ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი 14 ოქტომბერს გადაწყდება
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით დასრულდა.
“მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 2016 წლის მაისში ჩატარდა. ამის შემდეგ გაერთიანების წევრ ქვეყნებში ფორმალური პროცედურები დაიწყო. მიიღებს თუ არა საქართველო გაერთიანების წევრის მანდატს, ეს საკითხი მინისტერიალმა უნდა გადაწყვიტოს. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალი წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს ის 14 ოქტომბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სარაევოში უნდა ჩატარდეს. ფორმალურმა პროცედურებმა კარგად ჩაიარა. ველოდებით, რომ 14 ოქტომბერს საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის მანდატს მიიღებს. ამის შემდეგ ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს. სავარაუდოდ, პროცესი საგაზაფხულო სესიაზე დასრულდება. მთავარი დეროგაცია (დროებითი გადახვევა - მ.ვ.), რასაც ჩვენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებისგან ვითხოვდით, არის ის, რომ ახალი რეგულაციები საქართველოსა და ბიზნესკონსორციუმებს შორის აქამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს არ შეეხოს. ეს შეთანხმება მიღწეულია,” - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში მარიამ ვალიშვილი.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების და ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების მიზნით 2006 წელს შეიქმნა. მას ხელს ევროკავშირი და 9 მოკავშირე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა აწერს.
საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში 2006 წელს მიიწვიეს. 2007 წელს მან დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიიღო.