რეზერვების მართვა", "ავიაციის განვითარება","კოსმოსური ტენოლოგიები", "საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობა", "განათლება", "რადიო და მაღალი ტექნოლოგიები" ან "ცალკეული სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა". ამ თანხების ნახევარზე მეტი გამიზნულია თავდაცვის მიზნების ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ზოგიერთი გაანგარიშებით, სამხედრო დანიშნულებით საბიუჯეტო სახსრების რაოდენობა, რეალურად, 4,5 ტრილიონ რუბლს აღწევს და ქვეყნის მშპ-ს 5%-იან ზღვარსაც სცდება. ამ სახით გაფანტულ და, თითქოს, თავდაცვის მიზნებისთვის არაპირდაპირ კავშირში მყოფ პროგრამებში გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა სამხედრო ბინათმშენებლობა, სამხედრო სასწავლო დაწესებულებების დაფინანსება და ფულადი კომპენსაციები დაჭრილ-დაშავებულთა და გარდაცვლილ მოსამსახურეთა ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ფინანსთა მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება სახელმმწიფო დუმასთან შეუთანხმებლად, რეალურად კი პრეზიდენტის მითითების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 10% გამოყოს თავდაცვის სფეროსა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიზნებისთვის.
საერთო საფინანსო მონაცემების კლების გამო 2017 და მომდევნო წლებში თავდაცვის ბიუჯეტი, ერთი შეხედვით, სამხედრო პროგრამების დაფინანსების შემცირების ვარაუდის წინაპირობას იძლევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა და გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, როცა საფინანსო წლის განმავლობაში დაგეგმილზე მეტად მკვეთრად იზრდებოდა მიმდინარე დაფინანსება (2016 წლის შემოდგომას 800 მილიარდ რუბლზე მეტით), სულაც არ არის გამორიცხული, მსგავსი პრაქტიკა 2017 წელსაც განმეორდეს.
დაფინანსების უცაბედი მომატების ასეთ პრაქტიკას დამატებითი განმარტებაც გააჩნია: სამხედრო ხარჯების ნაწილის (რეალურად გადაიარაღების) დასაფარად შემუშავებული იყო სქემა, რომლის მიხედვით, საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება ხდებოდა სახელმწიფო გარანტიით ბანკებიდან გამოყოფილი კრედიტების მეშვეობით. აღნიშნული სქემა ამუშავდა 2010 წლიდან და პერიოდულად დგება დაგროვილი ვალდებულებების გასტუმრების აუცილებლობა, რითაც აიხსნება ასობით "საიდუმლო" მილიარდების მოულოდნელი გამოყოფა. ცხადია, რომ ამ თანხების (დაახლ. 1.2 ტრილიონი რუბლი) ხარჯვის მიზანშეწონილობა და გამჭვირვალეობა არ ექვემდებარება არანაირ განხილვას და კორუფციული გარიგებების ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
მიუხედავად არსებული რისკებისა, რუსეთის ოფიციალური პირები (მაგ. თავდაცვის მინისტრის , იური ბორისოვი) აცხადებენ, რომ 2017-2019 წლების ბიუჯეტი არანაირ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს ახალი შეიარაღების მიღების პროცესსა და ტემპზე. ბორისოვის განმარტებით, ხარჯების დაწევა და გადაიარაღების პროცესის შენარჩუნება შესაძლებელი ხდება ზედმეტად ძვირ ახალ ტექნიკაზე უარის თქმით და შედარებით იაფი მოდერნიზირებული სისტემების მიღებით. შევეცდებით, უფრო კონკრეტულად ავხსნათ, თუ რა იგულისხმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. თავდაცვის ბიუჯეტის ღია მუხლების ანალიზი, პირველ რიგში, მიგვანიშნებს, რომ სტაბილურად გაგრძელდება ბირთვული შეიარაღებისა და მასთან დაკავშირებული სამხედრო კომპლექსის ფინანსება (ყოველწლიურად 45 მილიარდ რუბლზე მეტი), ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის და მოსახლეობის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებები (3+5 მილიარდი რუბლი ყოველწლიურად). გარკვეული შემცირება ელოდება მუხლს "თავდაცვის სფეროში გამოყენებითი და სამეცნიერო კვვლევები" და 2017 წელს შემცირდება 432,5 მილიარდიდან 346,9 მილიარდ რუბლამდე (2018/2019 წლებში - 213,9/176,3 მილიარდი რუბლი). ამასთან, უცნობია, არის თუ არა აღნიშნული მიმართულება გათვალისწინებული ბიუჯეტის დახურულ მუხლებში. რუსეთის ხელმძღვანელობის ხშირი განცხადებების ფონზე, რომ აქცენტი მომავალშიც გაკეთდება მაღალტექნოლოგიური ჯარის განვითარებაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საიდუმლო მუხლებში მაინც არის ასახული ძირითადი კვლევების პროგრამები და ბიუჯეტის ზოგადი კლება არ გამოიწვევს ფუნდამენტალური კვლევების რადიკალურ შემცირებას.
გასათვალისწინებელია ასევე, რუსული ეკონომიკური სტრუტურის და ფინანსური პოლიტიკის თავისებურებები. მიუხედავად თავდაცვის ბიუჯეტის მცირედი კლებისა და ზოგიერთი ძირითადი მუხლის/პროგრამის ნომინალური მაჩვენებლის შენარჩუნებისა, რაც წლიური ინფლაციის ფონზე გამოყოფილი თანხების ობიექტურ კლებას იწვევს, ბიუჯეტის სტრუქტურა, ანუ განაწილება შეიარაღების/გადაიარაღების პროგრამასა და შენარჩუნებაზე რადიკალურად განსხვავდება დასავლეთში მიღებული სტანდარტებისგან. 2016 წლიდან 2017 წლამდე შეიარაღების შესყიდვებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ისედაც მაღალი ხვედრითი წილი 62%-დან გაიზარდა 65%-მდე (15-20% - აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში). განსხვავებით, დანარჩენ ნაწილზე, ანუ შენარჩუნება-ყოველდღიურ საქმიანობაზე რუსეთი 2017 წელს აპირებს მხოლოდ სახსრების 20%-ის დახარჯვას, რაც რამდენჯერმე ნაკლებია დასავლეთში მიღებული ხვედრითი წილისა. ამასთან ერთად, რუბლის კურსის ვარდნის, შიდა ფასების ფაქტორისა და მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, არცთუ მართებული იქნებოდა რუბლებში არსებული თანხების ავტომატური გადაყვანა მის ექვივალენტში დოლარში. მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც აშშ-ს უჯდება ერთი ერთეული ტექნიკის შეძენა, ამ თანხის რუბლის ექვივალენტში რუსეთმა შესაძლოა, მსგავსი ტექნიკის (პროდუქციის/სერვისის) რამდენიმე ერთეული შეიძინოს/აწარმოოს შიდა ბაზარზე. რასაკვირველია, ამ ფაქტორის ექსტრაპოლირება ყველა სფეროზე დაუშვებელია, განსაკუთრებით იმ სფეროებზე, სადაც დიდია იმპორტული პროდუციის ხვედრითი წილი. მაგრამ არც ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იქნებოდა სწორი, მიუხედავად თანმდევი რისკებისა, როგორიცაა, მზარდი კორუფციული რისკები და ხარისხის დაცემის მაღალი ალბათობა სახელმწიფო ფასწარმოების მონოპოლისტური პოლიტიკის პირობებში. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტის აბსოლუტური მაჩვენებელი დოლარში არ უნდა გახდეს თავდაცვის სფეროს პოტენციალისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შეფასების მთავარი ინდიკატორი.
გამოქვეყნებული საბიუჯეტო მონაცემებით და არსებული დინამიკით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი, მიუხედავად ერთგვარი შენელებისა, მაინც გაგრძელდება და 2020 წლიდან თანდათანობით მოხდება შესყიდული სამხედრო პროდუქციის მოცულობის კლება. გასული წლებიდან მიღებული ფინანსური წყაროების მეშვეობით შექმნილია ერთგვარი ფინანსური სიმტკიცის ბალიში, რომელიც საშუალებას მისცემს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, იფუნქციონიროს 2020 წლამდე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე. ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ 2020 წლამდე მოხდება გადაიარაღების/მოდერნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ზუსტი შესრულება. პირიქით, არსებობს ობიექტური წინაპირობები მისი შენელებისა, განსაკუთრებით, ძირითად სისტემებთან დაკავშირებით (ს-500, წყალქვეშა და წყალზედა ხომალდები, ტანკი "არმატა" ან, თუნდაც, ტ-90-ის ტიპის ტანკი), რაც ბორისოვის განცხადებამაც დაადასტურა. ამის მიუხედავად, თავდაცვის ბიუჯეტში ჩადებული მუხლები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ აღნიშნული მიმართულებით რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება დასახული მიზნების მიღწევას, თუ საჭიროა სხვა პროგრამების ხარჯზეც, როგორიცაა სახელფასო/საპენსიო კომპენსაციისა და იპოთეკური პროგრამის ინდექსაცია.
