საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტები და ნიშური ბაზრები ევროკავშირში
2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა წინასწარი მონაცემებით, 208 მილიონ 186 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის ($646,426.6) დაახლოებით 30%-ია. ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ქართული აგროპროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს ძირითადად აფერხებს: პროდუქტის დაბალი ხარისხი, ლოგისტიკური საკითხები, მეწარმეებში ევროპის ბაზრების შესახებ მწირი ინფორმაცია და ქართული პროდუქციის დაბალი ცნობადობა ევროპელ მომხმარებლებში. eugeorgia.info-მ, როგორც დამოუკიდებელი, ასევე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული განვითარებადიქვეყნებიდან ექსპორტის ხელშეწყობის ცენტრის კვლევებზე დაყრდნობით ევროკავშირში ქართული პროდუქციისთვის ნიშურ ბაზრებზე რამდენიმე სტატია მოამზადა.
- ხილის ჩირი
ევროპის ბაზარი: ევროკავშირი მსოფლიოში ხილის ჩირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. ძირითადად, ქლიავის, ხურმის, ვაშლის, ბანანის, ფინიკის, ლეღვის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, გარგარისა და მსხლის ჩირის იმპორტი ხდება. იმპორტში ყველაზე დიდი წილი (25%) დიდ ბრიტანეთს უკავია. მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, გვატემალა, კოლუმბია, ბანგლადეში და ეკვადორი.
წარმოება საქართველოში: კომპანია GEOFOOD ერთ-ერთია, რომელმაც მარტვილში დამზადებული ხურმის ჩირი ჰოლანდიაში გაიტანა.
ხილის ჩირს წარმატებით ყიდის გერმანიაში კომპანია “გეო ფლაუერიც”.
შემოდგომაზე ხურმის ჩირს საექსპორტოდ დაამზადებს ჩხოროწყუში შპს ზაზა, რომელსაც პარტნიორი უკვე ჰყავს ლიტვასა და საბერძნეთში.
“ქარელის აგროინდუსტრიულ კომპანიას” შიდა ქართლში 25 ჰა-ზე შავი ქლიავის ყველაზე დიდი ბაღი და ჩირის გადამამუშავებელ საწარმო აქვს, საწარმოში ქლიავის ჩირი პირველად წელს დამზადდა და ჯერჯერობით, შიდა ბაზარზე იყიდება. კომპანიის დირექტორის თქმით, შავი ქლიავის ჩირის მოხმარება საქართველოში წელიწადში - 55 ტონამდეა, გერმანიაში კი- 10-ჯერ მაღალი, ამიტომ საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი- საქართველოში ჩირს, ძირითადად, სახლის პირობებში, ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და მზეზე აშრობენ, რის შედეგადაც ფერს კარგავს და კომერციულადაც ნაკლებად მიმზიდველი ხდება. მეწარმეებს არ აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
შეფუთვა/დახარისხება-პროდუქტის ევროპაში გასატანად მეწარმეები თავად ახარისხებენ, აფასოებენ და აწყობენ ყუთებში. არ არის საწარმოები, სადაც პროდუქტი შეიფუთება და ევროპაში გასატანად სასურველ სარეალიზაციო სახეს მიიღებს.
- მოცვი/ლურჯი მოცვი
მოცვის წარმოების კომერციალიზაცია საქართველოში ახლახან დაიწყო, თუმცა ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია (2014-$150 ათასი 2015- $215 ათასი;). ლურჯ მოცვზე საერთაშორისო მოთხოვნაც სწრაფად იზრდება, 2010-2014 წლებში ევროკავშირში მოცვის იმპორტი გაორმაგდა. საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობაც აქვს -ქართული მოცვი მწიფდება რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ევროკავშირის მთავარ მიმწოდებელ ქვეყნებში- პოლონეთში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში. მაისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტი ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ- ამ დროს ევროპაში კენკროვანი კულტურების კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამასთან, დამთავრებულია მოსავალი ლათინურ ამერიკაში, საიდანაც ხდება კენკროვნების ექსპორტი.
ევროპის ბაზარი: ევროპაში კენკროვანი კულტურების ყველაზე დიდი წარმოება აქვს პოლონეთსა და ნიდერლანდებს, ესპანეთიდან დიდია რეექსპორტის მოცულობა. კენკროვან ხილს ყველაზე დიდი ოდენობით გერმანელები და პოლონელები მოიხმარენ, პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებშიც. ევროპელები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივი მეთოდებით მოყვანილ და წარმოებულ პროდუქტს. შესაბამისად, იზრდება ორგანული კენკროვანი ხილის ბაზარიც.
წარმოება საქართველოში: ოზურგეთში მდებარე კომპანია “ვანრიკ აგრო გრუპი” საქართველოში ერთადერთია კენკროვანი კულტურების მწარმოებლებს შორის, რომელსაც “გლობალ გეპის” სერტიფიკატი აქვს. წელიწადში 1000 ტონას აწარმოებს, პროდუქტი გააქვს დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სომხეთსა და რუსეთში.
პოლონურ კომპანიას წელიწადში 3-5-მდე ტონა გამომშრალ მოცვსა და 20 ტონამდე ასკილს აწვდის ქუთაისში მდებარე ხილ-კენკროვნების საშრობი საწარმო შპს ILJ.
ევროპაში პარტნიორებს ეძებს შპს ვარციხის პლანტაციებიც, რომელსაც ბაღდადის რაიონში 12 ჰა-ზე მოცვისა და ჟოლოს პლანტაციები აქვს.
დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი -იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი ახალგაზრდაა და ლურჯი მოცვის კომერციული კულტივაცია დაბალ დონეზეა, ნედლეულის ხარისხი კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება. ნედლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეში შეგროვებული მოცვია; ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე- მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრებისა და ნიშური სეგმენტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რითაც სარგებლობენ საერთაშორისო შუამავალი კომპანიებიც, დაბალ ფასს სთავაზობენ ქართველ მწარმოებლებს და შემდეგ ქართულ პროდუქტს ევროკავშირის ბაზრებზე ძვირად ყიდიან.
- კივი
ახალი ზელანდიელების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კივის მოსაყვანად ყველაზე კარგი კლიმატი ახალი ზელანდიის შემდეგ საქართველოში, კერძოდ, ფოთი-ზუგდიდი-გალი-ოჩამჩირის ტერიტორიაზეა. ქართული კივის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი შაქრიანობაა. იტალიური კივის შაქრიანობის მაჩვენებელი 13,9%-ია, ქართულ კივის სიტკბოს შემცველობა კი 17,3%-ს შეადგენს.
დღეს კომპანია “ნერგეტა” ერთადერთია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოწეულ კივის ევროკავშირში ყიდის. „ნერგეტას“ კივი უკვე მეორე წელია გერმანიაში Lidl-ის სუპერმარკეტებში - ბავარიაში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში ბერძნული და იტალიური კივის გვერდით იკავებს ადგილს. კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი სტანდარტი “გლობალ გეპიც” აქვს დანერგილი.
დაბრკოლებები: ლოგისტიკა- სერიოზული პრობლემები ექმნებათ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც ევროპაში გადაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული გააქვთ და ჯერჯერობით, ვერც უცხოელი პარტნიორები მოიძიეს, ვინც იქ სასაწყობე მეურნეობის შექმნასა და მართვაში დაეხმარება. მცირე წარმოების გამო საკუთარი პროდუქტით კონტეინერებს ვერ ავსებენ და სხვა კლიენტის ლოდინი დიდხანს უწევთ. საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება ფასს ძალიან აძვირებს, არასტაბილური მომოსვლა შედარებით იაფ ბორანსაც გამოუყენებელს ხდის.
- ბროწეული
ევროკავშირი ბროწეულის იმპორტს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, ყველაზე დიდი მოცულობით-მაისში. პიკურ პერიოდში საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,80 -3 ევრომდე (ჯიშის მიხედვით) მერყეობს. ყველაზე პოპულარულია სახეობა-Wonderful.
