ქართული კომპანიები აგრძელებენ CSR-ის ევროპულ ტრადიციებს საქართველოში
ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით ჩატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2016 წელს შეიქმნა 1 მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი და მოხდა 4 მილიონამდე ბიზნეს პროცესებში ჩართული პირების გადამზადება.
ევროკავშირის განმარტების მიხედვით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR – corporate social responsibility) ეს არის კონცეფცია, რომლის დროსაც კომპანია საკუთარ ბიზნეს ოპერაციებში და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით (მოხალისეობის საფუძველზე), რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარული აქტივობების შედეგად კომპანიები ნებაყოფლობით ზრუნავენ იმ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არიან, რადგან ძლიერი მომხმარებელი თავის მხრივ კომპანიის წარმატების გარანტიაა (გადახდისუნარიანი მომხმარებელი და მეტი გაყიდული პროდუქტი). „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სწორად წარმართვის შემთხვევაში, ძალიან მომგებიანი შეიძლება იყოს ბიზნესისათვის. აქ არაა საუბარი ერთჯერად აქციაზე, ღონისძიებაზე, ერთჯერადად გაღებულ ფულზე, რომელიც ერთხელ “გაპიარდება” მედიის მეშვეობით. აქ იგულისხმება უფრო გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც კომპანიას გააჩნია და ასახულია მის სისტემასა და საქმიანობაში“ - განაცხადა CSR-ისა და კომუნიკაციის კონსულტანტმა თამარ კვარაცხელიამ eugeorgia.info-სთან საუბრისას.
CSR -ის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია "ნესტლე"- ს საქმიანობა ინდოეთში. 1962 წელს კომპანია "ნესტლე"-მ გადაწყვიტა თავისი ეკონომიკური საქმიანობა განეხორციელებინა ინდოეთის ერთ-ერთ უკიდურესად ღარიბ რაიონში - მოგაში. გამომდინარე იქიდან რომ "ნესტლე"ს საწარმოო ჯაჭვი მთლიანად ადგილობრივ რესურსებზე იყო დამოკიდებული, კომპანიამ მოგას რაიონში ააშენა რძის შემკრები პუნქტები, რძის ტრანსპორტირებისთვის ადგილობირივი საწარმო უზრუნველყო საკუთარი ავტომანქანებით. რძის ხარისხის გასაუმჯობესებლად "ნესტლე" მუდმივად აგზავნიდა ვეტერინარებს, დიეტოლოგებს და ხარისხის ექსპერტებს. პარალელურად ადგილობრივ გლეხებს მუდმივად უტარდებოდა ტრენინგები, საჭიროების შემთხვევაში იგზავნებოდა მედიკამენტები და საკვები დანამატები დაავადებული ცხოველებისთვის. ცხოველების კვების ხარისხის გასაუმჯობესებლად "ნესტლე"- ს ინვესტირებით გაუმჯობესდა ირიგაცია. თუკი "ნესტლე"- ს რძის ქარხნის გახსნის დროს საწარმოს ჰყავდა 180 ფერმერი, დღეისათვის რძის მომწოდებელთა რიცხვი 75ათასს აღწევს. ამასთანავე რძის წარმოება გაიზარდა 50-ჯერ ხოლო ხბოების სიკვდილიანობა შემცირდა 75%-ით. პროდუქტის ხარისხის ზრდასთან ერთად გაიზარდა რძის შესყიდვის ფასიც, ხოლო რეგულარული შემოსავლების წყალობით ადგილობრივი გლეხების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მათ მიერ "ნესტლე"-ს პროდუქტების შესყიდვამაც იმატა, რაც ისევ კომპანიას ეხმარება ეკონომიკური წარმატების მიღწევაში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განმარტება აშშ-ში ჯორჯიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორმა, არჩი ქეროლმა დაყო 4 ნაწილად „საზოგადოების ეკონომიკური, სამართლებრივი, ეთიკური და ფილანთროპიული (საქველმოქმედო) მოლოდინები ორგანიზაციის მიმართ დროის მოცემულ მომენტში“ (Carroll 1979, 1991).
ქეროლის პირამიდის მიხედვით, კომპანიამ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება, რომ იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი. „წარმატებული კომპანია მუდმივად მომგებიანია“. ეს არის საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნა პირველ დონეზე. წარმატებული კომპანია უნდა იყოს კანონმორჩილი „კორპორაციული მოქალაქე“, რომელიც შეძლებს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შექმნილი(წარმოებული) საქონლის და მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის (მეორე დონე). მესამე დონეზე საზოგადოება მოელის, რომ კომპანიები საზოგადოებაში მიღებული ნორმების დაცვით იმოქმედებენ და არ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც აკრძალულია საზოგადოებაში, ან მოგების მაქსიმიზაციისთვის არ დაარღვევენ ეთიკის ნორმებს. მეოთხე დონე მოიცავს ქველმოქმედებას, რაც გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო საგანმანათლებო დაწესებულების მხარდაჭერას და ა.შ (არჩი ქეროლის პირამიდა ერთიანობაში უნდა იყოს გააზრებული და მისი განხილვა ფრაგმენტულად წარმოუდგენელია).
ევროკავშირის CSR - ის ისტორია იწყება 1995 წლიდან, როდესაც ევროგაერთიანების პრეზიდენტმა მოუწოდა საწარმოებს სოციალური აქტიურობისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ. შედეგად ამავე წელს 20 ბიზნეს ლიდერმა მიიღო ევროპული ბიზნეს დეკლარაცია სოციალური იზოლაციის წინააღმდეგ (მეტი ჩართულობა სოციალურ პროცესებში).
თუმცა მანამდე იყო ინდუსტრიული რევოლუცია, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო უმუშევრობა და სამუშაო პირობები. ევროკავშირი შეეცადა ცალკეული ქვეყნების სოციალური პრობლემები განეხილა ერთ მთლიან კონტექსტში და 1993 წელს აამოქმედა 4 თავისუფლება. იგი გულისხმობს კაპიტალის, მუშახელის, მომსახურების და პროდუქციის თავისუფალ გადაადგილებას ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. აღნიშნულ კონტექსტში მუშახელის თავისუფალი გადაადგილება გულისხმობს თითოეული წევრი სახელმწიფოს მოქალაქის უფლებას იცხოვროს ან ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს მეორე წევრ სახელმწიფოში. თუკი საწყის ეტაპზე ევროკავშირის ძირითადი მიზანი იყო უსაფრთხოება და შემდგომ უკვე ეკონომიკური პროცესები (ვაჭრობა, უმუშევრობა), დროთა განმავლობაში იგი ჩაანაცვლა გარემოს დაცვითმა ღონისძიებებმა, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ევროკავშირისთვის.
1996 წელს ევროკომისიის ძალისხმევით შეიქმნა „CSR ევროპა“. CSR ევროპა“ არის ევროპის წამყვანი ბიზნეს ქსელების გაერთიანება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გასავითარებლად. დღეისათვის იგი მოიცავს 45 კორპორაციულ წევრს და 41 ეროვნულ CSR ორგანიზაციებს. მისი მიზანია ისეთი ბიზნეს სივრცის შექმნა, სადაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის გაუმჯობესების მსურველთათვის შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავება და ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვა.
თუმცა CSR-ს საკითხებზე აქტიური მუშაობა ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2000 წელს დაიწყო, როდესაც ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურებმა CSR-ს საკითხი ლისაბონის სამიტზე განიხილეს. 2002 წელს შემუშავდა პირველი CSR სტრატეგია. ხოლო 2005 წელს „CSR ევროპა“-მ დაიწყო აქტიური კამპანია რათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის თავიანთი ეკონომიკური აქტივობის დაგეგმარების პროცესში გაეთვალისწინებინათ CSR -ს ფაქტორი.
2005 წელს 400 ბიზნესმენისა და დაინტერესებული მხარის ინიციატივით შემუშავდა ევროპული ბიზნეს გზამკვლევი „კონკურენტუნარიანი და მდგრადი საწარმოს შესაქმენლად“, რომელშიც გამოკვეთილი იყო CSR ევროპის სამომავლო მიზნები. აღნიშნული გზამკვლევის საფუძველზე შეიქმნა CSR - ს ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც შემდგომ ევროკომისიის CSR სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი გახდა.