დასკვნა: 2016 წელთან შედარებით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი არ შემცირდა რადიკალურად და დახურული მუხლების გათვალისწინებით, მხოლოდ 6%-იან კლებას ავლენს. შესაბამისად, მტკიცება ბიუჯეტის 25%-იანი კლების შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. ქვეყნის მთლიანი ბუჯეტი უაღრესად მილიტარიზირებულია და ისევ და ისევ საიდუმლო მუხლების გათვალისწინებით, მთლიანი ხარჯების 30%-მდე აღწევს (მშპ-ს 5%-ს). მიუხედავად სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საბრძოლო ჩართულობისა, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს აღნიშნული ოპერაციების შეზღუდული მასშტაბი და არ მოახდინოს თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი გაზრდა. გარდა ამისა, უკრაინასა და სირიაში გამოყენებული მატერიალური რესურსი (შეიარაღება, საწვავი, ტყვია-წამალი, ტექნიკაა და აშ.) არ საჭიროებს შესყიდვას და, ძირითადად, არსებული მარაგებიდან გამოიყოფა, რაც ობიექტურად მინიმალურად აისახება როგორც ფინანსურ მხარეზე, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე. “როსნეფტის” აქციების 19,5%-ის გაყიდვამ დამატებით შექმნა 1,1 ტრილიონი რუბლის ფინანსური "ბალიში", რაც 2017 წლის ბიუჯეტის დასაბალანსებლად შეიძლება იქნას გამოყენებული და შესაძლოა, მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელებას მოხმარდეს. მიუხედავად მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ერთგვარი პოზიტიური პროგნოზებისა (რუსეთისთვის), ბიუჯეტის უპრეცენდენტოდ მაღალი მილიტარიზაციისა და გასაიდუმლოების დონე 1980-იანი წლების ბოლოს სსრკ-ს მდგომარეობასთან ასოციაციებს იწვევს, როდესაც, მსგავსად დღევანდელი რუსეთისა, 1989 წლიდან 1991 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა (77,3-დან 120 მილიარდ რუბლამდე) ნავთობზე ფასების განახევრების ფონზე, თუმცა, ამავე დროს, დახურული მუხლების სიუხვის გამო ზუსტად არავინ იცოდა თავდაცვის ცალკეული მიზნებისა და პროგრამებისთვის კონკრეტულად რა თანხები იხარჯებოდა.
რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის ცალკეული მონაცემები
წყაროები:
- რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო
- Источник: http://111999.ru/economy/federalnyj-byudzhet-rossii-na-2017-god/
- © Малый бизнес
- https://rg.ru/2016/12/11/v-chem-pliusy-biudzheta-2017-2019.html
- http://zakony2017.ru/byudzhet-rossii-na-2017-god-v-cifrax/
- https://www.novayagazeta.ru/articles/2016/10/19/70222-byudzhet-2016-eto-bomba
- https://rns.online/military/Minoboroni-RF-sokraschenie-voennogo-byudzheta-na-2017-2019-godi-ne-skazhetsya-na-tempah-perevooruzheniya-2016-10-20/
- http://ruspolitica.ru/post/sposoben-li-voennyiy-byudzhet-rossii-obespechit-oboronosposobnost-stranyi/
- https://russian.rt.com/russia/article/342256-armya-budget-oborona-prognozy
- http://www.ng.ru/politics/2016-11-14/1_6858_army.html
- http://www.ng.ru/economics/2016-10-31/4_6848_budget.html
- https://www.epravda.com.ua/rus/publications/2017/01/11/617259/
- http://bmpd.livejournal.com/2186406.html
- https://transparency.org.ru/special/defence/?utm_source=google&utm_medium=cpc&utm_campaign=761547758&utm_content=181831084446&utm_term=%D0%BE%D
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.