როგორ გააფართოვა ბიზნესი მოლდავურმა კომპანიამ - ევროკავშირის პროგრამა მიგრანტებისთვის
სამრეწველო და დეკორატული იატაკები პოლირებული ბეტონისგან ევროკავშირში საყოველთაოდ გამოიყენება, კომპანია Nano-Deco კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ახალი ტექნოლოგია მოლდავეთში შეიტანა. კომპანიის დირექტორმა, ალიონა დომენტეანმა ბიზნესი 2010 წელს წამოიწყო, 2012 წელს კი სახელმწიფო პროგრამა PARE 1+1-ისა და მეუღლის ნათესავების ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, რომლებიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობენ. როგორც მეწარმე აცხადებს, დახმარებამ სულზე მოუსწრო:
“პროგრამა PARE 1+1-ს მივმართე, რადგან ბიზნესისთვის რთული პერიოდი იყო. საქმეში უკვე მილიონზე მეტი ლეი (50 ათასი დოლარი) მქონდა ჩადებული და რაღაც პერიოდში ვიგრძენი საფრთხე, რომ ბაზარზე ვეღარ გავჩერდებოდი. 200 ათასი ლეი (დაახლ., 10 ათასი დოლარი) PARE 1+1-დან მივიღე და ამ თანხით იატაკის მოსაპრიალებელი ორი აპარატი და ორი სამრეწველო მტვერსასრუტი შევიძინე. ახალი ხელსაწყოების მეშვეობით, კომპანიის რენტაბელობა გაიზარდა, ხარჯები კი შემცირდა, ბევრი პროცესი ავტომატიზებული გავხდეთ”, - აცხადებს ალიონა დომენტეანი.
როგორც მეწარმე აცხადებს, ახალი ტიპის იატაკი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სამრეწველო და სპორტული დანიშნულების შენობებში, ოფისებსა და ბინებში, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ტრადიციული მასალები- ფილები, ლინოლეუმი და პარკეტი:
“ახალი სისტემები ევროპულ დონეზეა სერთიფიცირებული და მათი გამოყენება ევროკავშირში მთელ რიგ დაწესებულებებში, მათ შორის, სავაჭრო დანიშნულების ობიექტებში, სავალდებულოა. მოლდავეთში ახალი პროდუქციის მიღებაზე ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული უნდობლობა, თუმცა, ეს დამოკიდებულება თანდათან იცვლება”, - აცხადებს ალიონა დომენტეანმა.
“მომგებიანი რომ არ ყოფილიყო, ცხადია, ვერ გავფართოვდებოდით. არის ნიუანსები, რომელსაც სამუშაო პროცესში შევეჯახე. ახლა ბიზნესის ყველა ასპექტს თავად ვმართავ - ფინანსების, ბუღალტრული ანგარიშებისა, თუ მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან დაწყებული, კლიენტების წინადადებების განხილვით დამთავრებული. დიდი გეგმები გვაქვს - გვსურს, კლიენტებისა და თანამშრომლების რაოდენობა გავზარდოთ, მოსაპირკეთებელი ინოვაციური საშუალებები დავნერგოთ. ყოველთვის ვეძებთ სიახლეს. დიახ, ეს იოლი არ არის, მაგრამ ყველა ბიზნესს განვითარებისთვის დრო სჭირდება.ჩვენ ცნობილი ბრენდი გავხდით ბაზარზე და დასანანი იქნებოდა, რომ მიღწეულზე შევჩერებულიყავით. გარდა ამისა, ფინანსური სახსრების გარდა, ამ საქმეში ჩვენი სული და გული ჩავდეთ”, - აცხადებს მოლდაველი მეწარმე.
პროგრამა PARE 1+1 ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოლდავეთში 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. მისი სლოგანია “შექმენი შენი მომავალი სახლში”. პროგრამა შექმნილია უცხოეთში დასაქმებული მიგრანტი თანამემამულეების, ან მათი უახლოესი ნათესავებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაიწყონ, ან გააფართოვონ ბიზნესი მოლდავეთში.
საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ყოველი მოლდავური ლეისთვის, რომელიც ინვესტირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკაში, პროგრამა მეწარმეს იმავე მოცულობის თანხას გამოუყოფს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 200 ათასი ლეია.
გრანტებს მიგრანტებზე მოლდავეთის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ორგანიზაცია გასცემს. პროგრამის ბენეფიციარმა უნდა დაადასტუროს ფულადი ტრანსფერების წარმოშობა შესაბამისი დოკუმენტებით (სამუშაო კონტრაქტი, ხელფასის/შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, საბანკო ამონაწერი, ტრანსფერების დამდასატურებელი ცნობა და ა.შ.).
აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარების გარდა, სახელმწიფოსგან ბენეფიციარები ტექნიკურ მხარდაჭერას 24 თვის განმავლობაში იღებენ, მათ შორის, კონსულტაციებს სამეწარმეო უნარების ამაღლებაში.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების გათვლებით, უცხოეთში 1 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა წასული, მათ მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა კი გასულ წელს 1 მილიარდ 80 მილიონი დოლარით განისაზღვრა.