ხელისუფლებასთან ათწლიანი ლაპარაკის შემდეგ გესთჰაუზების პრობლემები კვლავ მოუგვარებელია
„ევროპაში ძალიან პოპულარულია, როდესაც სტუმარი საკუთარი ხელით წყვეტს პროდუქტს, თავად ქმნის საკვებს, ეს არის ეგზოტიკა - კარგად გასაყიდი ტურისტული პროდუქტი, ჩვენ ეს უნდა შევფუთოთ შესაბამისად და შევთავაზოთ ევროპელ ტურისტებს და არა მხოლოდ მათ. თუმცა სახელმწიფო ვერ მიხვდა, რა სჭირდება ამ სექტორს განვითარებისთვის, კანონის ცვლილებაა საჭირო და ცარიელი გესთჰაუზები ტურისტებით შეივსება,“ - ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, „რიქსოს-ბორჯომის“ გენერალური დირექტორი შალვა ალავერდაშვილი.
თანამედროვე სამყაროში დღეს სხვადასხვა კულტურის გაცნობისა და დასვენების ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მარტივი გზა აგროტურიზმია. ეს მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება. ტოსკანა, მალიორკა, კალიფორნია, ტაივანი - ეს ადგილები აგროტურიზმის ცენტრებად ითვლება, სწორედ აქ დამსვენებლებს აქვთ შესაძლებლობა, ბუნებასთან ახლოს მინიმალურ ფასად დაისვენონ, გაეცნონ იქაურ კულტურას და ადგილობრივი პროდუქტებისგან მომზადებული ეგზოტიკური კერძები დააგემოვნონ. სპეციალისტების შეფასებით, დღეს საქართველოში ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორედ აგროტურიზმის განვითარებაა, თუმცა ამ პროცესს მთელი რიგი ფაქტორები აფერხებს.
„გვაქვს ძალიან ბევრი გესთჰაუზი, სოფლის სახლი, ფემილი ჰაუზი, რომლებიც დაურეგისტრირებელია, როგორც კი ლეგალურად გადაიქცევიან, წამგებიანი კომპანიები ხდებიან. სახელმწიფო კარგავს შემოსავალს, ამავე დროს, ამ ადამიანებსაც არ მოსწონთ არალეგალურად საქმის წარმოება. იციან, რომ რაღაცას აშავებენ, განცხადება საჯაროდ რომ გაავრცელოს საკუთარ გესთჰაუზზე, ეშინია, იცის, რომ ვიღაც მიაგნებს“, - ამბობს ალავერდაშვილი.
მიშა წიკლაურს ყაზბეგის სოფელ გერგეტში უკვე 2 წელია, გესთჰაუზი აქვს. განცხადება booking.com-ზეც გამოაქვეყნა და მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ტურისტებს მასპინძლობს. ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის გარშემო გესთჰაუზები თითქმის ყველას დაურეგისტრირებელი აქვს, მისი ბიზნესი დღეს ლეგალურია და ინდ. მეწარმის სტატუსი მიიღო, ესეც იმიტომ, რომ მომავალში გაფართოება სურს და საჭიროების შემთხვევაში ბანკში კრედიტის ასაღებად ხარჯთაღრიცხვის წარდგენა მოუწევს. რადგან მიშას გესთჰაუზი დარეგისტრირებულია, მას ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებაც აქვს.
“ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, რადგან ამ სფეროსთან ახლოს ვარ, თუმცა, ზოგადად ბუღალტერი დიდი გამოწვევაა“, - ამბობს მიშა წიკლაური.
შალვა ალავერდაშვილის აზრით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც აგროტურიზმის განვითარებას აფერხებს, სწორედ ბუღალტერიასთან დაკავშირებული პრობლემებია.
„როცა გესთჰაუზს სურს, გაყიდოს კიტრისა და პომიდვრის სალათა, მას კი ეზოში თავად მოჰყავს ეს პროდუქტი, სალათზე ამოარტყამს ფისკალურ ჩეკს, თუმცა არ ექნება წარმოშობა, საიდან ჰქონდა კიტრი და პომიდორი. საკუთარი თავისგან უნდა შეიძინოს კიტრი, პამიდორი, ხახვი, მწვანილი და ასე შემდეგ, ბუღალტრულად სწორად რომ აწარმოოს ეს მიმართულება. საბუთებიც რომ მოაწესრიგოს, კიტრისა და პომიდვრის ხარჯს ვერანაიარად ვერ ასახავს, რადგან თავად მოიყვანა. შესაბამისად, მთლიანად მოგების გადასახადით დაიბეგრება ყველაფერი. სოფლის სახლს, გესთჰაუზს, ფემილიჰაუზს იგივე აქვთ გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რაც „რედისონს“, „თბილისი მარიოტს“ და სხვებს. აგრომიმართულების ტურიზმი უნდა იყოს გათავისუფლებული ზედმეტი ბუღალტრული საქმიანობისგან, ჩემი აზრით, უნდა გადავიდეს კონკრეტულ, ან თვეში ფიქსირებულ გადასახადზე. ადამიანს სოფელში, რომელსაც შეუძლია, ჰქონდეს კარგი აგრომეურნეობა, მოამზადოს საუკეთესო ხინკალი, ის ამავე დროს ბუღალტერიც ვერ იქნება“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
მიშა წიკლაური კიდევ ერთი ფაქტორის შესახებ გვიყვება. ოფიციალურიად დარეგისტრირების შემდეგ მას ცალკე მრიცხველი დაუყენეს და კომუნალურ გადასახადებს კომერციული ტარიფით იხდის. ამბობს, რომ თვეში 300-400 ლარს აღწევს ეს თანხა, დარეგისტრირებული რომ არ ჰქონდეს, მას 100-150 ლარის გადახდა მოუწევდა.