ბროწეული ევროპელებისთვის ეგზოტიკური ხილის კატეგორიაში გადის, მაღალ საფასო სეგმენტში იყიდება და მოთხოვნაც იზრდება. ევროპაში მთავარი მწარმოებელი ესპანეთია, სეზონი იქ ოქტომბრიდან იანვრამდე გრძელდება, ამ პერიოდში ბაზარი ევროკავშირში საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ ექსპორტის განხორციელება არასეზონზე უფრო მეტად მიზანშეწონილია. თუმცა, შესაძლებელია ფასებით კონკურენციაც.
2014 წელს ბროწეულით ვაჭრობამ ევროკავშირში 219 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც, თითქმის, 1/3 განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან: თურქეთი (31 ათასი ტონა) და ისრაელი (15 ათასი ტონა). პერუ, კოლუმბია და სამხრეთ აფრიკა ექსპორტზე შედარებით მცირე, 5-6 ათას ტონა ბროწეულს გზავნიან. ყველაზე დიდი მოცულობით ( 42 ათასი ტონა) ბროწეულის იმპორტს ნიდერლანდები ახორციელებს, მეორე ადგილზეა გერმანია (38 ათასი ტონა). მათ მოსდევს იტალია (12%), საფრანგეთი (10%), ავსტრია (7%) და დიდი ბრიტანეთი (6%).
ბროწეულისგან წარმოებული პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება, წვენებში, სურსათის დანამატების სახით ტკბილეულსა და რძის პროდუქტებში (ჩრდილოეთ ევროპაში) და სოუსებში, საკმაზებსა და ბურღულეულში (სამხრეთ ევროპაში). დიდ ბრიტანეთში, სუპერმარკეტებში 100 გ დაფასოებული ბროწეულის მარცვლები 1,5 სტერლინგი ღირს.
ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები:
- ძირითადი აქცენტის აღება გერმანიაზე, როგორც უმსხვილეს მომხმარებელზე;
- ნიდერლანდების, როგორც საპორტო ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინება- ნიდერლანდებიდან ხდება ხილ-ბოსტნეულის რეექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში;
- მჭიდრო კავშირის დამყარება ევროპელ მყიდველებთან, რომ მოთხოვნასა და მოგებაზე, ასევე დროებითი ან სტრუქტურული შეფერხებების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღონ.
- კურკოვანი კულტურები
კურკოვანი კულტურა (ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, გარგარი და ალუბალი) ევროპის არა ერთ ქვეყანაში მოდის, ამიტომ ევროკავშირში განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტი მხოლოდ არასეზონზე-იანვრიდან-მარტამდე ხდება, როდესაც დეფიციტია, თუმცა, წლის ამ მონაკვეთში დეფიციტია საქართველოშიც, ამის მიზეზი პროდუქტის მცირე რაოდენობა და სამაცივრე მეურნეობების არარსებობაა.
ევროპის ბაზარი: ევროპის ყველაზე დიდი მომმარაგებლები სამხრეთ აფრიკა, თურქეთი და ჩილე არიან. განვითარებადი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ოდენობით კურკოვანი კულტურა ევროკავშირში ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოს შეაქვთ, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა ბაზრებზე რეექსპორტს ახორციელებენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ატამზე, ვაშლატამაზე, ქლიავზე, გარგარსა და ალუბალზე გერმანიაშია (2014 წელს 451 000 ტონა შევიდა). გერმანიის შემდეგ ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან საფრანგეთი (190 000 ტონა), გაერთიანებული სამეფო (177 000 ტონა), იტალია (143 000 ტონა) და პოლონეთი (130 000 ტონა).
ევროკავშირში ახალ ხილს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ ვაშლს და მსხალს. ვაშლის სახეობებს შორის პოპულარობით სარგებლობს "გოლდენ დელიშესი" (პირველ ადგილზეა). 2014/15 წლების მონაცემებით, ამ სახეობას ევროკავშირში ვაშლის წარმოების 22% უჭირავს. ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ვაშლის ამ სახეობაზე. მეორე ადგილზეა “გალა”.
1კგ ფასი ევროკავშირის სუპერმარკეტებში:
გარგარი - €6.00 - €7,50
ალუბალი - €5.00 – €10.00
ატამი და ვაშლატამა - €2.50 – €6.00
ქლიავი - €2.50 - €7.50
დაბრკოლებები: ლოგისტიკური საშუალებები- არ არსებობს შესაბამისი შესაფუთი და სამაცივრე სისტემები, რომ ხილი დაბინავდეს სეზონზე და შემდგომ სისტემური და სტაბილური მიწოდება მოხდეს.
- ვარდის ზეთი
ევროპაში 1კგ ვარდის ზეთის ღირებულება, ადგილწარმოშობის მიხედვით, $7 000-10 000 აღწევს, განსაკუთრებულად ფასობს, თუ ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ათასობით სახეობიდან კომერციულად ღირებული მხოლოდ სამი ჯიშის ვარდია - Rosa damascenа (დამასკოს ვარდი) , Rosa centifolia და Rosa gallica (მაისის ვარდი). „დამასკოს ვარდის“ კულტივაციას ბულგარეთსა და თურქეთში მისდევენ, „გალიკას“ კი - მაროკოში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და მცირე რაოდენობით - საფრანგეთში. თუმცა, მსოფლიო ბაზარს, თითქმის 100%-ით, ორი ტრადიციული მწარმოებელი - ბულგარეთი (40%) და თურქეთი (60%) - ინაწილებს.
საქართველოში ვარდის ზეთის წარმოება არ არის განვითარებული, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ვარდის ზეთის წარმოებას იწყებს კახეთში კომპანია „კახეთი ბიოა“, რომელიც პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტსაც გეგმავს გერმანელი პარტნიორის დახმარებით.
- სტაფილოს თესლის ზეთი
ჰოლანდიური კვლევითი ცენტრის (CBI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიო ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა სტაფილოს თესლის ზეთის დეფიციტია და წარმოება ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სტაფილოს თესლის ზეთი ძირითადად კოსმეტიკასა და თავის მოვლის სხვა საშუალებებში გამოიყენება. ევროპული ორგანიზაცია ევროპისა და აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და დაიწყონ სტაფილოს თესლის ზეთზე მუშაობა, რადგან ამით ევროპის ბაზარზე დამკვიდრების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
ევროპის ბაზარი: სტაფილოს თესლის ზეთი, ძირითადად, საფრანგეთსა და ინდოეთში იწარმოება, თუმცა ველური სტაფილოს მოყვანა ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც შესაძლებელია. საფრანგეთში წარმოებული ზეთის 80% შიდა ბაზარზე პარფიუმერიის დასამზადებლად გამოიყენება, რაც შეეხება ინდოეთს, ის სტაფილოს თესლის ზეთის ექსპორტს ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და იაპოანიში ახორციელებს. ევროპაში ძირითადი იმპორტიორები იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და სკანდინავიური ქვეყნები არიან. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სტაფილოს თესლის ზეთი კოსმეტიკის დასამზადებლად ყველაზე დიდი ოდენობით სჭირდებათ.
წარმოება საქართველოში: სპეციალისტების თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სტაფილოს თესლის ზეთი ევროპაში გაიტანოს. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში მოყვანილი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს. 2015 წელს საქართველოში თურქეთდან 6,607.7 ტონა, ისრაელიდან 515.7, სხვა ქვეყნებიდან კი 175.2 სტაფილო შემოვიდა.
- ჩაი
მსოფლიოში ბიო ჩაის დეფიციტია და დარგის სპეციალისტების თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, ვინაიდან ყველაზე ჩრდილოეთით წარმოების წერტილია, მავნებელი მწერებისგან დაავადებების რისკიც ნაკლებია, და ამიტომ პესტიციდების გამოყენებაც შეიძლება მინიმალური იყოს. ამასთან, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ქართულ ჩაიში ნაკლები ექსტრაქტულობაა, ანუ კოფეინის და ტანინის შემცველობა მცირე დოზითაა, ამის გამო დღის განმავლობაში ქართული ჩაის მრავალჯერადი მოხმარება მავნებელი არ არის.
წარმოება საქართველოში: ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს ჩაის პლანტაციები 19 ათასამდე ჰა-ზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათასი ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია, დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება. საქართველო შიდა მოხმარების მხოლოდ 3%-ს აწარმოებს და 5 ათასი ტონა ჩაი იმპორტით შემოდის.
