ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები და გამოწვევები - როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები პრობლემების მოგვარებას?
უკვე 2 წელია, საქართველოსთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ღიაა. 28 ქვეყანა და 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი - 2014 წლის პირველი სექტემბერიდან DCFTA-ის ამოქმედებამ საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ნულოვანი საბაჟო ტარიფით 9600 დასახელების პროდუქციის ექსპორტირების საშუალებას იძლევა. DCFTA-ის ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ სპეციალისტები ამბობენ, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. რა ფაქტორები აფერხებს ქართული პროდუქტის ექსპორტს ევროპაში? ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარ პრობლემას გამოყოფს.
- „ნულოვანი ტარიფებით ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მსურველ ქართველ მეწარმეებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ. ეს არის მთავარი პრობლემა, ქართული პროდუქტი ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თუ გვინდა პროცესი დავაჩქაროთ, ამ მხრივ ხელისუფლების დახმარებაა საჭირო, სხვა შემთხვევაში დროში გაიწელება.
- მეორე, ეს არის პროდუქციის მცირე რაოდენობა. შესაძლოა, მეწარმე მოელაპარაკოს მყიდველს, კონტრაქტიც გააფორმოს, მაგრამ არ შეუძლია შესაბამისი რაოდენობით პროდუქტის წარმოება და ექსპორტირება. ევროპაში ყველა კონკრეტულ ოდენობას ითხოვს.
- შემდეგ მოდის ექსპორტის ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- ასევე, ქართულ პროდუქტს სჭირდება შესაბამისი ფიარი. დღეს გერმანიაში 2 ევროდ იყიდი ნორმალურ ღვინოს, ქართული კი 10-15 ევრო ღირს, გერმანელები გვეუბნებიან, შესაძლოა, თქვენი ღვინო უნიკალურია, მაგრამ ვიღაცამ საერთოდ არ იცის იქ საქართველო და რატომ იყიდის? ბრენდს თუ ქმნი, შესაბამისად უნდა წარმოაჩინო და მისი ცნობადობა გაზარდო“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი.
იმისთვის, რომ საქართველომ DCFTA-ით გათვალისწინებული ყველა სარგებელი მიიღოს, ხელისუფლებამ თავისი რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენოს - ამაზე დღეს ყველა თანხმდება; მეტიც, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეებისთვის გარკვეულ დონეზე დახმარებაც აუცილებელია. პრინციპი, რომ ყველაფერი ბაზარს უნდა მივანდოთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, არც ისე ეფექტიანი იყოს.
„მაგალითად, დავაწესეთ კონკრეტული ვადა, რომ ამ დრომდე ყველამ უნდა დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტი, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დანერგეს, შემდეგ რას ვშვრებით? ვაჯარიმებთ მუდმივად? ვხურავთ ყველას? ეს არავისთვის მომგებიანი არ იქნება, გარკვეულ დონეზე დახმარება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია, ეს სტანდარტები ასეთი მოთხოვნადი რომ არ იყოს, შეიძლებოდა, ბაზრისთვის მიგვენდო, მაგრამ რადგან ჩვენც ვითხოვთ ჩვენს შიდა ბაზარზე, მხარდაჭერა აუცილებელია. კარგია, რომ ბიზნესიც მაქსიმალურად იყოს ამ პროცესში ჩართული“, - ამბობს ISET ის მკვლევარი.
eugeorgia.info დაინტერესდა, როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში საგარეო სავაჭრო ურთიერთობების თავის პირველი საკითხი ბიზნესისთვის ახალ ბაზრეზბზე შესვლაში დახმარებას ეძღვნება. ასევე, ვკითხულობთ, რომ განვითარდება ონლაინ პლატფორმა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის ქართველ ექსპორტიორებს მათთვის საინტერესო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი,ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კი გაიზრდება საწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა. დოკუმენტში არ არის ლაპარაკი ევროპული სტანდარტების დანერგვისა და პროდუქციის მცირე რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზებზე. „ქართული ოცნების“ სიის მერვე ნომერი რომან კაკულია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების გამოსავლენად კვლევების ჩატარებას გეგმავს, პარალელურად კი მეწარმეებს ევროპული სტანდარტებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში მიაწვდის.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ე.წ. კონკურენტული უპირატესობის შეფასება. არსებობს პროდუქტების სია, რომელთა საექსპორტო პოტენციალი უკვე აღიარებულია, დამატებითი კვლევები, კიდევ რას აქვს მსგავსი უპირატესობა, ევროკავშირის პროექტის (DCFTA facility) ფარგლებშიც ჩატარდება , ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაიწყება მუშაობა ამ მიმართულებით. უახლოეს ექვს თვეში უნდა იყოს ამაზე პასუხი. იწყება პროგრამა DCFTA facility, რომელიც მოიცავს, როგორც კონკრეტულ დახმარებას მეწარმეებისთვის, ასევე კომპონენტს, რომლითაც საკონსულტაციო მომსახურება დაფინანსდება. ეს, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს ვერ მოიცავს, თუმცა ყველა რეგიონში შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები. შეირჩევიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს, მეორე მხრივ, ტრენინგები ჩატარდება ქართული საკონსულტაციო კომპანიებისთვისაც“, - ამბობს რომან კაკულია.
ქვეყნის მასშტაბით სოფლის-მეურნეობის სამინისტროს 56 საექსტენციო ცენტრი უკვე აქვს. საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება აღნიშნულ ბაზაზე მოხდება თუ დამატებით კიდევ ახალი სამსახურები შეიქმნება? ამ შეკითხვაზე რომან კაკულია გვპასუხობს, რომ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრების გამოუყენებლობა მცდარი იქნებოდა, ადამიანები არიან დასაქმებული, დატრენინგებული, რა თქმა უნდა, მათი მეშვეობითაც გავრცელდება ინფორმაცია, მაგრამ დამატებითაც შეიქმნება“.
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ „დანერგე მომავალი“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ პროგრამების შედეგები არ დათვლილა და არ არსებობს ინფორმაცია, რა სარგებელი მოუტანა ბიუჯეტიდან დახარჯულმა მილიონობით ლარმა ქართულ ეკონომიკას, რომან კაკულია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამები არ შეჩერდება.
„არ გვქონია ილუზია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ერთ წელიწადში რადიკალურად შეიცვლებოდა მდგომარეობა. შედეგი არ არის ხოლმე 2 რამის გამო, ან არასწორია მიდგომა, ან საკმარისი არ არის თანხა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი თუ არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისი რესურსი არ ჩაიდო და არა იმიტომ, რომ მიდგომა იყო არასწორი. მიდგომა არის სწორი, ამიტომ უფრო მეტი რესურსი ჩაიდება ამ პროგრამებში“, - ამბობს რომან კაკულია.
ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებაზე, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე არ არის ლაპარაკი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში.
„ზოგადად ლაპარაკი იმაზე, რომ ექსპორტს წახალისება სჭირდება, რომ კვლევები ჩატარდება, ეს ყველაფერი პროგრამისთვის ძალიან ზოგადი და არაფრისმთქმელია. გვაქვს კონკრეტული დაპირებები. ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა, ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი“, - ამბობს სერგი კაპანაძე.
eugeorgia.info დაინტერესდა, პროგრამის მიღმა თუ არსებობს გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც დღეს DCFTA-ს სარგებლის მაქსიმალურად მიღებას უშლის ხელს?
„დეტალებში არ გვაქვს. პროგრამაში ჩავდეთ მხოლოდ ის კონკრეტული სიახლეები, რაც ჩვეულებრივ საჯარო სამსახურის ფუნქციების მიღმაა, ის, რომ კვლევა ჩატარდება, მეწარმეები მიიღებენ მეტ ინფორმაციას, ეს ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი ფუნქციაა, ამის დაწერას აზრი არა აქვს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვაპირებთ, მაგრამ ეს პროგრამა არის უფრო ამბიციური“, - ამბობს სერგი კაპანაძე.
სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სახის სუბსიდირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ ბლოკში - „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ყიფიანის თქმით, ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება განათლების კომპონენტის გაძლიერებით არის შესაძლებელი.
„სახელმწიფოს როლი არ არის, რომ შექმნას რაღაც სააგენტოები, შემდეგ შეისწავლოს ბაზარი, რომელიც მუდმივად განახლებადია, აქედან გამომდინარე ამ პროცესში სახელმწიფოს როლს საერთოდ ვერ ვხედავ. სტანდარტებს რომ ვერ აკმაყოფილებენ მეწარმეები, აქ ვხედავთ სახელმწიფოს როლს და ეს არის განათლების კომპონენტი. თუ ფერმერების გარკვეული ჯგუფი გამოთქვამს სურვილს, რომ ტრენინგი გაიაროს გარკვეული მიმართულებით, ჩვენ ვაუჩერებს გადავცემთ, იქნება სასწავლო პროგრამები. წესით ესეც ბიზნესის საქმეა, მაგრამ რადგან შეიძლება, ბიზნესი ვერ იყოს მოქნილი, სახელმწიფოს როლი განისაზღვრება ვაუჩერული პრინციპით“, - ამბობს ირაკლი ყიფიანი.
