400 მილიონი დოლარი ტექნოლოგიებში - ისრაელის გაკვეთილები საქართველოსთვის
- რა არის ისრაელელის ოცნება? - ვკითხე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს ხუთდღიანი ვიზიტის დროს იერუსალიმსა და თელ-ავივში „მეურვეობას“ გვიწევდა.
- ინტერნეტპროდუქტის შექმნა, განვითარება და მისი გაყიდვა მილიონებად, - მიპასუხა ღიმილით და დაუფიქრებლად.
მობილური აპლიკაციებსა და კომპიუტერული პროგრამების წერას ატანილთა ბუმი მცირე გამოვლინებაა იმ პროგრესის, რომელიც ისრაელმა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ბოლო ათეული წლების განმავლობაში მიაღწია. Israel Venture Capital Research-ის ინფორმაციით, გასულ წელს ამ მიმართულებით ქვეყანაში 4,43 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. ტრადიციული სფეროების, სამხედრო და სოფლის მეურნეობის გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს ტელეკომუნიკაციები, ბიო და სამედიცინო ტექნოლოგიები იწვევს.
ერთ სულ მოსახლეზე high-tech -ზე დაფუძნებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქტს ქმნიან, ისრაელი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ექსპორტის 70%-ს აღწევს.
კომპანიების უმეტესობა დამწყები, ე.წ. start up-ებია, რომლებიც არცთუ იშვიათად მსოფლიო ლიდერებს შორის გვხვდებიან. მსოფლიო ბრენდები- Intel, Motorola, IBM, Microsoft, Alcatel and 3Com - ისრაელში კვლევებსა და განვითარებას (Research and Developement) ეწევიან, ბევრმა მულტინაციონალურმა კორპორაციამ ადგილობრივი კომპანიები, მათი პატენტები შეისყიდა და ადამიანურ რესურსებს აქტიურად იყენებს. როგორც ისრაელში აცხადებენ, ახალ ტექნოლოგიებში მიღწეული წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ხელშემწყობი პოლიტიკაა.
უფროს მეცნიერთა სამსახურის ბიუჯეტი (OCS), რომელსაც სადა და არაფრით გამორჩეული ოფისი აქვს, არც მეტი და არც ნაკლები - თითქმის, 400 მილიონი დოლარია. ის ისრაელის ეკონომიკის სამინისტროში ჯერ კიდევ გასული წლის 70-იან წლებში შეიქმნა და სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ერთ-ერთი ძირითადი უწყებაა. მიმართულია ქვეყანაში კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობისა და ინოვაციური პროექტების დაფინანსებაზე.
იდეები კი ყველაფერს მოიცავს, ფერმების და რძის წარმოების ოპერაციული სისტემებიდან დაწყებული - ნანო და ბიოტექნოლოგიებით დამთავრებული, პროექტების ღირებულება, ხშირად მილიონებს აღწევს. ისრაელში ბევრი ფულია და საკუთარ მომავალში დებენ. რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ თავისი მწირი რესურსებით? -ვფიქრობ, როცა ვუსმენ OCS -ს წარმომადგენლის პრეზენტაციას და გონებაში ჩვენთან არსებულ პროგრამებსა და ფონდებს ვადარებ.
TNUFA
ეს ეროვნული ფონდია, რომელიც დახმარებას უწევს ცალკეულ გამომგონებლებს და დამწყებ, ე.წ. start-up კომპანიებს საკუთარი იდეების რეალიზების ყველაზე ადრეულ ეტაპზე. ის მოიცავს პროექტის ტექნოლოგიური და კომერციული პოტენციალის შეფასებას. ასევე პატენტების მიღებაში დახმარებას, პროტოტიპის შექმნას, ბიზნესგეგმის შედგენას და ბიზნესის პირველად განვითარებას. მაქსიმალური გრანტი ცალკეულ პროექტებზე 250 ათასი შეკელია (დაახლოებით, 60 ათასი დოლარი).
„შემოტანილი განაცხადებიდან დაახლოებით, 30%-ია ღირებული, გაცილებით მეტი - 70-80%- იღებს დაფინანსებას ტექნოლოგიური ინკუბატორების პროგრამაში ჩართული პროექტებიდან“, - აცხადებს OCS-ს წარმომადგენელი, ითაი ბეკი.
ტექნოლოგიური ინკუბატორები
პროგრამის ძირითადი მიზანია, ინოვაციური ტექნოლოგიური იდეები მაღალრისკიანი ეტაპიდან სიცოცხლისუნარიან start up კომპანიებად აქციონ. დამატებითი მიზნებია: კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობა პერიფერიებსა და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა კერძო სექტორისთვის, მათ შორის, ვენჩერული კაპიტალისტებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებიდან ტექნოლოგიების ტრანსფერი და დანერგვა წარმოებაში, სამეწარმეო კულტურის ამაღლება ისრაელში.
