შრომის ინსპექცია და პოლონეთის გამოცდილება – ხელისუფლებაში აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს სწავლობენ
„სლოვაკეთის ერთ–ერთ კომპანიაში ახალგაზრდები სამსახურში ძირითადად ველოსიპედებით დადიან, რომელიმე მათგანს რაიმე რომ შეემთხვას გზაში, თუნდაც არასამუშაო დღეებში, ის ორშაბათს ვერ მივა კომპანიაში, რაც დამსაქმებლისთვის დიდი პრობლემაა, ამიტომ მათ უფასოდ დაურიგეს ჩაფხუტები, რაც ტრავმის რისკს ამცირებს. ასევე საინტერესოა, რომ სლოვაკეთში ზამთარში დიდი თოვლია, კომპანიები კი აფინანსებენ სპეციალურ კურსს, სადაც თანამშრომლებს ასწავლიან, როგორ მართონ ავტომობილი მოყინულ გზაზე, საბოლოო ჯამში ეს მომგებიანი ინვესტიციაა მათთვის“, – შრომის სამართლის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ექსპერტი ივან მაიერი, რომელიც 15 წლის განმავლობაში სლოვაკეთის შრომის ინსპექციის დირექტორის პოზიციაზე მუშობდა, გვიყვება, რომ ევროპის დიდი კომპანიები საკუთარი თანამშრომლებისთვის მიმზიდველი სამუშაო პირობების შესაქმენლად ინვესტიციებს არ იშურებენ. კონკურენციაა კვალიფიციური თანამშრომლების მოსაზიდად, შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად შეჯიბრია, ვინ უფრო მაღალ სტანდარტს შესთავაზებს დასაქმებულს. პარალელურად კი არსებობს მინიმალური მოთხოვნების სია, რომელთა დაკმაყოფილება ნებისმიერი კომპანიისთვის სავალდებულოა, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთვევაში კი დამსაქმებელს სოლიდური ჯარიმის გადახდა უწევს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81–ე კონვენცია, რომელიც 1950 წლიდან არის ძალაში, შრომის ინსპექციის სტანდარტებს ადგენს. დოკუმენტის თანახმად, შრომის ინსპექცია ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ექვემდებარებოდეს, ეს ორგანო ვალდებულია, სამუშაო ადგილებზე აკონტროლოს ყველა ის პირობა, რაც დასაქმებულის სამუშაო საათებს, ხელფასს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ასევე არასრულწლოვნების მუშაობასთან დაკავშირებულ თემებს ეხება. ნებისმიერი შეუსაბამობის დაფიქსირებისას კი ვალდებულია, ამის შესახებ ხელისუფლებას აცნობოს.
„შრომის ყველა ინსპექცია მთელ მსოფლიოში ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგულაციებს, წლებია ეს მიდგომები მოქმედებს და დღემდე უკეთესი პრინციპები არავის შეუმუშავებია. არის ქვეყნები, რომლებსაც მე–19 საუკუნიდან უბედური შემთხვევების დაზღვევის ძლიერი სისტემა აქვთ, დიდი ორგანიზაციები საკუთარ საავადმყოფოებს ფლობენ, ჰყავთ თავიანთი ექიმებიც, მსგავსი სისტემაა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში. ეს არის ერთგვარი მოტივივატორიც, მათ ურჩევნიათ, ინვესტიცია ჩადონ უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს და დიდი თანხის გადახდა არ მოუწიოთ“, – ამბობს ივან მაიერი.
სწორედ სამუშაო ადგილას მომხდარი უბედური შემთხვევების გამო შრომის ინსპექციის ფუნქციები კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში სამუშაოს შესრულების ადგილას 212 ადამიანი დაიღუპა, 691 კი დაშავდა. შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელსგაუქმდა. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და დაცვას საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართის მიხედვით, საქართველომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა ევროპულთან უნდა დაახლოვოს, თუმცა ამისთვის ქვეყანას ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3-დან 5 წლამდე აქვს.
