როგორ მოვიყვანოთ ჟოლო - დეფიციტური ხილი საქართველოსა და მსოფლიოში
ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოველთვის მაღალი ფასით გამოირჩევა. ორი წლის წინ თბილისში პრესტიჟულ სამსახურს თავი დაანება და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
გიორგი კორელი: მთელი ცხოვრება არასამთავრობო სექტორში გავატარე, ჩართული ვიყავი კოოპერატივების განვითარების პროცესში, კარგად ვხედავდი პროექტების ხარვეზებს, მივატოვე სამსახური და წამოვედი, რათა საკუთარი საქმე მქონოდა.
ჟოლოს გაშენება 2011 წლიდან დავიწყე, გომბორში სანერგე მეურნეობა მაქვს. გასულ წელს ჩემს ორ პარტნიორთან ერთად ამხანაგობა „ქსოვრეთი“დავაფუძნე, მათთან ერთად თეთრიწყაროს რაიონში 4 ათას კვადრატულ მეტრზე ჟოლოს ბაღი გავაშენე. გასულ წელს პირველი მოსავალი მივიღეთ, გაისად, დაახლოებით, 3-4 ტონა ჟოლოს ველოდებით, ეს ძალიან დიდი მოცულობა არ არის, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.
როცა სამსახური მქონდა, სიმართლე რომ გითხრათ, პროექტების წერისთვის არ მეცალა, ამიტომ პირველ წელს ფული ვისესხე, შარშანაც ფინანსები ბანკიდან დიდი ბრძოლით მოვიპოვე, წვეთოვანი სისტემები დავამონტაჟე, მომიჯნავე მიწები და ნერგები შევისყიდე, 17 ათას ლარამდე დამიჯდა.
„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში 15 ათასი ლარის მოცულობის გრანტი მოვიგე, ჩვენი თანამონაწილეობა კი 3 ათასი ლარი იყო, ეს თანხა საკმარისია, 6- ტონიანი მაცივრის მშენებლობისთვის, რომელსაც გაზაფხულზე დავიწყებ, პროექტში გავითვალისწინე სპეციალური სამაცივრე მანქანის შეძენაც.
ჟოლოზე მოთხოვნა მაღალია, ყველაზე პესიმისტური ფასი, გადამყიდველები ადგილზე რომ მოვიდნენ და წაიღონ, ან ნავთლუღის ბაზარზე ჩავიტანო, 1 კგ -ზე 7 ლარია. შემოდგომაზე ჟოლოს ფასი 12 -13 ლარს აღწევს, ზამთარში ძვირდება, გაყინული სახით, „გუდვილში“, მაგალითად, იმპორტირებული კენკრა 800-გრამიანი შეფუთვით 23-26 ლარი ღირს.
ჟოლოს თვითთიღირებულება საქართველოში არავის დაუთვლია, მე კი დავთვალე - ყველაზე მეტი- 1 კგ-ის წარმოება 2,60 ლარი ჯდება, ხოლო თუ მაცივარში შეინახავ - 2,75 ლარი. აქ გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ხარჯებიც. რაც უფრო დიდია მაცივარი და ბევრ პროდუქციას შეიტან, შენახვის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება.
ჟოლო დეფიციტური პროდუქციაა, ჩვენი წარმოება ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში 460 ტონა გაყინული და ნედლი ჟოლო თურქეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა. იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ამიტომაც ავიღე ამ კულტურაზე ორიენტაცია. პოტენციური მომხმარებლები არიან აგრარული ბაზრები, საკონდიტროები და სუპერმარკეტები.
ძვირი პროდუქტია, მაგრამ რეალიზაციის შიში არ მაქვს, შემიძლია, მაცივარში წელიწად-ნახევარიც კი შევინახო, თუმცა, შენახვის საშუალო ვადად, 5-6 თვეს ვითავლისწინებ. სულ 6-ტონიანი მაცივარია და ამ მოცულობას ერთი სუპერმარკეტიც წაიღებს. ჟოლოზე დიდი მოთხოვნაა უცხოეთშიც: 50 -გრამიანი შეფუთვით კენკრა ავსტრიაში 5 ევროზე მეტი ღირს. მაგრამ ექსპორტზე საუბარი ჯერ ადრეა, საჭიროა, დიდი მოცულობები გვქონდეს. ჯერჯერობით, სულ თითო-ოროლა ფერმერია, ვისაც ჟოლოს ბაღი აქვს საქართველოში, ძირითადად, შიდა ქართლში, რადგან ხელსაყრელი კლიმატია. ჟოლოს არ უყვარს ზედმეტი წვიმა, თუმცა, ფესვები უნდა ჰქონდეს წყალში. თან წვიმას დაავადებები გადააქვს და მწერებს უჩენს, შესაფერისი ადგილია ქვემო ქართლიც, მაგალითად, მარნეული, ან თუნდაც, თეთრიწყარო. ჟოლოს გაშენების სურვილი საქართველოში უკვე ბევრს აქვს. მე, მაგალითად, პროექტებს ვწერ, ამ ეტაპისთვის ერთ-ერთ მეწარმეს ვეხმარები 20- ჰექტრიანი ბაღის გაშენებაზე, მინდა, ბევრი შემოგვიერთდეს, ყველა მწარმოებელი ერთად 80-100 ტონამდე რომ ავიდეთ, უკვე შეიძლება ფიქრი ექსპორტზეც.
საქართველოში უკვე შემოტანილია ჟოლოს კარგი ჯიშები, მათ შორის, „ნოვა“, „კაროლინა“, ეს სახეობები 1 ჰა-ზე 8-15 ტონამდე მოსავალს იძლევა, არის უფრო მსხმოიარე ჯიშებიც, მაგალითად, „პატრიცია“ და „ბირიუსინკა“, რომელიც მოსკოვში კენკროვან ხილთა კვლევით ინსტიტუტში იყიდება. მათი მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 20-25 ტონას აღწევს. მე ოთხივე ჯიში მაქვს, ნერგები 4 ათას ლარამდე დამიჯდა. ერთი ნერგის სიცოცხლიუნარიანობაა 10-დან 13 წლამდეა.
ზოგადად, 30-35 სმ-ში 1 ნერგი ირგვება, 1 ჰექტარზე - 4,5 ათასიდან 7 ათასამდე. რიგებს შორის დაშორება კი 2 მეტრამდეა (ტექნიკის შესაყვანად და სამუშაოების კომფორტულად ჩატარებისთვის).
ნერგს არ უნდა მისცე საშუალება, ბუჩქივით გაიზარდოს, რამდენიმე განშტოებიდან ერთი - ყველაზე ძლიერი უნდა დარჩეს, დანარჩენი ტოტები ძირიანად უნდა ჩაიჭრას და შუალედებში ჩაირგოს, ყოველ 10 სმ-ში - 1 ნერგი. თითო ძირი 4-5 ნერგს გაძლევს, ანუ, ნერგზე ეკონომიის გაკეთება შეიძლება. ტოტი სწრაფად ფესვიანდება, დამყნობაც არ სჭირდება.
ზოგადად, პირველ წელს ნერგი თავისი წარმადობის 35%-ს იძლევა, მეორე წელს - 65%-ს, ხოლო მე-3 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის.
ყველა სახეობა გემოთი, მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდება: ზოგი ოდნავ მჟავეა, ზოგი - მოტკბო, თუმცა, მას ნიადაგიც განაპირობებს. სასურველია, როცა მჟავიანი ნიადაგზე მოტკბო დაირგოს, ხოლო ნაკლებად მჟავე ნიადაგებზე - პირიქით, რათა პროდუქცია ერთგვაროვანი მივიღოთ. "ბირიუსინკას“ 1 200 ნერგი გვქონდა, მაგრამ ძალიან თოთო ნერგი იყო და მხოლოდ 800 გადაგვირჩა, წელს გადავრგავ, ვიდრე ისინი მომძლავრდებიან, „ნოვასა“ და „კაროლინას“ ვამუშავებ.
კულტივაცია შრომატევადია, თუმცა, არცთუ უსაშველო. რიგებს შორის ბალახია მოსაშორებული, თუ მუჩირება არ აქვს (პოლიეთილენის პარკებით არ არის დაფარული მიწა), სჭირდება შეწამვლაც. 50-მდე მწერია, რომელიც ხელს უშლის მცენარის განვითარებას. საერთოდ, ბიოჟოლოს, ალბათ, ვერ აწარმოებ, რადგან მწერებს ბიოპრეპარატები ვერ ერევა, მე ყოველ შემთხვევაში, ასეთი საშუალებები ხელში არ მომხვედრია, მწერებთან ბრძოლის გარდა, დანარჩენი პროცედურების ჩასატარებლად - მიწის განოყიერება იქნება, თუ ჰერბიციდების შეტანა - შესაძლებელია, არაქიმიური საშუალებები გამოიყენო.
როცა ნაყოფს გამოიბამს, ორ დღეში ერთხელ სჭირდება კრეფა. მსხმოიარობის სეზონი, ძირითადად, ორჯერაა: ივნისადან - აგვისტომდე და სექტემბიდან - ნოემბრამდე. არსებობს ჯიშები, რომლებიც ხუთჯერაც ისხამს.
ჩემი „პროგრამა - მაქსიმუმია“ 10 -15 ჰა მიწაზე ჟოლოს და დამატებით 5-5 ჰა-ზე ლურჯი მოცვისა და მაყვლის ბაღების გაშენება, თუმცა, ამ ეტაპზე ბიზნესპროექტი დავწერე, რომელიც 5 -ჰაზე 35 ათასი ძირი ჟოლოს დარგვას ითვალისწინებს. 2019 წლისთვის, სრულმსხმოიარობის პერიოდში 25 ტონა ნედლი და გაყინული ჟოლოს წარმოებას შევძლებ.
ეს მეურნეობა, რომ დავალაგო და არც ხელფასების გაცემის პრობლემა მქონდეს, 50 კვადრატული მეტრ მაცივართან ერთად 264 ათასი ლარი მიჯდება. პროექტი უკვე შევიტანე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში. ვჯახირობ, მაგრამ ვიცი, პერსპექტიული ინვესტიციაა.