„ჩემი აზრით, კომერციული ტარიფით კომუნალური ხარჯების გადახდას ვერ გაუძლებს ბევრი ასეთი ტიპის გესთჰაუზი და დაიხურება. თუ ხარჯებში გაითვალისწინებ მომსახურებისა და საკვების ღირებულებას, მაშინ მომგებიანობის კოეფიციენტი არ გამოჩნდება შთამბეჭდავი, თუ მარტო შემოსავალს შეხედავ, შეიძლება, გაიფიქრო, ძალიან მომგებიანიაო“, - ამბობს წიკლაური.
კიდევ ერთი გესთჰაუზის ხელმძღვანელმა, რომელსაც Eugeorgia.info დაუკავშირდა, გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, რადგან მას ბიზნესი დღეს დარეგისტრირებული არა აქვს. 4 ოთახს მხოლოდ სეზონურად აქირავებს, ტურისტებს ძირითადად საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან იღებს.
„კრედიტი ავიღეთ და ისე გავხსენით გესთჰაუზი, განცხადება booking.com-ზე გვაქვს განთავსებული, ამაშიც ფულს ვიხდით, ერთი ჯავშნიდან გარკვეულ პროცენტს გვიკავებს. თავიდანვე გვირჩიეს, ნუ დარეგისტრირდებითო, ცოტა მოგებას რომ ნახავთ, შემდეგ გახადეთ ლეგალური თქვენი ბიზნესიო.დღესვე რომ დავარეგისტრირო, გამოვა, რომ მხოლოდ ტურისტების კომფორტისთვის უნდა ვიმუშაო. როგორც ვიცი, პირდაპირ არ გაჯარიმებენ, ჯერ გაფრთხილებენ, ასე თუ მოხდება, შემდეგ დავარეგისტრირებ. თუმცა, პატარა გესთჰაუზებს მკაცრად არ აკონტროლებენ“, - ამბობს გესთჰაუზის ხელმძღვანელი.
როგორც აღმოჩნდა, კომუნალური გადასახადები თითქმის ყველა გესთჰაუზისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
„როგორც კი სოფლის სახლი, გესთჰაუზი რეგისტრირდება იურიდიული პირად, ის იხდის კომერციული ტარიფით, ეს ნიშნავს, რომ უსამმაგდება ელექტროენერგიის, გაზის, წყლის გადასახადი. ჭა თუ მაქვს, უნდა გავიტანო ელექტრონულ აუქციონზე, შემდეგ ჭას უნდა დაუყენდეს მრიცხველი, ამის მიხედვით უნდა გადავიხადო წყლის გადასახადი ჩემი საკუთარი ჭიდან. ისეთ ზარალზე წავალ, რომ საერთოდ აღარ დამაინტერესებს შენი 3-4 ოთახი და გესთჰაუზი“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
Eugeorgia.info ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსს თამარ მაისურაძეს დაუკავშირდა, სადაც გვპასუხობენ, რომ დღეს არსებობს გზა, ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად გაკეთდეს.
„კვლავ მივდივართ განათლების პრობლემამდე. თუ არ გვინდა, დამატებითი მრიცხველი გვქონდეს, საგადასახადოს აქვს შესაბამისი ფორმა, უნდა მიმართონ წერილობით, ელექტრონულად გაგზავნონ წერილი და დროებით შეაჩერონ იურიდიული პირის საქმიანობა, მაგალითად, ოქტომებრში, როდესაც წყვეტენ ტურისტების მიღებას. თუ გვინდა, ვიპოვოთ გზა, როგორ გავაკეთოთ მარტივად, ამის საშუალება არის. ეს რომ გადაიჭრას, აუცილებლად გამოჩნდება სხვა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვერ მოახერხებს იურიდიული პირი“, - ამბობს თამარ მაისურაძე.
გარდა ზემოთაჩამოთვლილი პრობლემებისა, დღეს თანხმდებიან იმაზეც, რომ განათლება აგროტურიზმის განვთარების პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით არა ერთი ტრენინგი ტარდება.
„ყველაფერი, რაც კეთდება ტურიზმის გასავითარებლად, აისახება პირდაპირ პროპორციულად აგროტურიზმიზე. რაც შეეეხება განათლების კომპონენტს, ტრენინგები ტარდება იმ იურიდიული პირებისთვის,ვინც უკვე კონკრეტულ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საგადასახადო და ბუღალტრული ანგარიშსწორების, ისე მომსახურების ნაწილში“, ამბობს თამარ მაისურაძე. ჩვენს შეკითვაზე, მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად არის თუ არა სახეზე კონკრეტული შედეგი, გვპასუხობენ, რომ „უცებ სიტუაცია ასეთი ტრენინგების ხარჯზე არ უმჯობესდება. ბოლო რამდენიმე წელია, ადმინისტრაცია ამ საქმიანობას ეწევა, თუ ნახავთ, რა იყო 5 წლის წინ ღვინის ტურიზმში და რა გვაქვს დღეს, ძალიან წინ ვართ წასული, არ ვართ განვითარების მწვერვალზე, მაგრამ დიდი წინსვლაა. იმის შედეგს, რასაც ახლა ვაკეთებთ, რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დავინახავთ.
ზემოთჩამოთვლილი პრობლემებს ხელისუფლებას ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად აცნობენ, თუმცა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში დღის წესრიგში მხოლოდ ახლა დადგა. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ამ საკითხზე მუშაობენ. ლაპარაკია გესთჰაუზებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებაზე, რათა მუშაობა გაუმარტივდეთ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება.
„პატარა გესთჰაუზების ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაშია, ამას აქვს ობიექტური გარემოებები, ანუ არსებობს ხელისშემშლელი პირობები, რომ ისინი გამოვიდნენ ამ ჩრდილიდან. ხშირად ეს ეხება კომუნალური გადასახადის თემას, ასევე ბუღალტრულ აღრიცხვას, დღის წესრიგში დგას უკვე ცვლილებები და უახლოეს მომავალში განხორციელდება. აქვე უნდა აღნიშნო, რომ ეს არ იქნება ინდივიდუალურად მეწარმე სუბიექტისთვის, დაგეგმილი ცვლილებები ზოგადად მცირე და საშუალო კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს“, - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.
ISET-ის მკვლევარი მარიამ ლუკაშვილი
ტურიზმს საქართველოში მართლაც აქვს პოტენციალი, კონკრეტულად კი აგროტურიზმს, რადგან ქართული ისტორია და კულტურა, სამზარეულო დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ტურისტები ძირითადად მთებისა და ისტორიული ადგილების დათვალიერებით ინტერესდებიან, სადაც უმეტესად სოფლის ტიპის დასახლებებია. ეს სოფლის მოსახლეობისათვის კარგი საშუალებაა, მომსახურება გაუწიონ ტურისტებს. სოფლად მცხოვრებს შეუძლია, საკუთარი ნატურალური და ტრადიციული პროდუქცია (ჩურჩხელა, დამბალი ხაჭო, ყველის ნაირსახეობები და ა.შ.) შესთავაზოს და გააცნოს მათ. ეს დარგი ნელ-ნელა ვითარდება და ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლებიც ყოველწლიურად იზრდება. ეს შეგვიძლია, ვნახოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების საშუალებით, რომელიც გრაფიკზეა წარმოდგენილი.
ტურიზმიდან მზარდი შემოსავლებით სარგებლობა შეუძლია სტრატეგიულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობასაც. თუმცა ჩვეულებრივი მოსახლისათვის არც ისე მარტივია ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ეს მოითხოვს ბიზნესის რეგისტრაციას და საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას. მათ შეუძლიათ, ისარგებლონ მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსით და საგადასახადო შეღავათებით, თუმცა რეალურად მრავალი არსებული მცირე საოჯახო სატუმრო დაურეგისტრირებელია და მათ განვითარების სტიმულიც ნაკლებად აქვთ. თუკი მცირე საოჯახო სასტუმროს ექნება მიკრობიზნენის სტატუსი, მაშინ მისი მფლობელი შიშის ქვეშ არის, რომ მისმა წლიურმა ბრუნვამ არ გადაააჭარბოს 30-45 ათასს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს შედარებით მაღალი გადასახადის გადახდა. შესაბამისად, კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწასა და გამარტივებას, რათა ნებისმიერ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების საშუალება, სტიმული და შესაძლებლობა, მარტივად გაერკვეს წესებსა და რეგულაციებში.
ხატია შამანაური