კიდევ ერთი მიმართულება, რის გაძლიერებასაც „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ გეგმავს, ეს არის საიმიჯო კამპანიები.
„ამ მიმართულებით გაცილებით მეტი უნდა დაიხარჯოს. უფრო მეტად ცნობადი უნდა გახდეს ქართული პროდუქცია და საქართველო ევროპული ბაზრისთვის, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის, ყველაზე მაღალი კულტურის მქონე, უნდა იყოს საიმიჯო ელემენტები. ეს მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ცნობადობას კი არ გაზრდის, არამედ ზოგადად, ქვეყანაზეც დადებითად იმოქმედებს, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაზე აქცენტის გაკეთებას გეგმავს რესპუბლიკური პარტია. როგორც პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, „სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ ქართველ ბიზნესმენებს გაუხსნას ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის არხები“. ასევე, დოკუმენტში ლაპარაკია, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული პროდუქციის მოცულობის ზრდას და ექსპორტზე გასვლას,ამ მიზნითკი უნდა განხორციელდეს სპეციალური პროგრამა „ექსპორტის მხარდაჭერისთვის“.
„ექსპორტი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, რა საინფორმაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ამაზე მომზადდება კვლევები, უნდა შეიქმნას გეგმა, ეს დოკუმენტი მარტივი გასაკეთებელი არ იქნება. მეწარმეებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, საჭიროა ინფორმაციის მიწოდება ევროპის ბაზარზე არსებულ ფასებზე, ხარისხსა და მოთხოვნებზე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ სამუშაოების დაფინანსება. ბიზნესს უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. ამ მიმართულებით იმუშავებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა“, - ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ნოდარ ებანოიძის თქმით, მეწარმეების დასახმარებლად ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხების მობილიზებაა საჭირო. რესპუბლიკური პარტია გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამებისთვის 600 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.
„უფრო მეტი პრიორიტეტი უნდა იყოს საშუალო და მცირე ბიზნესზე, თანხები საკმარისი არ არის აშკარად. შემდგომი წლების განმავლობაში ორი მიმართულებით გავააქტიურებთ მუშაობას, ეს იქნება სტარტ აპები და მეორე - უკვე არსებული ბიზნესის გაფართოება, საბოლოო ჯამში საგრანტო პოლიტიკას გავზრდით“, - ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მქონე პროდუქტების მხარდაჭერას გეგმავენ „თავისუფალი დემოკრატები“. ნათია კუტივაძის თქმით, დღეს კვლევების შედეგებს ნაკლებად ითვალისწინებენ, ხელისუფლებას კი ზოგადი მიდგომა აქვს.
„სახელმწიფო პროგრამები უფრო მიზნობრივი გახდება, სად გვაქვს კონკურენტული უპირატესობა და კონკრეტულ წარმოებას სად აქვს პოტენციალი, ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს, ან ადგილობრივად იმპორტი ჩაანაცვლოს, ამ მიმართულებით გავააქტიურებთ სახელმწიფო პროგრამებს და გაცილებით უფრო მიზნობრივსა და კვლევებზე დაფუძნებულს გავხდით. გავაგრძელებთ კვლევებს ახალი პროდუქტების აღმოსაჩენად, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეს უპირატესობა ევროპის ბაზარზე, ამბობს კუტივაძე.
გარდა ამისა, „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დანერგვაში უნდა ეხმარებოდეს.
„საჭიროა შესაბამისი რეგულაციების შემუშავება და იმპლემენტაცია, შემდეგ უნდა დავეხმაროთ მეწარმეებსა და ფერმერებს ევროპული სტანდარტების მიღებაში. ამ მიმართულებით შესაძლოა, შემუშავდეს გარკვეული სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პროდუქტის წარმოებაზე იქნება შესაძლებელი შეღავათიანი სესხის აღება. ასევე, მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია, რომ მეწარმეებმა იცოდნენ, რა არის საჭირო ევროპული სტანდარტების დასანერგად“, - ამბობს ნათია კუტივაძე.
საინტერესოა, რომ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1968 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 317 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები).
მაიკო გაბულდანი