დაგროვებითი საპენსიო სისტემა და მისი გამოწვევები
2017 წლიდან ხელისუფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას აპირებს. არსებული პროექტის თანახმად, საპენსიო ფონდში, დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6% გადაირიცხება: ფონდში 2%-ს სახელმწიფო ჩარიცხვას, 2%-ს - თავად დასაქმებული და 2%-ს დამსაქმებელი. საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: ამ გზით პენსიონერი უფრო ღირსეულ პენსიას მიიღებს და უზრუნველი სიბერე ექნება და ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტსაც შეუმსუბუქდება. არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტია?
პენსია - სოციალური დახმარება
ამჟამად საქართველოს ყველა მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ასაკობრივი პენსია ენიშნება, რომელსაც სოციალური დახმარების სახე აქვს. მისი ოდენობა დამოკიდებული არ არის ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ან საპენსიო ფონდში წლების განმავლობაში შეტანილი თანხის რაოდენობასა და ადამიანის შრომით სტაჟზე. 2016 წლის 1 ივლისიდან, პენსიონერი პენსიის სახით ყოველთვიურად 180 ლარს იღებს. როგორც წესი, საქართველოში პენსიის ზრდის მთავარი მიზანი მისი საარსებო მინიმუმთან მიახლოებაა. პენსიის მიღებისთვის საჭიროა ერთადერთ პირობაა - საპენსიო ასაკის მიღწევა. მოქალაქეებს უფლება აქვთ, საპენსიო ასაკში კერძო სექტორში გააგრძელონ მუშაობა და იმავე დროს სოციალური პენსიაც მიიღონ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოქალაქეებს კი ხელფასთან ერთად პენსიის მიღების უფლება არ აქვთ.
2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში 707 709 ასაკით პენსიონერი იყო რეგისტრირებული. პენსიით მათი უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯა (შედარებისთვის: 2006 წელს ასაკით პენსიონერების პენსიაზე ბიუჯეტიდან 268 მლნ ლარი გამოიყო).
მომავალი 15 წლის მანძილზე პენსიონერთა რაოდენობა სავარაუდოდ 30%-ით გაიზრდება და 950 ათასს მიაღწევს.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის და შობადობის დონის შემცირების ფონზე იზრდება ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობა, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კი მცირდება. შედეგად, დასაქმებულებს მათ მიერ ბიუჯეტისთვის გადახდილი ფულით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პენსიონერის დაფინანსება უწევთ: თუ ამჟამად ერთ პენსიონერს 4 დასაქმებული ინახავს, 2060 წლისთვის 4 დასაქმებულს 2 პენსიონერის შენახვა მოუწევს.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სისტემაში დასაქმებულის მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, სახელმწიფოსი და დამსაქმებლის კი - სავალდებულო. კერძოდ, თუ დასაქმებული თანახმა იქნება, რომ საპენსიო ფონდში ყოველთვიურად საკუთარი ხელფასის 2% ჩარიცხოს, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებულები იქნებიან მას 2-2% დაუმატონ. საპენსიო ფონდში გადარიცხულ ხელფასის 6%-ს დაემატება საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიების მიერ დარიცხული სარგებელი, რომლის რეალური მოგების კოეფიციენტიც, სავარუდოდ, 3.5% იქნება
საპენსიო ფონდი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. ფონდის საინვესტიციო სტრატეგიას დირექტორთა საბჭო განსაზღვრავს და დაამტკიცებს. საბჭო ფონდის აქტივების მართვის პროცესში არ იქნება ჩართული. აქტივების მართვა ტენდერის საფუძველზე გადაეცემა აქტივების მმართველ კომპანიებს. კონკურსის წესით შეირჩევა 2 კომპანია: აქედან ერთი ფონდში აკუმულირებული თანხების ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებაზე იზრუნებს, მეორე კი - ქვეყნის გარეთ ინვესტირებაზე. პროექტის ავტორთა აზრით, საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირება დაიცავს ფონდში აკუმულირებულ თანხებს სავალუტო რისკისგან. რისკების დივერსიფიკაციის მიზნით, ფონდის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60% საქართველოს ეკონომიკაში დაბანდდება, ხოლო დანარჩენი უცხოეთში, ორივე მმართველი კომპანიის საქმიანობას კი მარეგულირებელი ( სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი) გააკონტროლებს.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა საპენსიო ასაკში მყოფ მოქალაქეებს სიღარიბისაგან დაიცავს. გარდა ამისა, იქნება სამართლიანი, რადგან დაგროვებითი პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება პიროვნების მიერ წლების განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და ფონდში შეტანილი თანხის ოდენობაზე.
შეგვიძლია, ვიანგარიშოთ: თუ დასაქმებულის ხელფასია 1000 ლარი, 30 წლიანი მუშაობის შემდეგ მას ანგარიშზე 34 940 ლარი ექნება. ამ თანხით ის მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 262 ლარს მიიღებს.
საპენსიო ფონდები და მსოფლიო გამოცდილება
დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა ბევრ ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა სხვადასხვა წარმატებით.
პოლონეთში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1999 წელს ამოქმედდა. 2002 წლისთვის ამ სისტემაში უკვე ჩართული იყო 9.7 მლნ ადამიანი, დასაქმებულთა 60%-ზე მეტი. 2004 წლისთვის პოლონეთში უკვე არსებობდა 16 საპენსიო ფონდი, რომლებიც დაახლოებით 45.44 მლრდ ზლოტის ღირებულების კაპიტალს განკარგავდნენ. ამ სახსრების დიდი ნაწილი (50%) სახელმწიფო ობლიგაციებში იყო დაბანდებული.
2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს პოლონეთის საპენსიო ფონდებში არსებული თანხა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროდ გადაიქცა. მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირებული ნაწილის (ფონდების აქტივების 50%) კონფისკაცია განახორციელა. უფრო რადიკალურად განვითარდა პროცესები უნგრეთში, სადაც სავალდებულო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია მოხდა.
ეკონომისტები სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის სხვა რისკებზეც საუბრობენ. “მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად საგადასახადო წნეხი კიდევ უფრო იზრდება. ხელფასის 2% უნდა გადაიხადოს დასაქმებულმა, ხოლო 2% დამსაქმებელმა. საერთო ჯამში საგადასახადო წნეხი იზრდება 4%-ით. ეს 4% ისეთ კაპიტალს ვერ შექმნის, რომ მომავალში მისი ეფქტიანად გამოყენება იყოს შესაძლებელი.
გარდა ამისა, ამ რეფორმის შინაარს საერთო არაფერი აქვს საპენსიო რეფორმასთან. კერძო საპენსიო დაგროვებითი სისტემის არსი არის ის, რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, სად და რომელ საპენსიო ფონდში განათავსოს საკუთარი დანაზოგი და ამ მიმართულებით მისი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს მიმწოდებლის მიმართ ნდობას, მომსახურების ხარისხსა და სარგებლის განაკვეთის სიდიდეს. სახელმწიფოს ქუდის ქვეშ შექმნილი ფონდი კი არის ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო მონოპოლია საპენსიო ფონდის ბაზარზე, რომლის ადმინისტრირების ხარჯებიც ყოველთვის უფრო მაღალი იქნება კონკურენციის პირობებში მოქმედ კერძო საპენსიო ფონდებთან შედარებით,” - ამბობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგია პარტიის - “სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი პაპავაც: “საქართველოში ამჟამად არსებული ხელფასების განაკვეთი ძალიან დაბალია. ბევრი ადამიანის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. ცხადია, ასეთი ადამიანი ამ თანხით უზრუნველი სიბერისთვის საჭირო თანხას ვერ დააგროვებს. გარდა ამისა, პროექტში ნათქვამია, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს 10 000 ადამიანის დასაქმებას. რეფორმის ავტორები არ ითვალისწინებენ, რომ როდესაც დამსაქმებლებს დავავალდებულებთ, რომ დასაქმებულს საპენსიო ფონდში ხელფასის 2% გადაურიცხოს, მოთხოვნა სამუშაო ბაზარზე შემცირდება. გაურკეველია, სად მოხდება ფონდში აკუმულირებული თანხის ინვესტირებაც. არ გვაქვს განვითარებული კაპიტალის ბაზარი, რომ თანხა ფასიან ქაღალდებში ჩაიდოს. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს ფასიანი ქაღალდები და გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციები. თუ თანხის დაბანდება მოხდება სახელმწიფო ობლიგაციებში, ეს სწორი არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს თანხები სახელმწიფოს ხარჯვას მოემსახურება და არა ეკონომიკის განვითარებას. საპენსიო ფონდები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებრისკიან ადგილებში ჩადონ თანხები. მაგ. საქართველოში საპენსიო ფონდები ფულს ვერ დებენ, რადგან ჩვენი ქვეყნა ითვლება მაღალრისკიანად. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი თანხის ქვეყნის გარეთ გატანა, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის კარგი არ იქნება. გარდა ამისა, არ შეიძლება ადამიანები ვაიძულოთ, რომ დანაზოგი შეინახონ ლარში და თანაც გრძელვადიანად. თუ ნახავთ დანაზოგების შესახებ მონაცემებს, ნახავთ რომ ადამიანები არ ინახავენ ლარს, მითუმეტეს, გრძელვადიანად. შესაბამისად, ეს იძულებითი მექანიზმია და არა მგონია, მისი შემოღების უფლება გვქონდეს. გასათვალისწინებელია პოლონეთის და უნგრეთის მაგალითებიც. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს თანხა თავისთვის არ გამოიყენოს.”
მთავრობა საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლას 2017 წლის მესამე კვარტლიდან გეგმავს.