ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად მინიჭების მოწოდებით გამოდის
ევროკავშირის საბჭო საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ორდღიანი შეხვედრა ბელგიაში გუშინ დაიწყო.
თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკაში და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა.
“ყველა აღიარებს, რომ საქართველოში სიტუაცია ძალიან პოზიტიურია, აუცილებელია, რომ ევროკავშირმა, თავის მხრივ, ვიზალიბერალიზაციის მინიჭების დაპირება შეასრულოს”, - განაცხადა მოგერინიმ.
ევროკავშირის წევრი ქვყენების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე, ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ევროკავშირის საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ეკონომიკურ-სავაჭრო ასპექტების გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რესპუბლიკა მოლდოვას და ბელორუსის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.
როგორც ბრიუსელში აღნიშნეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკური და ფინანსური სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა.
საბჭო აცხადებს, რომ საჭიროა შემდგომი პროგრესი DCFTA-ს სრული იმპლემენტაციის პროცესში, რათა შეიქმნას ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები.
“EU4Business ინიციატივის ფარგლებში, DCFTA Facility უზრუნველყოფს დამატებით დახმარებას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დოკუმენტში.
ევროკავშირის საბჭო ასევე, ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო მინისტერიალზე გამართულ მსჯელობას და აქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელება ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის წინაპირობა გახდება.
ევროკავშირის დასკვნით დოკუმენტში ჩამოთვლილ საკითხებზე მსჯელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ სამიტზე გაგრძელდება, რომელიც მომავალი წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება.