3,5 მილიარდამდე ღირებულების სივრცითი მოწყობის პროექტებზე 4 საერთაშორისო დონორი მუშაობს
მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ქუვეითის ფონდი საქართველოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობის პროექტში ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში, რომლის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიარდი აშშ დოლარია, 2020 წლამდე დაგეგმილია 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა და 800 კმ-მდე გზების რეაბილიტაცია.
მსოფლიო ბანკი (World Bank), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და ქუვეითის ფონდი (Kuwait Fund For Arab Economic Development) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მიმართ დაინტერესებას გამოთქვამენ.
საქართველოს საავტომობილო გგზების დეპარტამენტი EUGeorgia.info-სთან საუბარში ასახელებს სივრცითი მოწყობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის გზის (14 კმ) 4 ზოლზე. დამფინანსებელი მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი არიან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობის წინასაკვალიფიკაციო შეფასების პროცედურები.
I სექციის, ჩუმათელეთი - ხევის (11,2კმ) მშენებლობის დამფინანსებლად სახელდება მსოფლიო ბანკი. ამჟამად მიმდინარეობს შეფასების პროცესი პროექტირების განხორცილების მიზნით კონსულტანტის შესარჩევად. პროექტირების ვადაა 2016 წლის დეკემბერი – 2017 წლის ივლისი.
II სექციის, ხევი - არგვეთას (42კმ) პროექტირების ვადა 2016 წლის დეკემბერი – 2017 წლის დეკემბერია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური პროექტირების ტენდერი.
სივრცითი მოწყობის პროექტის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულება ჩუმათელეთი - ხარაგაული - ძირულას (50კმ) 2 ზოლი. პროექტის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია.
სივრცითი მოწყობის პროექტის პირველ ეტაპზე იგეგმება რამდენიმე გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ესენია გრიგოლეთი - ჩოლოქი (14კმ) და გრიგოლეთი - ფოთი (24კმ). ამჟამად მიმდინარეობს წინასაწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების მომზადება. პროექტირების ვადა კი 2016 წლის აპრილი – 2017 წლის სექტემბერია.
ბათუმის შემოვლითი გზის (14კმ) 2 ზოლის დონორი ორგანიზაცია აზიის განვითარების ბანკია. გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. დაგეგმილია, ასევე ბათუმი (ჭოროხი) – სარფის გზის (11კმ) 4 ზოლის მშენებლობა. აზიის განვითარების ბანკში ამ დროისთვის გადაგზავნილია მოკლე სია შესათანხმებლად. პროექტირების ვადა 2017 წლის იანვარი - 2017 წლის ოქტომბერია.
თბილისის შემოვლითი გზის (55კმ) და ნატახტარი-ჟინვალისგზის (28 კმ) პროექტირების ვადა 2017 წლის იანვარი – 2018 წლის აპრილია. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 14 ნოემბერია.
მიმდინარეობს ასევე, თბილისი - ბაკურციხის (80კმ) გზის მშენებლობის ტექნიკური წინადადებების შეფასება. პროექტირების ვადაა 2017 თებერვალი – 2018 წლის იანვარი.
ტექნიკური წინადადებების შეფასება მიმდინარეობს ასევე რუსთავი - წითელი ხიდის (35 კმ) გზის პროექტთან დაკავშირებითაც. პროექტირების ვადა 2017 წლის იანვარი – 2017 წლის დეკემბერია.
რუსთავი – სადახლოს 40-კილომეტრიანი გზის დამფინანსებლად სახელდება მსოფლიო ბანკი. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური წინადადებების შეფასება, პროექტირების ვადა 2017 წლის იანვარი – 2017 წლის დეკემბერია.
წნორი - ლაგოდეხის 40-კილომეტრიანი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ვადები 2017 წლის თებერვალი-2017 წლის აგვისტოა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური წინადადებების შეფასება.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გამოცხადებულია ბოლო ვადა ბაკურციხე - წნორის 16-კილომეტრიანი გზის, ასევე გურჯაანის შემოვლითი გზა - თელავის 30-კილომეტრიანი გზის პროექტებზე ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოსადგენად.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჟინვალი - ლარსის (ქვეშეთი - კობის მონაკვეთი) 16-კილომეტრიან გზას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. პროექტირების ვადა 2017 წლის თებერვალი – 2018 წლის მარტია. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური წინადადებების შეფასება.
მსოფლიო ბანკი ასევე დააფინანსებს სამტრედია - ზუგდიდის შემოვლით გზას (ანაკლიის პორტის გათვალისწინებით), რომლის სიგრძე 90 კილომეტრია. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების სატენდერო პროცედურები დაიწყო 2016 წელს. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური წინადადებების შეფასება, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ვადა 2017 წლის თებერვალი – 2017 წლის ნოემბერია.
ხულო - ზარზმას 47-კილომეტრიანი 2-ზოლიანი გზის პროექტით კი, დაინტერესებას “ქუვეითის ფონდი” და “ევროპის საინვესტიციო ბანკი” გამოთქვამენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს ლოტი 1 და ლოტი 2 პროექტების განახლება და ლოტი 1-ის განსახლების გეგმის განახლება. აქედან ლოტი 1-ის დამფინანსებელი “ქუვეითის ფონდია”, ლოტი 2-ის კი – ევროპის საინვესტიციო ბანკი. დეტალური პროექტის და განსახლების გეგმის განახლების სატენდერო პროცედურები დაიწყო 2016 წელს, ამჟამად კი მიმდინარეობს სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი საკონსულტაციო ორგანიზაციის შერჩევის შესყიდვების პროცედურები. მშენებლობის ვადა 2017 წლის აპრილი – 2018 წლის ნოემბერია.
სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ფარგლებში მიმდინარეობს რამდენიმე გზის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ესენია: ბაღდათი - აბასთუმანი (60კმ) 2-ზოლი; ზემო იმერეთი - რაჭა (50კმ), 2-ზოლი, გვირაბის გარეშე; ლენტეხი - მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და გვირაბი (38 კმ); გვირაბის სავარაუდო სიგრძე 6 კილომეტრია. ასევე მიმდინარეობს სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ფშაველი (200კმ) გზის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები.
საქართველოს ხელისუფლების ცნობით, სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში, ომალოში აეროდრომიც აშენდება. როგორც გასულ თვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება განიხილავს "ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოში, თუშეთში, აეროდრომის პროექტირების დაწყების საკითხს”. სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე, 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.