ევროკავშირი ქართული თაფლისთვის აკრძალული ნივთიერებების ნუსხას წლის ბოლომდე დააზუსტებს
ვახტანგ ბუაჩიძესთვის მეფუტკრეობა ძირითადი პროფესია არ არის, მაგრამ ამ დამატებითი საქმიანობისგან იმდენ შემოსავალს იღებს, რომ ამ საქმისთვის თავის დანებებას არ აპირებს. პირიქით, ცდილობს ბიზნესის გაფართოებას და ევროკავშირის ბაზარზე გატანის პერსპექტივაზეც ფიქრობს. უკვე 10 წელია, რაც ხარაგაულის რაიონში თაფლს აწარმოებს. მეფუტკრეობა კი ერთი სკით დაიწყო და გასულ წელს 40 სკამდეც ავიდა, თუმცა ფუტკრისთვის დამახასიათებელი დაავადების „სიდამპლე“-ს გამო მინიდნარე წლის შემოდგომას 12 სკა გაუნადგურდა.
როგორც ბუაჩიძე ამბობს, საქართველოში მეფუტკრის წარმატება მეტწილად კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებაზე, ხარისხიან ვეტპრეპარატებზე, ლაბორატორიის არსებობასა და ფერმერის ცოდნაზეა დამოკიდებული. მისი აზრით, ფუტკრების დაავადებებისგან დაცვა მოყვარული ფერმერებისთვის ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ უკვე ერთი წელია ძალაშია, მეფუტკრე ფერმერების დიდი ნაწილს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. არადა, საქართველოს კანონმდებლობით თაფლის წარმოების სახელმძღვანელო დოკუმენტი სწორედ ეს არის.
„საქართველოში არსებული სტანდარტების და თაფლის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებზე სრულად ინფორმირებული არ ვარ. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ლიტერატურას ვეცნობი, მაგრამ მეფუტკრეობა ძალიან ცოცხალი პროცესია, ყველაფერი სწარაფად იცვლება და ფერმერისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. რეგიონებში უნდა იყოს უფრო მობილური საკონსულტაციო ცენტრები, სადაც უახლეს მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებზე ექნებათ ინფორმაცია. საკონსულტაციო ცენტრებში კონკრეტულ პრობლემაზე გპასუხობენ - ჯერ ეს სცადე მერე ეს სცადე, აქ უკვე უნდობლობა გიჩნდება. წელს 12 სკა ვიზარალე იმის გამო, რომ არ ვიცოდი რა პრეპარატები მიმეცა დაავადებული ფუტკრებისთვის. წამლებს რომლებსაც მეფუტკრეობის მაღაზიის კონსულტანტები მთავაზობდნენ, არ ვენდე, რადგან ხარისხიანი თაფლის წარმოებაზე მაქვს აქცენტი და არ მინდოდა ჩემს თაფლში გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერებები მოხვედრილიყო“, -ამბობს ვახტანგ ბუაჩიძე.
ქართულ თაფლს ცხოველური წარმოშობის ბევრი სხვა პროდუქტებიდან განსხვავებით ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის დიდი შანსი აქვთ. ეს შანსი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატის რეკომენდაციით ევროკომისიამ საქართველო მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია.
ცნობილია, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა წლიურად 6% იზრდება და ადგილობრივი მოხმარების ნახევარზე მეტი სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე ყოველწლიურად 150 ათასი ტონა თაფლი უცხოეთიდან შედის.
ევროკავშირის მხრიდან ქართულ თაფლთან დაკავშირებით გამოხატული ინტერესის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ DCFTA-ს (ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე) ვალდებულებების კონტექსტში, კერძოდ კი ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში თაფლის წარმოების მარეგულირებელი ნორმების შექმნა დაიწყო. საქართველოს მთავრობის №714 დადგენილებით „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ მიიღეს, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა და თაფლთან დაკავშირებულ მოხოვნებს ადგენს.. ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული წესები ყველა თაფლის ბიზნესში ჩართული სუბიექტებისთვის სავალდებულოა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე მოკლედ განმარტებულია „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“-ს ძირითადი პრინციპები, ასევე საუბარია იმ სანქციებზე, რომელიც მეწარმე-სუბიექტს რეგლამენტის წესების დარღვევის შემთხვევაში ემუქრება:
„ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას, ფალსიფიკაციისგან დაცვას და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირებას ევროკავშირის ბაზარზე.
„თაფლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რეგულირების ობიექტი ბაზარზე განთავსებული ყვავილის ანუ ნექტრის თაფლი, ცვარტკბილის თაფლი და შერეული თაფლია.
დოკუმენტი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, მათ შორის:
- ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან
- მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მოხმარება, დოზები და ვადები
- ბაზარზე განთავსებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს
- გასაყიდად გამზადებულმა თაფლის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი
- საკონდიტრო თაფლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ახლოს უნდა მიეთითოს სიტყვები: „განკუთვნილია მხოლოდ საკონდიტრო წარმოებისათვის"
- დაუშვებელია ბაზარზე განთავსებულ თაფლში საკვები დანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება
- თაფლში მინიმალურამდე უნდა იყოს დაყვანილი უცხო სუნი და გემო, რომელიც წარმოიქმნება შენახვის და გადამუშავების დროს; ასევე, იკრძალება თაფლის გაცხელება და გადამუშავება ისე, რომ შეიცვალოს მისი ძირითადი მაჩვენებლები.
ახალ რეგულაციაში მკაცრად არის გაწერილი მოხმარებისთვის განკუთვნილი თაფლის ხარისხობრივი და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები.
სარეალიზაციო თაფლის აღნიშნულ დოკუმენტთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. დარღვევის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი სანქციები“.
„თაფლის ტექნიკური რეგლამენტი" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ევროკავშირის კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეიმუშავა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით პრიორიტეტული საკითხია აკრძალული ნივთიერებების შემცველი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების აკრძალვა ცხოველური წარმოშობის სურსათში, მათ შორის თაფლში.
ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისათვის, დაუშვებელია თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლების მიერ, ევროკავშირში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება. კერძოდ: „ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი კლასიფიკაცია მაქსიმალურ დასაშვებ ზღვართან დაკავშირებით” 2009 წლის 22 დეკემბრის ევროსაბჭოს რეგულაცია EC 37/2010 შესაბამისად, აკრძალული ნივთიერებებია:
ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგი საქართველოში ევროპული დირექტივების შესაბამისად უნდა მოხდეს. ესენია:
- ევროკომისიის დირექტივა 96/23/EC „ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში გარკვეული ნივთიერებებსა და მათ ნარჩენების მონიტორინგთან დაკავშირებული ზომების შესახებ“;
- ევროკომისიის გადაწყვეტილება 97/747/EC „ევროდირექტივა EC 96/23-ით დადგენილი ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის სურსათში გარკვეული ნივთიერებებისა და მათი ნარჩენების მონიტორინგთან დაკავშირებული ნიმუშების აღების დონეებისა და სიხშირეების შესახებ“
იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი მზადაა ბაზარი გახსნას ქართული თაფლისთვის, ქართველი მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა სანდო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობაა. თაფლის მწარმოებლებს მოლოდინი აქვთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ევროკავშირის მიერ მოთხოვნად ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრებზე კვლევებს სრულად დანერგავს. ევროკავშირის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პროცედურების შესაბამისად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველო ოფიციალურად გაფორმდება მესამე ქვეყნების სიაში. იმავე პერიოდიდან ქართული თაფლის ექსპორტი ნებადართული იქნება, თუმცა ლაბორატორიული კვლევების გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია. ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ თაფლის ადგილობრივ ბაზარზე განთავსებაც რეგულირების ქვეშ მოექცა და ლაბორატორიული კვლევა სამომხმარებლო ბაზარზე ამ პროდუქტის განთავსების შემთხვევაში ისევე აქტუალურია, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გულედანი აცხადებს, რომ თაფლის მიმართულებით უვნებლობის და ხარისხობრივ პარამეტრებზე გარკვეული სამუშაოები გასწიეს. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროვკავშირში ექსპორტიორი ქვეყნების განახლებულ სიაში აღმოჩნდება, თაფლის ექსპორტისთვის საჭირო კვლევების შესახებ სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება და იმ პარამეტრებზე დაიწყებენ მუშობას რაც მოთხოვნილი იქნება: „სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შესვლა, ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით ევროპა თაფლში რა პარამეტრებზე კვლევას მოგვთხოვს. ეს მნიშვნელოვანია არამარტო სახელმწიფო არამედ კერძო ლაბორატორიებისთვისაც, რადგან ცნობილი გახდება პირველ რიგში რომელი მეთოდი უნდა დაინერგოს. მიახლოებით ვიცით, რომ 300 დასახელების პესტიციდი უნდა იყოს დანერგილი და თუ არ ვცდები 200-მდე ანტიბიოტიკი. ეს თითქმის შეუძლებელია ევროპული დონის ლაბორატორიისთვისაც. ისეთი პესტიციდები და ანტიბიოტიკები, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს და დარეგისტრირებული არ არის საქართველოში, ავტომატურად არც მოხვდება სურსათში. ე.ი. მის დანერგვას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. პრიორიტეტები უნდა გამოიყოს. ევროპა საერთოდ არ გაიკარებს იმ თაფლს, სადაც ანტიბიოტიკებია. მაგრამ რომელ ანტიბიოტიკებზე უნდა გავაკეთოთ კვლევა, ამაზე ჯერ დოკუმენტი უნდა შედგეს. მიუხედავად ამისა, ხარისხობრივი პარამეტრები დანერგილი გვაქვს, უვნებლობის პარამატრებიდან ამ ეტაპზე კვლევის მეთოდები ლევომიცეტინზე და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებზე დავნერგეთ“.
იმისთვის რომ საქართელოს კანონმდებლობა არ დაარღვიოს, მეფუტკრე ფერმერი ვალდებულია:
- დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში (მომსახურების ცენტრებში);
- აწარმოოს და ბაზარზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეტიკეტირებული ნატურალური თაფლი
სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები თაფლის მწარმოებლებისთვის
თაფლის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების ეტაპებზე დაიცავით ჰიგიენური ნორმები:
- ტერიტორია და შენობები შეარჩიეთ ცხოველთა სად გომების, ნაგავსაყრელების, გუბურებისა და სხვა დაბინძურებული ადგილებისგან მოშორებით;
- სკა, ჭურჭელი, ყუთი, სადისტრიბუციო და სხვა გადა საზიდი საშუალებები და მოწყობილობები შეინახეთ სუფთად;
- საფუტკრე მეურნეობაში თაფლის წარმოების ეტაპზე გამოიყენეთ სასმელი წყალი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთ ხოვნებს;
- საწარმოო ნარჩენები გაიტანეთ რეგულარულად და წარმოება დაიცავით ცხოველების, მღრღნელების, ფრი ნველებისა და სხვა მავნებლებისაგან;
- გააკონტროლეთ ფუტკრის დაავადებები, გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატები; დაიცავით ლოდინის/ დაყოვნების პერიოდი.
- თაფლის მწარმოებელი ვალდებულია, ფლობდეს ინფო რმაციას იმ პირის ან ბიზნესოპერატორის შესახებ, ვისაც თაფლს აწვდის.
მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობის სექტორში საქართველოს სახელმწიფო კონტროლი ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა აღიარეს, წარმოების საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მეფუტკრე ფერმერებს კიდევ ბევრი შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ. ერთის მხრივ, სახელმწიფო ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროგრამას ახორციელებს და რამდენიმე საკანონმდებლო ნორმაც შევიდა ძალაში, მეორეს მხრივ, კი ინიციატივები „ქვემოდან ზემოთ“ ამ ეტაპზე დიდ მასშტაბებს არ იღებს. Eugeorgia.info-ს ინფორმაციით, რეგიონებში ფერმერები ნაკლებად გაცნობიერებულები არიან და კანონის შესაბამისი წარმოების ნაცვლად ჯერ კიდევ „მამაპაპეულ“ ნაკლებად ეფექტურ ან უვნებლობის კუთხით ნაკლებად სანდო მეთოდებს იყენებენ.
ზურაბ მოდებაძე