2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის მიზანიც შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაა, თუმცა სადამსჯელო მექანიზმები დეპარტამენტს არ აქვს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილებას. გაიმართა აქციებიც, მთავარი მოთხოვნა კი ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. შრომის დეპარტმანეტში დღეს 28 ადამიანია დასაქმებული. ასევე შექმნილია, ე.წ. კვლევის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შრომის ინსპექციის მოდელებს სწავლობს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯგუფი მუშაობას დაახლოებით 1 თვეში დაასრულებს, შემდეგ კი ჯერი ხელისუფლებაზე იქნება – რამდენად გაიზიარებს თუ არა მათ დასკვნას.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ პოლონეთისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის მოდელზე, სადაც შრომის ინსპექციას ერთი საუკუნის გამოცდილება აქვს. პოლონეთში საქართველოს მსგავსად გაიარეს კომუნისტური რეჟიმის ეპოქა, ისტორიული მსგავსებაც არის, ეს კი მნიშვნელოვანია, მთელი სულისკვეთება კანონმდებლობაში შეიძლება, ვერ გადმოიტანო და ეს არც არის სწორი, თუმცა ჩვენს რეალობას თუ მოერგება, კონკრეტული ელემენტების გადმოღება არ არის ცუდი. პოლონეთში შრომის ინსპექცია საკანონმდებლო ორგანოს ექვემდებარება, აქვს საკმაოდ მოცულობითი ზედამხედველი სამეთვალყურეო საბჭო, სადაც შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის დამსაქმებლები, დასაქმებულები. კონტროლის მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ მივიღოთ ძველი საბჭოთა რევიზია, რომელიც 2006 წლამდე გვქონდა“, – ამბობს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
პოლონეთის შრომის ინსპექცია პასუხისმგებელია, აკონტროლოს, რამდენად დაცულია შრომის კანონმდებლობის პრინციპები, უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების წესები და დასაქმების კანონიერებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ინსპექტორებს დღე–ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ კომპანიის შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ევროპის ქვეყნებში შრომის ინსპექცია ძირითადად სხვადასხვა სამინისტროს ექვემდებარება, განსხვავებულია პოლონეთის მაგალითი, სადაც შრომის ინსპექცია პარლამენტის წინაშეა პასუხისმგებელი. სტრუქტურა კი ასეთია – შრომის მთავარ ინსპექციას 16 რაიონული სამსახური ექვემდებარება, რომლებიც თავის მხრივ კიდევ ქვეგანყოფილებებს აერთიანებენ. ასევე, პოლონეთის შრომის ინსპექციაში რამდენიმე ორგანო მოქმედებს – შრომის მთავარ ინსპექტორთა ბორდი, შრომის მთავარ ინსპექტორთა კომისია, ცალკე კომისიაა სოფლის მეურნეობის სექტორში უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებით. ასევე არის კოლეგია და ტრენინგცენტრი.
„ის, რომ დღეს საქართველოში შრომის დეპარტამენტს არა აქვს ჯარიმის გამოწერის უფლება, სწორია. ინსპექტორები სწავლობენ ამ საქმეს, ხოლო თუ დასაწყისშივე მისცემ დიდ ძალაუფლებას, ეს მათი განვითარებისთვის კარგი არ იქნება. თავიდან ისინი უბრალოდ აკვირდებიან პროცესებს, ამ საქმეს რამდენიმე თვეში ვერ ისწავლი, მე სლოვაკეთში 15 წლის განმავლობაში ამ სამსახურს ვხელმძღვანელობდი, მანამდე კი ინსპექტორად ვმუშაობდი, როდესაც ახალ თანამშრომელს იღებ სამსახურში, 6–დან 12 თვემდე დაჰყვება ის ე.წ. სინიორ ინსპექტორს, შემდეგ კი აბარებს შესაბამის გამოცდას“, – ამბობს მაიერი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არეგულირებს იმასაც, რომ ევროპაში შრომის ინსპექტორები სტაბილური სამსახურით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი, ისინი საჯარო მოხელეები არიან და მათ საქმიანობაზე ხელისუფლების ცვლილება არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს. ხოლო მანამ, სანამ საკუთარი მოვალეობების შესრულებას შეუდგებიან, აუცილებელია, შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება მიიღონ. ივან მაიერი იხსენებს, რომ სლოვაკეთში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ინსპექტორს კომპანიისგან გარკვეული თანხა აუღია, თუმცა მისი თქმით, ასეთი ამბები არასდროს იმალება, კარგ ხელმძღვანელს კი მსგავსი პროცესების გაკონტროლება მარტივად შეუძლია.
„ყველა ქვეყანაში არსებობს რისკი, რომ ინსპექტორმა შეიძლება, რომელიმე კომპანიისთვის გარკვეული გამონაკლისი დაუშვას, ეს შეიძლება, მოხდეს პირადი ურთიერთობების, ფულის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. მგონია, რომ ინსპექტორი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში სურს, ფულს არ აიღებს, რადგან შენ თუ მე თანხას გადამიხდი, ეს არ დაიმალება, ყველა ამაზე ისაუბრებს, თუ დირექტორი დაინტერესებულია მისი ინსპექტორის რეპუტაციით და შეუძლია, იპოვოს გზა, როგორ ჰქონდეს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, ასეთ პროცესებს გააკონტროლებს. თუ ექიმი კორუმპირებულია, საავადმყოფოები დავხუროთ? აღარ ვიმკურნალოთ? თუ ხელისუფლება კორუმპირებულია, მაშინ მთავრობა უნდა გავაუქმოთ?“ – ამბობს მაიერი.
კიდევ ერთი რისკი, რომელსაც შრომის ინსპექციის შექმნას უკავშირებენ, ბიზნესის საქმიანობაა. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ კომპანიებს შორის არსებული კონკურენცია თავად არის გარანტი იმისთვის, რომ დამსაქმებელმა მომავალ თანამშრომელს კარგი და უსაფრთხო პირობები შესთავაზოს, ამისთვის შრომის ინსპექცია საჭირო არ არის.
„ჩემი აზრით, ეს თემა იყოფა ორ მიმართულებად. შესაძლოა, არსებობდეს მინიმალურ მოთხოვნათა სია, რაც შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა ეს მინიმალური ზღვარი სად გადის, ცალკე კვლევის საგანი უნდა იყოს. რაც შეეხება მეორე საკითხს – შრომით ურთიერთობებს, აქ ნებისმიერი სახის ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მგონია არასწორი. კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა, ან ზეგანაკვეთური შრომა, ეს მიმაჩნია, ბიზნესსა და თვითონ დასაქმებულს შორის დასარეგულირებელ საკითხად. სამსახურში არასასურველი გარემოს შემთხვევაში ადამიანი სხვა სამუშაო ადგილს უნდა ირჩევდეს, ეს ხდება კონკურენციის პირობებში, ბაზარი თვითონ არეგულირებს ამას. ასევე პირიქით, თუ კომპანიაში არ სურს მუშაობა კონკრეტულ თანამშრომელს, ბაზარზე სხვა ადამიანები არიან, რომელთა სამსახურში აყვანის შესაძლებლობა აქვს დამსაქმებელს. კონკურენციის არსებობის პირობებში ეს საკითხები აბსოლუტურად მოგვარებადია, დამატებითი რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი მგონია“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
იმისთვის, რომ რომ კორუფციასა და ბიზნესთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ხელისუფლება უცხოელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს.
„არიან მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც მხარს უჭერენ შრომის ინსპექციის სრულად ამოქმედებას, პირიქით, უცხოელ ინვესტორს ურჩევნია, იცოდეს, რა რეგულაციაა, თამაშის რა წესებია ქვეყანაშია, რომ გაცილებით მარტივი იყოს მისთვის ოპერირება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ როგორც ბიზნესს, ისე დასაქმებულებს, შრომით ურთიერთობებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაში უნდა დავეხმაროთ, ჩვენი თვითმიზანი ბიზნესის დაჯარიმება, ან დახურვა არ უნდა იყოს. ელექტრონული მიმოწერა გვაქვს პოლონეთში სპეციალისტებთან, რომლებიც კონსულტაციას მოდელის თვალსაზრისით გვიწევენ, ნებისმიერი ადამიანისა და ორგანიზაციისგან ვიღებთ რეკომენდაციებს“, – ამბობს ლევან ჟორჟლიანი.
ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის მთავარი რეკომენდაცია ხელისუფლების მისამართით კი დიდი ფუნქციებით შრომის ინსპექციის შექმნაზე უარის თქმაა. მისი განცხადებით, ეს ბიუროკრატიის შემცირების მიზნით უნდა გაკეთდეს.
„ეს ყველაფერი ისევ უკავშირდება ფუნდამენტურ საკითხს, უნდა იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, ბიზნესს უნდა ჰქონდეს პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესი უნდა ვითარდებოდეს სწრაფად, რადგან პირველ რიგში, სწორედ კერძო სექტორის ინტერესია, კარგი პირობები შესთავაზოს თანამშრომლებს“, – ამბობს ყიფიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში შრომის პირობების დაცვაზე ფუნდამენტური მიდგომები დღემდე უცვლელია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია შრომის ინსპექციის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, ამიტომ არა ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ შესაბამისი ზომებიც მიიღო, ცვლილებების მიზანი შრომის ინსპექციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა იყო. მაგალითად, 2005 წელს ჩეხეთის ხელისუფლებამ შრომის ინსპექციის აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო შრომის ინსპექციის ოფისი და 8 რეგიონალური სამსახური შექმნა. დანიის შემთხვევაში 2003 წელს ორგანოს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განხორციელდა. 2006 წელს კი საფრანგეთმა შრომის ინსპექციის მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით ინსპექტორების რიცხვი 700–დან 2010–მდე გაზარდა. 2008 წელს ლატვიაში ამ მიმართულებით ახალი კანონი მიიღეს, 2009 წელს ესპანეთში ინსპექტორების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა შეიქმნა. ამასთან, საინტერესოა ისეთი მაგალითებიც, როდესაც ეკონომიკური კრიზისის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ძირითადად შრომის ინსპექციას შეეხო. ასე მოხდა გერმანიაში, იტალიაში ჯერ 2007 წელს, შემდეგ კი 2009 წელს, ლატვიაში კი ინსპექტორების რაოდენობა 139–დან 117–მდე შეამცირეს.
ავტორი:ხატია შამანაური