"ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახარჯულ 1 დოლარს ქვეყანაში 189 დოლარი შემოაქვს"
“საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საელჩო განაგრძობს შეხვედრებს ამერიკის კერძო სექტორთან, ტექნოლოგიურ კომპანიებთან და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებთან,” - წერილი აშშ–ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გასული წლის დეკემბრით თარიღდება. როგორც სოციალური ქსელით გახდა ცნობილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძე სიეტლში ვიზიტის ფარგლებში ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, როგორიცაა "მაიკროსოფტი", მსხვილი სამოგზაურო-საკრუიზო ხაზი – Holland America Line. გიორგი ციკოლიამ უდიდეს ამერიკულ საავიაციო მწარმოებელ კომპანია „ბოინგს“ საქართველოში არსებული პოტენციალი გააცნო, შეხვედრები გაიმართა ქალაქ სიეტლის ტურიზმის ბიუროსა და ‘BeDynamic Inc’ ტურისტული კომპანიის წარმომდგენლებთანაც.
„ინვესტიციების თვალსაზრისით უზარმაზარი რესურსია აშშ–ში. ზოგადად მიგვაჩნია, რომ ამერიკა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, თუმცა არანაკლები რესურსი დევს იქ ჩვენი კეთილდღეობისთვის, როგორიცაა განათლება, ინვესტიციები, კომერციული ურთიერთობები. ამ ყველაფერს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. სხვა ყველაფერთან ერთად ეს უნდა გამოიხატოს სათანადო რესურსებით უზრუნველყოფაში,“ – ამბობს ჩვენთან საუბარში საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ–ში არჩილ გეგეშიძე. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საელჩო სწორედ აშშ–ში აქვს, შეერთებული შტატების მასშტაბიდან გამომდინარე ეს რესურსი საკმარისი მაინც არ იყო.
„საელჩო ვაშინგტონში მდებარეობს, სადაც აშშ–ის სამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან ბევრი ანალიტიკური ცენტრი, მედიასუაშალებებია განთავსებული, საქართველოსთვის საინტერესო საინვესტიციო რესურსი კი ძირითადად სხვა შტატებშია. საელჩოს უამრავი ამოცანა აქვს, რაც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, აშშ–სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მისი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებას, ამ ფონზე სხვა შტატებში რომ ეძებო რესურსი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რთულია. აშშ–ში საქართველოს საელჩოს სპეციფიკა იმითაც განსხვავდება, რომ 2 დესპანის პოზიცია არსებობს და ერთ–ერთ მათგანს სწორედ ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ინვესტიციების კუთხით მუშაობა ევალება. ჩვენ ეს ფუფუნება გვქონდა, მაგრამ ქვეყნის მასშტაბის გამო ესეც არ იყო საკმარისი. ჩვენი მცირე გუნდი ძალიან ენერგიულად მუშაობდა, რათა დაეინტერესებინა ამერიკული კომპანიები საქართველოთი, სხვათა შორის, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში ჩვენი საელჩოს მოკრძალებული წვლილიც იყო, მაგრამ საქმე გაცილებით მეტია, დიდი ასპარეზია და ამოცანაც ბევრია “, – ამბობს გეგეშიძე.
ინვესტორები სმოზიდვის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. „ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი,“– ვკითხულობთ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამაში. ეკონომიკის მინისტრმა შესაბამის ბრძანებას – „კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი და მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ“ ხელი უკვე მოაწერა.
წლებია, კომერციული დიპლომატიით ინვესტიციების მოზიდვას არა ერთი სახელმწიფო წარმატებით ახერხებს. კომერციული დიპლომატიის მიზანი 2 ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების მხარდაჭერაა, რამაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობა, კეთილდღეობა და კონკურეტული უპირატესობა უნდა მოუტანოს. არა ერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ კომერციული დიპლომატია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. კომერციული დიპლომატების საქმიანობა პირველ რიგში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან მუდმივ კომუნიკაციას, ინვესტორების, დისტრიბუტორებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია კომერციული ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, ბაზრების კვლევა. საბოლოო ჯამში ნებისმიერი კომერციული დიპლომატის სამუშაო 4 მიმართულებას აერთიანებს:
- მუდმივად შეეცადოს, დაამყაროს კავშირები კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში
- იყოს ინფორმაციის წყარო, როგორც საკუთარი ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთ, ასევე - პირიქით, ანუ ასრულებდეს ქვეყნის “პრომოუტერის” ფუნქციას
- მონაწილეობდეს საიმიჯო კამპანიებში
- უშუალოდ იყოს ჩართული მოლაპარაკებების პროცესებში, ასევე ადვოკატირების კუთხით
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ კომერციული დიპლომატია საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.
„კომერციული დიპლომატია პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდასთან. ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, დახარჯულითანხებიდარესურსებირაგავლენასახდენდნენინვესტიციებისმოზიდვაზე. ეს კვლევა 124 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარეს, შედეგად აღმოჩნდა, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახარჯულ 1 დოლარს ქვეყანაში დამატებით 189 დოლარი შემოაქვს. აქ მხოლოდ რეკლამირება არ იგულისხმება, ლაპარაკია კომერციული დიპლომატიის აქტივობებზე, B2B, სამთავრობო ბიზნესშეხვედრებზე და ასე შემდეგ. საინტერესოა თურქეთის მაგალითიც. მესმის, რომ ჩვენი და თურქეთის ეკონომიკა განსხვავებულია, მაგრამ კარგად ჩანს კომერციული დიპლომატიის გავლენა თურქეთის ექსპორტზე. 2011 წელს კომერციული დიპლომატიის განხორცილება თურქეთმა ამერიკაში დაიწყო, შედეგად მხოლოდ ჰიუსტონის პორტში ექსპორტი დროის მცირე მონაკვეთში თითქმის 250 %–ით გაიზარდა“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
მთავრობის მიერ შემუშავებული კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ატაშეების გრძელვადიანი მივლინების პერიოდში შენახვის ხარჯები აშშ დოლარში – 500-დან 7000-მდე, კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი აშშ დოლარში კი 4000-დან 7000-მდე იქნება. დამატებითი ინფორმაციისთვის eugeorgia.info ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს დაუკავშირდა.
„ჯერ ატაშეების შერჩევა არ დაგვიწყია, როდესაც ამ ეტაპამდე მივალთ, მაშინ განვსაზღვრავთ უკვე კრიტერიუმებს. სხვა დეტალებთან ერთად სწორედ კრიტერიუმების დადგენის პროცესში ვართ. შერჩევის წესი შევიმუშავეთ, რადგან კანონით გვქონდა ვალდებულება, რომ 2016 წლის დეკემბრამდე შექმნილიყო ეს დოკუმენტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ატაშეების ანაზღაურებასაც მოიცავს. გეტყვით, რომ ეს ინსტიტუტი ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება, გამოცხადდება ღია კონკურსი, შეიქმნება კომისია, სადაც შეიძლება, სხვა მხარეების წარმომადგენლებიც შევიდნენ, ისინი შეარჩევენ ატაშეებს“, – ამბობს გენადი არველაძე.
როგორ უნდა მუშაობდეს კომერციული დიპლომატია? – ამ შეკითხვაზე განსხვავებული პასუხები არსებობს, თუმცა არა ერთი კვლევის თანახმად, კომერციული ატაშეების წარმატებულ საქმიანობას ძირითადად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ–ერთია ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ჩინეთში ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ არ მონაწილეობს, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, კომერციული საქმიანობა, რომელიც ექსკლუზიურად ბიზნესის მხარდაჭერის საკითხებს გულისხმობს, ვაჭრობის დეპარტამენტს ექვემდებარება, თუმცა გარკვეული მიმართულებები ელჩის პასუხისმგებლობის ქვეშაც ექცევა. არის ისეთი მაგალითებიც, როდესაც კომერციული დიპლომატიის საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტრო არეგულირებს და პირიქით, როდესაც კომერციული დიპლომატიის სამსახური სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს, არც რომელიმე სამინისტროს და არც საელჩოს ექვემდებარება. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ ერთ–ერთი საუკეთესო მოდელია, როდესაც კომერციული დიპლომატი ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.
„ამერიკაში, ჩინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში კომერციული დიპლომატი პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს ინტერესებისა და კომერციული დიპლომატის საქმიანობის პირდაპირი თემატური ბმა ხდება. თუმცა საინტერესოა, რომ მსოფლიოში უკვე დაიწყო საუბარი კომერციული დიპლომატიის პრივატიზებაზე, ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორია. ამ შემთხვევაში კომერციული დიპლომატის მოტივაცია უფრო დიდია, იყოს გაცილებით ეფექტიანი, ვიდრე ხელისუფლების მიერ დანიშვნის შემთხვევაში. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს კომერციული დიპლომატიის ინსტიტუტი განვითარებული აქვთ და დროა, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. დრო ისედაც ბევრი დავკარგეთ,“– ამბობს ირაკლი ყიფიანი.
კომერციული დიპლომატების საქმიანობის წარმატების ერთ–ერთ მთავარ საზომად მიიჩნევა მათი განათლება და სამუშაო გამოცდილება. არა ერთი კვლევის თანახმად, იმისთვის, რომ კომერციული ატაშეების საქმიანობა წარმატებული იყოს, აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ბიზნესსექტორში, საერთაშორისო მარკეტინგში შესაბამისი განათლება, ხოლო კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეთ. მაგალითად, ირლანდიაში ყველაზე წარმატებული კომერციული დიპლომატების წარსული საქმიანობა სწორედ ბიზნესს უკავშირდებოდა, ხოლო მენეჯმენტსა ან მარკეტინგში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება აქვთ. ასევე საინტერესოა კიდევ ერთი მიდგომა, რომლის თანახმადაც, კომერციულ დიპლომატიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ სასურველია, თანამშრომელი კვლავ კერძო სექტორს დაუბრუნდეს, რათა ბიზნესსამყაროში საკუთარი კავშირები არ დაკარგოს. სწორედ ასე ხდება ირლანდიაში.
„წარმატების მაგალითები სწორედ იმ კომერციულ დიპლომატებს უკავშირდება, რომლებსაც ბიზნესგამოცდილება და შესაბამისი განათლება აქვთ. თურქეთის მაგალითი რომ ვახსენე, ამერიკაში კომერციულ დიპლომატად გაუშვეს დენიზ სენურტი, რომელსაც განათლება მიღებული ჰქონდა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. კადრებს უნდა არჩევდნენ ბიზნესგამოცდილებისა და განათლების მიხედვით და არა იმის გამო, რომ უბრალოდ კარგად იცის უცხო ენა“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
რა იქნება მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ეკონომიკურ ატაშეებს შეარჩევენ? – ჯერჯერობით ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში მხოლოდ ის წერია, რომ კომერციულ ატაშეს უნდა ჰქონდეს– უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო და უცხოურ ენას. რა იგულისხმება სათანადო კვალიფიკაციაში, ამ ეტაპზე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით მუშაობა გრძელდება, დასაზუსტებელია სხვა დეტალებიც, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტი მიმდინარე წელს ამოქმედდება.
ავტორი: ხატია შამანაური