ოზურგეთში მდებარე კომპანია “საქართველოს თაიგული” 30-40 ტონა უმაღლესი ხარისხის დაფასოებული ჩაის წარმოებას გეგმავს (მათ შორის ორგანული ჩაის), რომელიც საქართველოსა და ჩეხეთში გაიყიდება. ადგილობრივი ბაზრის გარდა ჩეხეთში ყიდის პროდუქციას „ტყიბულის ჩაი“ და შპს მილმართიც (ბრენდი „შემოქმედი”), რომლის საექსპორტო ბაზრებსაც, შესაძლოა, პოლონეთი და ბულგარეთიც შეემატოს.
ევროპის ბაზარი: ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც შედარებით თბილი ჰავაა, მოხმარება მინიმალურია, თუ ქვეყანას არა აქვს ჩაის მოხმარების ტრადიცია, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაშია. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, გერმანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით უფრო ეფექტური იქნება ქართული ჩაის ბრენდის შექმნა.
დაბრკოლებები: ჩაის დაბალი ხარისხი; თანამედროვე ტექნიკა-დანადგარების არქონა; დარგის სპეციალისტების დეფიციტი და ცოდნის არარსებობა; მოძველებულია სანერგე მეურნეობები.
- მწვანილი
“ქართული მწვანილი მოდის წელიწადის ძალიან კარგ დროს: სექტემბრიდან- მაისამდე, ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპას მწვანილი სჭირდება”- ასე შეაფასა ჰოლანდიურმა კომპანიამ bilancia ქართული მწვანილი, მას შემდეგ რაც ევროკავშირში რეალიზაციის პოტენციალი შეისწავლა. კვლევის თანახმად, ქართულ მწვანილს შეუძლია ევროპული ბაზრის 0,2% დაიკავოს, 1 კგ-ის მინიმალური ფასი 2-3, მაქსიმალური კი - 6 ევრო იქნება. საუბარია ოხრახუშის, კამის, ქინძისა და რუკოლას წარმოებაზე. რუკოლა საქართველოსთვის არატრადიციული სახეობაა, თუმცა ძალიან პოპულარულია იტალიასა და საფრანგეთში, ძირითადად ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ეგვიპტესა და თურქეთში მოდის. bilancia-ს დასკვნით, ქართული მწვანილის ხარისხი კარგია და სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, წარმოების მოცულობის 50%-ით გაზრდაც შეიძლება. ჰოლანდიური კომპანიის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ ფერმერებმა კოოპერატივი დააფუძნონ, რაც შეამცირებს ახალი ტექნოლოგიებისა და GLOBAL GAP-ის სტანდარტის დანერგვის ხარჯებსა და წარმოების მოცულობასაც გაზრდის.
წარმოება საქართველოში: იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმესა და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლოებით 25 000-მდე ტონა მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში გადის.
წყალტუბოს რაიონში შპს ჰერბია ერთადერთია, რომელიც ქართულ მწვანილს ევროპის ბაზრებზე ყიდის. კომპანიას GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აქვს დანერგილი, პროდუქცია ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდულად - მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შედის, ისიც მცირე რაოდენობით. ევროპული მარკეტები დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, ჰერბია" კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კომპანია ჰოლანდიელ პარტნიორებთანაც მართავს მოლაპარაკებებს. საწყის ეტაპზე მაქსიმალური მოცულობა 30 ტონა იქნება.
ევროპის ბაზარი: 500 მლნ. მომხმარებლით ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. Eurostat-ის ინფორმაციით, 2009-2013 წლებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი 8,3% იზრდებოდა. ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, შემდეგ მოდის ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ბრაზილია და პერუ. Eurostat-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.
დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი; თანამედროვე ტექნოლოგიების არქონა და ცოდნის ნაკლებობა; საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციის არქონა; ტრანსპორტირება-კომპანიები ძირითადად მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და საკუთარი პროდუქტით კონტეინერების შევსების პრობლემა აქვთ.
- დაფნა
ევროპის ბაზარი: Eurostat-ის მონაცემებით, თურქეთისა და ინდოეთის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე განვითარებადი ქვეყნებიდან მე-3 ადგილს ქართული დაფნის ფოთოლი იკავებს. ექსპორტირებული 76%-დან 70% მხოლოდ თურქეთიდან შეტანილი დაფნის ფოთოლზე მოდის, თუმცა, ხშირად ევროპის ბაზარზე თურქული პროდუქტის სახელით ქართული დაფნაც ხვდება. დაფნის კულტურა ძირითადად თურქეთის ანატოლიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ხარობს. საქართველოში კი, ძირითადად, სამეგრელოში, ხობის რაიონში მოდის, ასევე, მცირე რაოდენობითაა იმერეთში (თერჯოლა), გურიასა და აჭარაში.
წარმოება საქართველოში: ექსპორტზეა ორიენტირებული კომპანია “აგროლენდი”, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 400-500 ტონას უკეთებს რეალიზაციას, აქედან, ევროპის ქვეყნებზე მხოლოდ 10% (უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი), დანარჩენი კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების (უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი) ბაზარზე მოდის.
“L&G Company” 5 წელია ხობის რაიონში დაფნის ფოთოლს აწარმოებს. ძირითადი საექსპორტო ბაზარი უკრაინაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი მხოლოდ პოლონეთში, რამდენჯერმე გაგზავნა.
ეგვიპტურ-ქართული ინვესტიციით გახსნილი AM Trading ბაზარზე სულ 2 წელია ოპერირებს. ბულგარეთში წელს მეორედ გაიტანა დაფნის ფოთოლი, რომელიც ხობის რეგიონში შეიძინა, მოლაპარაკებები აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთანაც.
დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი-ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართულ კომპანიებს კონკურენციის გაწევა უჭირთ, ხარისხია, რასაც ევროპა ითხოვს. საქართველოში საშრობი დანადგარები და თანამედროვე ტექნიკა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს. ამასთან, დაფნის არცერთ მწარმოებელს არა აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საერთაშორისო შუამავლები- თურქებს საქართველოდან დიდი ოდენობით დაფნა გააქვთ, იქ ახარისხებენ, მაღალი ხარისხის პროდუქტს ყიდიან ევროპის ქვეყნებში, დაბალი ხარისხის რაც რჩება, მცენარეული საღებავებით ამუშავებენ და დსთ-ს ქვეყნებშიც კონკურენციას უწევენ ქართველ მეწარმეებს. ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე- კიდევ ერთი პრობლემა ევროპის ბაზარზე პარტნიორის მოძებნა და ევროპის დარწმუნებაა, რომ ქართული პროდუქტი ხარისხიანია.
- ბიოღვინო
განვითარებადი ქვეყნებიდან ორგანული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალია ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, დანიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბენილუქსის ქვეყნებში. გერმანია მსოფლიოში ორგანული ღვინის წამყვანი იმპორტიორია, წლიურად, დაახლოებით, 30 მილიონ ბოთლს ყიდულობს, ძირითადად, იტალიიდან და ესპანეთიდან, ვინაიდან, ევროპაში, ორგანული ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია არიან. იმის მიუხედავად, რომ ორგანული ღვინო მაინც რჩება ნიშურ ბაზრად, ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის: ნიდერლანდებში, გერმანისა და სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი) უკვე კარგად აქვთ ჩამოყალიბებული ორგანული ღვინის ბაზრები.
წარმოება საქართველოში: ბოლო 2 წელია გაიზარდა მეღვინეთა რაოდენობა, რომელთაც საკუთარი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნა უნდათ.
იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში ბიო ღვინოს მხოლოდ მცირე წარმოება აქვს (5000 ბოთლი), თუმცა პროდუქციას თითქმის მთლიანად ევროპულ ბაზარზე ყიდის. იაგოს ღვინო დღეს 11 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, უმეტესობა ევროპის ქვეყნებია (იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, დანია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, ავსტრია). იაგოს ღვინო ნატურალური პროდუქტის მაღაზიებში დაახლოებით 20 ევრო, რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში კი 3-ჯერ ძვირი ღირს.
ევროპაში წარმატებით ყიდიან ბიო ღვინოს ძმები ჯაყელებიც. ჯაყალების ღვინო ინგლისში, შვეიცარიასა და პოლონეთში იყიდება.
ირაკლი ნიკოლაშვილი- ერთ-ერთი პირველი მეწარმეა, რომელმაც ბიო ღვინო ევროპის ბაზარზე გაიტანა. პირველად, 2009 წელს ლიტვაში გაყიდა, ბოლო პარტია (1000 ბოთლი) კი შვეიცარიასა და გერმანიაში მიმდინარე წლის იანვარში გაგზავნა.
2 წელია ბიო ღვინოს აწარმოებს ბაკურციხეში გოდერძიშვილების საგვარეულო ღვინის მარანი. ბიო სერტიფიკატის აღებამდე ბრიტანელ პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და წლის ბოლომდე 1200 ბოთლის გაგზავნასაც გეგმავს.
დაბრკოლებები: მარკეტინგი - ქვეყნისა და ღვინის ცნობადობა ჯერ კიდევ არ არის დიდი, ევროპაში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც არ იციან ქართული ღვინო, მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით მუდმივი მუშაობაა საჭირო.
- თხილი, კაკალი, ნუში
საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. ქართული თხილის 75%-ზე მეტის ექსპორტი დასავლეთი ევროპის ქვეყნებში ხდება. ევროკავშირის ბაზრებზე ყველაზე ძლიერი კონკურენტი თურქეთია, თუმცა ქართული თხილის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მისი მაღალი ცხიმიანობა, რაც 7-8%-ით მეტია თურქული თხილის სახეობებთან შედარებით. აღნიშნული უპირატესობის გამოყენება შესაძლებელია წარმატებული საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიისთვის.
თხილთან ერთად მსოფლიო ბაზარზე კაკალსა და ნუშზე მოთხოვნაც ყოველწლიურად იზრდება. ევროკავშირში ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია გერმანია, რომელსაც ნუშის წარმოება არა აქვს და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. გერმანიაში მიწის თხილის შემდეგ ყველაზე დიდი ოდენობით ნუშს მოიხმარენ. ევროპაში ნუშის მთავარი მიმწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნუში გააქვთ ირანს, სირიას, ჩილეს, უზბეკეთს, ავღანეთს, პაკისტანს, ყირგიზეთს, ინდონეზიასა და ბურკინა ფასოს.
დაბრკოლებები: პროდუქტის დაბალი ხარისხი-რაც უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობასა და GAP/HACCP სტანდარტების არქონას. ამასთან, ბევრ ფერმერს არ აქვს თანამედროვე უნარ-ჩვევები, რისი შედეგიცაა დაბალი მწარმოებლურობა და დანაკარგი მოსავლის აღების დროს.
საერთაშორისო შუამავლები-თხილის გადამამუშავებელთა უმრავლესობა თხილს საერთაშორისო ბაზრებზე შუამავლების (ძირითადად თურქეთიდან) მეშვეობით ყიდის, რომლებიც ქართულ პროდუქტს გაცილებით მაღალ ფასს ადებენ ევროპის ბაზარზე შეტანისას.
- მატყლი
ცხოველური წარმოშობის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი პროდუქტი, რომლის ექსპორტიც დაუშვა ევროკავშირმა, მატყლია. ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს ჯორჯიან ვულ და შპს ქართული მატყლის კომპანია. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია. იმისთვის, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი-EUR1. გარდა ამისა, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაბამისი სერტიფიკატიც ჰქონდეს. კიდევ ორი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო: 1. მატყლი უნდა იყოს კარგად გამშრალი და შეფუთული უსაფრთხოდ და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მისი გადამუშავება მოხდება. თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მას მიმღები ქვეყნის საბაჟო უკან დააბრუნებს.
- თაფლი
მატყლის შემდეგ ევროკავშირის ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან თაფლისთვის უნდა გაიხსნას.
ევროპის ბაზარი: ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის მოხმარებით პირველ ადგილზეა, გაზრდილი მოხმარებისა და შიდა წარმოების შემცირების გამო ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და მოხმარებული თაფლის დაახლოებით 40%-ს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბაზრები ინაწილებს თაფლის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50%-ს. ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების მიუხედავად, ჩინეთი რჩება ევროკავშირისთვის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად. ჩინეთს ყოველწლიურად 83 ათას ტონაზე მეტი თაფლი შეაქვს, რაც მთლიანი იმპორტის 26%-ია. ჩინუ