ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების სირთულის მიუხედავად სლოვაკი ფერმერების შემოსავლები გაოთხმაგდა
სლოვაკეთში ფერმების ზომის გამსხვილებამ, სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის შემცირებამ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, ახალი კონცეფციების და თანამედროვე ბიზნესსტრუქტურების ზრდამ, ევროფონდების მიერ გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად მიმართვამ სხვა სექტორებთან შედარებით სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაღალ ტემპს შეუწყო ხელი.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობისათვის ევროკავშირთან თანამშრომლობა მომგებიანი აღმოჩნდა. ამჟამად დაუმუშავებელი არც ერთი ჰა. მიწაა, გაიზარდა ფერმერების შემოსავლები, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე ვზრუნავთ. თუ სოციალიზმის პერიოდში მოქმედ ფერმერს ვკითხავთ, როგორ აფასებს თავის საქმიანობას გვეტყვის, რომ ასეთი წარმატებული არასოდეს ყოფილა. ბუნების მოყვარული ახალგაზრდა კი გეტყვით, რომ დიდი სიამოვნებით ჩაებმება სასოფლო წარმოებაში. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჩივიან დაბალ შემოსავლებს, მათ შორის სლოვაკებიც, თუმცა ისინი, ვინც ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობენ, აღიარებენ, რომ მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, სულ მცირე გაოთხმაგდა. სლოვაკი ფერმერების გამოცდილების შესახებ მოგვითხრო სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა მარია კადლეციკოვამ.
ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაციის შესახებ სლოვაკეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GLOBSEC-სა და ELVA-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს. სლოვაკეთის სახელმწიფოს სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოში FAO-ს ყოფილი წარმომადგენლები მარია კადლეციკოვა და მილან კოვაჩი წარმოადგენდნენ.
გამოცდილების გაზიარებისა და მონაცემების დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობა მსგავსი გამოწვევების წინაშე არიან. თუმცა სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ეკისრება აგრარული პოლიტიკის სწორ გატარებასა და ფუნქციონირებაში. სლოვაკეთი 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია, შესაბამისად, გზა რომელსაც დღეს საქართველო გადის ევროკავშირთან მიახლოების თვალსაზრისით სლოვაკეთმა უკვე გაიარა. საინტერესოა თვალი გადავავლოთ მისი სოფლის მეურნეობის ძირითად მაჩვენებლებსა და განვითარების ბოლო ეტაპს.
სლოვაკეთი საქართველოსგან განსხვავებით, მიწის ფონდის სიმცირის მიუხედავად, მსხვილი მეურნეობებით ხასიათდება. კადლეციკოვას თქმით, არსებობენ 2 000-3 000 ჰა. მიწის ფართობის მქონე ფერმები და ასევე 30-40 ჰა. მიწის მფლობელი ფერმებიც; საშუალო მაჩვენებელი კი ქვეყნის მასშტაბით 80,7 ჰა.-ს შეადგენს, (ევროკავშირი - 16,1 ჰა). ქვეყანაში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების 4,4%-ს ქმნის სოფლის მეურნეობა და აქ დასაქმებულთა 3,5%-ია ჩართული. მართალია სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში მცირდება (2003 წელს - 4%, 2015 წელს - 2,9%), მაგრამ მცენარეული პროდუქტების წარმადობა 16%-ით გაიზარდა. ხოლო მეხცოველეობის პროდუქტების წარმოება 19%-ით შემცირდა.
სლოვაკეთი შეზღუდულია აგრარული პოლიტიკს დამოუკიდებლად განსაზღვრაში, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოქმედებენ ერთიანი აგრარული პოლიტიკითა და ინდიკატორებით (CAP). ამიტომ პოლიტიკის მორგება ადგილობრივი პირობებისათვისშედარებით შეზღუდულია. CAP დროთა განმავლობაში იცვლება; ფასისმიერი დახმარების პოლიტიკა ჩანაცვლდა უფრო ეფექტიანი პირდაპირი გადახდების სისტემით. ე.ი. ფერმერებს დახმარება ეძლევათ არა ერთეული პროდუქციის გაყიდვისას დაფიქსირებულ ფასზე დანამატით, არამედ ფერმერის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის მიხედვით ან ფერმერის ისტორიული საქმიანობის მიხედვით (ბიო-წარმოების, გარემოს დაცვითი სამუშაოების მიხედვით და ა.შ.). ორგანულ სოფლის მეურნეობასა და ბიო ენერგიის გამოყენებას დიდი ყურადღება ექცევა. (CAP-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.)
არის ფერმერების ხელშეწყობის ბევრი პროგრამა, მათ შორის ახალგაზრდა ფერმერებისთვისაც. სლოვაკი ფერმერების მხოლოდ 8 %-ია 35 წელს ქვემოთ და ფერმერთა საშუალო ასაკი 50 წელია. მაგალითად, ახალგაზრდა ფერმერი სასოფლო-სამეურნეო საქმის დაწყებისას 50 000 ევროს იღებს. კადლეციკოვას თქმით, ამ პროგრამაში ელოდნენ სულ დაახლოებით 300 მსურველს, მაგრამ რეალურად 1500 ახალგაზრდა ჩაერთო, - "მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფერმერების უფრო მეტი ჩართულობა და ფერმერთა თაობის განახლება".
2004 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სლოვაკი ფერმერები ევროკავშირიდან პირდაპირ გადახდებს რეგულარულად იღებდნენ. მაგრამ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგან მათზე მოდიოდა მხოლოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ფერმერებისათვის გამოყოფილი პირდაპირი გადახდების 25%, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპის სხვა წევრი ქვეყნების ფერმერებისთვის - 100%. იყო დაპირება, რომ 2014 წლიდან ყველა ფერმერი მიიღებდა ევროკავშირთან გათანაბრებულ პირდაპირ გადახდებს, მაგრამ ფაქტია, რომ 2028 წლამდე ახალი წევრი ქვეყნების ფერმერები მიიღებენ პირდაპირი გადახდების მხოლოდ ნახევარს, ეს კი კადლეციკოვას მოსაზრებით, გამოწვეულია ახალი წევრი ქვეყნების ფერმერების დაბალი კონკურენტუნარიანობით. 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებული ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით სლოვაკების 80% ფიქრობს, რომ CAP-ის ფარგლებში ევროკავშირიდან გამოყოფილი დახმარება დაბალია ან საკმარისია. მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირის დახმარება საკმაოდ მოცულობითია.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ფერმერების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შემოსავლები გაიზარდა. ევროკომისიის კვლევის მიხედვით, 2004 წლიდან 2014 წლამდე სასოფლო სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები 19%-ით გაიზარდა (2009-2010 წლების ჩავარდნის მიუხედავად). სასოფლო სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების წილი საშუალო ანაზღაურებასთან მიმართებაში 2004 წლის 30%-იანი მაჩვენებლიდან 2012 წელს 60%-მდე გაიზარდა.[1] მიუხედავად ასეთი ზრდისა, სლოვაკი ფერმერები უკმაყოფილონი არიან, რომ სავაჭრო ქსელები უპირატესობას ანიჭებენ უცხოურ პროდუქციას. ამ ტენდენციის შესამცირებლად ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას ახორციელებს.
ევროკავშირთან ასოცირების გზაზე სლოვაკეთისათვის ყველაზე დიდი გამოწვევები: ინსტიტუტების მშენებლობა, საკვები პროდუქტებისა და ვეტერინარიის სამმართველოების ფუნქციონირების გამართვა, საკანონმდებლო ცვლილებები, ფერმერების ინფორმირება-კონსულტაციები და ევროპული ფონდების ეფექტიანი გამოყენება აღმოჩნდა. კადლეციკოვას შეფასებით, სურსათის უფრო მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის მისაღწევად მეტი სახსრების უფრო ეფექტიანად გამოყენება იყო შესაძლებელი. "საკვები პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ევროკავშირში შესვლამდე 80% იყო, მაგრამ შემდეგ შეგვიმცირდა 40-45%-მდე. ეს გამოწვეული არ იყო პირდაპირ ევროკავშირთან თანამშრომლობით. მთავარია ის, რომ ჩვენ ვერ შევძელით ევროკავშირის ბაზრისათვის კონკურენცია გაგვეწია", - განაცხადა მარია კადლეციკოვამ.
ევროკავშირში შესვლამდე მომზადებული იყო აგრარული პოლიტიკა, რომლის მიზანი გაერთიანებაში შესასვლელად ნიადაგის მომზადება და უვნებელი პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა იყო. კვების მრეწველობის რესტრუქტურიზაცია-მოდერნიზაცია საკმაოდ რთული და ხარჯიანი აღმოჩნდა:
"ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა, მხოლოდ სასაკლაო წარმოების რეკონსტრუქციისათვის დაგვჭირდა 200 მილიონი ევრო. სულ კი 570 მილიონი დაიხარჯა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა განხორციელდა, კერძო ინვესტიციებიც ბიზნესის მხრიდან, სხვანაირად ბიზნესს მოუწევდა ფუნქციონირების შეწყვეტა. ევროპული სტანდარტების და ნორმების დანერგვისათვის ჯამში 7,6 მილიარდი ევრო გადავიხადეთ. უზარმაზარი პრობლემა იყო წყლის სადინარებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა (ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს დაბინძურებული წყლების გამწმენდი სისტემა). ამ პრობლემის მოგვარებისათვის ჩვენ ევროკავშირიდან მოვითხოვეთ გარდამავალი პერიოდი", - აღნიშნა კადლეციკოვამ.
კადლეციკოვამ სლოვაკეთში კოოპერატივების ნაკლებ პოპულარობაზე გაამახვილა ყურადღება: "კოოპერატივებთან დაკავშირებით ჩვენთან შემორჩენილია სოციალისტური დამოკიდებულება. ამიტომ დღეს დიდი საწარმოები უპირატესობას ანიჭებენ დასახელებას “სააქციო საზოგადოება”, ვიდრე - “კოოპერატივი”. ჩვენს სოფლის მეურნეობაში წარმოების პრობლემა არ დგას, უფრო მეტად წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია აწყდება ერთგვარ სირთულეებს. ასევე, კოოპერატივების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. მაგალითად, 2004-2010 პერიოდში კოოპერატივების რაოდენობა 13%-ით შემცირდა[2]. ძველი თაობის ფერმერები კვლავ გამოიყენებენ ამ ტერმინს, თუმცა თანამდეროვე თაობებში იგი იცვლება. სახელმწიფო არ ერევა საწარმოს მიერ ამა თუ იმ ფორმის არჩევაში, ყველა ორგანიზაციული სტრუქტურა ფუნქციონირებს თანაბარ პირობებში. საქართველოს ვურჩევდი შეიქმნას სარეალიზაციო კოოპერატივები, ეს დაეხმარება სოფლის მეურნეობას განვითარებაში, ამჟამად სლოვაკეთშიც მუშავდება პროექტი, რათა ფერმერებში სარეალიზაციო ტიპის კოოპერატივებისადმი ნდობა გაიზარდოს."
ქართველი ფერმერების მსგავსად, სლოვაკ ფერმერებს ეშინოდათ, რომ ევროკავშირის მდიდარი ფერმერები დაინტერესდებოდნენ სლოვაკური მიწების ათვისებით. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა მიწის უცხოელებზე გასხვისების შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, დღეს 130 ათასი ჰა. უცხოელებს ეკუთვნით. კონსტიტუციაში დაგეგმილია ცვლილების შეტანა, რომ აღარ მოხდეს უცხოელებზე მიწის გაყიდვა და ასევე დაუშვებელი იქნება სასოფლო სამეურნეო მიწის სხვა მიზნით გამოყენება. კადლეციკოვას თქმით: "ამჟამად თითქმის ყოველდღიურად 74 ჰა. სასოფლო მიწა "იკარგება", რადგან აქ მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობების, საწყობების, სახლების, ინდუსტრიული კომპლექსების მშენებლობა. "
მილან კოვაჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სურსათის უვნებლობის კუთხით მომხდარ ცვლილებებზე. მისი შეფასებით სურსათის უვნებლობის მიმართულებით 2009 წლის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. სლოვაკი ფერმერებისათვის მაღალი სტანდარტების დანერგვა სასურსათო წარმოებაში და უვნებლობის მაჩვენებლების დაკმაყოფილება არანაკლებ მტკივნეული იყო, ხშირი იყო შეუსაბამობები და დარღვევები, თუმცა დროთა განმავლობაში დარღვევების რიცხვი მცირდება.
[1]ევროკომისია, "სლოვაკეთი და CAP", მაისი 2014
[2] NÉMETHOVÁJ., DUBCOVÁ A., KRAMÁREKOVÁ H. "THE IMPACTS OF THE EUROPEAN UNION’S COMMON AGRICULTURAL POLICY ON AGRICULTURE IN SLOVAKIA", 2014