TNUFA -სგან განსხვავებით, პროექტებს თავდაპირველად სწორედ ინკუბატორი არჩევს, შემდეგ კი დასამტკიცებლად უფროს მეცნიერთა სამსახურს უგზავნის. პროექტების დაფინანსების ხანგრძლივობა ორი -სამი წელია, გრანტის მოცულობა კი 500 -750 ათას დოლარამდე, აქედან 85%-ს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო დანარჩენს - თავად ინკუბატორი, სანაცვლოდ, საინკუბაციო კომპანიებში 50%-იან წილს იღებს.
„აქცენტი, რაღა თქმა უნდა, საექსპორტო პროდუქტზეა აღებული, რადგან ისრაელის ბაზარი საკმაოდ მცირეა“, - აცხადებენ ცენტრში.
ტექნოლოგიური ინკუბატორები ისრაელში, დაახლოებით, 15 წლის წინ შეიქმნა და დღეს მათი რიცხვი 24-ს აღწევს.
„ინკუბატორების პროგრამაში ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ: ინკუბატორების ლიცენზიანტები პროექტში მონაწილეობისთვის ამჯერად უკვე შესარჩევ კონკურსს გადიან, რაც ახალი მოთამაშეებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის.. გარდა ამისა, ლიცენზიანტები, რომლებიც გადაწყვეტენ ინკუბატორი პერიფერიაში დააფუძნონ,ყოველწლიურად საოპერაციო ხარჯებისთვის დამატებით 150 ათასი დოლარის დახმარებას მიიღებენ. ასევე ყოველი შერჩეული პროექტი, დამატებით 125 ათას დოლარით დაფინანსდება, აქედან 85%-ს სახელმწიფო ფარავს“, - აღნიშნავენ უფროს მეცნიერთა სამსახურში.
რეფორმის წყალობით, პროგრამაში მულტინაციონალური კომპანიები ჩაერთვნენ, მათ შორის, ცნობილი Nielsen Company და HWL’s Hutchison Water, რომლებმაც ტენდერში რვაწლიანი ლიცენზიები მოიპოვეს.
ბიოინკუბატორებისთვის, რომელიც ისრაელის მთავრობისთვის პრიორიტეტულია, სპეციალური პირობები შეიმუშავეს: დამწყებ კომპანიებს კლინიკური ცდების ჩატარებასა და ინვესტიციების მოძიებისთვის სამი წლის განმავლობაში გრანტის სახით 2 მილიონ დოლარით აფინანსებენ,
უკუგება და ეფექტი
ზოგიერთი პროექტის ფარგლებში (მათ შორის, ინკუბატორების), სახელმწიფო გაცემული გრანტის უკან დაბრუნებას მოითხოვს, თუმცა, მხოლოდ წარმატებულებისგან, ისიც მაშინ, როცა პროდუქციის გაყიდვებს იწყებენ (წელიწადში შემოსავლების 3%-ის მოცულობით).
რაც შეეხება პროგრამების შედეგებს, სამსახურში ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ყოველი დახარჯული 1 დოლარი 7-10 დოლარს გამოიმუშავებს.
„3 წლის განმავლობაში პროექტების 50% სიცოცხლისუნარიანია, ხოლო 10 წლის განმავლობაში კი -30%. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წარმატებულ პროექტებს შორის ძალიან ბევრი ცნობილი კომპანიაა, მათ შორის, Paypal, Arbotech, რომლებიც ჩვენი პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა და რომელთა აქციებით დღეს Nasdaq-ზე ვაჭრობენ“, - აღნიშნა ითაი ბეკმა.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ყიდვით უცხოური კომპანია დაინტერესდა, ისრაელში ოპერირების გაგრძელების შემთხვევაში გრანტის სამმაგი საფასურის გადახდა მოუწევს, ხოლო ბიზნესის დახურვისა და თავის ქვეყანაში გადატანისთვის კი - ექვსმაგი ოდენობის.
საერთაშორისო კოოპერაცია
მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვებისა, ისრაელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების დაწყებას. კვლევებისა და განვითარების მიმართულებით, ისრაელის მთავრობამ დღემდე 40-მდე ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა, მათ შორის, აშშ-ს, კანადას, ევროკავშირის ქვეყნებს, რუსეთს, კორეას, სინგაპურს, ჩინეთს, თურქეთსა და ინდოეთთან. ქვეყნებს ძირითადად მაღალ ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალით ირჩევს.
განათლება - საუკეთესო ინვესტიცია
უფროს მეცნიერთა სამსახური მომავალ თაობებში სამეწარმეო და დეველოპერული უნარების გამომუშავებაზეც მუშაობს, სპეციალურ პროგრამას კი ინკუბატორების დახმარებით ახორციელებს.
„შერჩეულია 80 -მდე სკოლა, რომელთა მოსწავლეებს 13 წლის ასაკიდან ინკუბატორები ერთი წლის განმავლობაში კვირაში ხუთ დღეს ტრენინგებს უტარებენ და პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რთავენ. ეს პროგრამა ახალგაზრდებს ახალ ტექნოლოგიებში ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში ეხმარებათ", - აღნიშნა ითაი ბეკმა .
ბელა ნოზაძე