2010 წელს „CSR ევროპის“ ინიციატივით შეიქმნა „საწარმო 2020“, რომლის მიზანი იყო ბიზნესის CSR-ის სტრატეგიების ევროკავშირის CSR-ის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. საწარმო 2020-ის საშუალებით დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორიცაა არსებული ცხოვრების წესი, სამუშაო, კომუნიკაცია, განათლება, მოხმარება და რესურსების გაზიარება. სულ მალე საწარმო 2020 გარდაიქმნა ევროპულ მოძრაობად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ავითარებდნენ ბიზნეს ინოვაციებს პრაქტიკაში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობდნენ არსებულ სოციალური პრობლემებზე.
2015 წელს უმუშევრობის, კლიმატური ცვლილებებისა და დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა საწარმო 2020-ის მანიფესტი. იგი მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
1. მუშაობის შესაძლებლობა და ჩართულობა მენეჯმენტის და მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე (დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს დასაქმებულის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ყველა დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტივობებში)
2. წევრი კომპანიებს წახალისება, რათა განახორციელონ პროდუქციის წარმოების პროცესისა და მოხმარების განვითარება ქალაქთან, თემთან და რეგიონთან ერთობლივი მუშაობის შედეგად (ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების, ბიზნეს მოდელის შექმნა და ადგილობრივ მთავრობასა და საზოგადოებასთან მუდმივი თანამშრომლობა. ამასთანავე, წარმოების პროცესში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება და ბუნებრივი რესურსების შეზღუდული გამოყენება, პარალელურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის გაძლიერება)
3. გამჭირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ბიზნესის წარმოების პროცესში (დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და გაუმჯობესებული მართვის სისტემები მიწოდების ჯაჭვის პროცესში)
მიუხედავად მოკლე დროისა ევროკავშირმა ძალიან დიდი ღონისძიებები განახორციელა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. დღესდღეობით ევროპაში CSR არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესის წარმოების პროცესში. ევროკავშირმა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნით ხელი შეუწყო ბიზნესების ეფექტურ/ ნაყოფიერ მუშაობასა და მათ დადებით გავლენას საზოგადოებაზე.
სამართლებრივი ბაზის შემნის ნათელი მაგალითია, 2011 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შემუშავებული სახელმძღვანელო (კომპენდიუმი) „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - ეროვნული საჯარო პოლიტიკა ევროკავშირში“, სადაც CSR-ს მიმართულებით 8 ყველაზე მწვავე საკითხი იქნა მოკვლეული. დოკუმენტის მიზანია, ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების აქტიური მუშაობა. წარმოგიდგენთ ევროკავშირის CSR-ს საკითხებსა და პრიორიტეტებს:
- CSR-ს მხარდამჭერი პოლიტიკა (ევროპის ქვეყნები სურვილის შეთხვევაში ქმნიან CSR-ს მიმართულებით სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს და სხვა პოლიტიკურ დოკუმენტებს როგორიცაა კანონები, ანგარიშგებები და ა.შ)
- მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
- CSR -ს ანგარიშები და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის (ანგარიშები მდგრადობასა და CSR-ზე)
- CSR კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ (ბიზნესის ზემოქმედება კლიმატური ცვლილებების შესაცვლელად)
- CSR მცირე და საშუალო ბიზნესში (SME) (CSR -ს გაძლიერება მცირე და საშუალო ბიზნესში)
- სოციალური პასუხისმგებლობის ინვესტიცია (SRI) (ცნობიერების ამაღლება)
- CSR და განათლება (CSR საკითხების ინტეგრირება განათლების ყველა დონეზე)
- სახელმწიფო შესყიდვები (მთავრობებმა აქტიურად შეიძინონ ისეთი პროდუქცია/ მომსახურება რომლის წარმოების პროცესმა უარყოფითად არ იმოქმედა გარემოზე)
წყარო: Focus CSR :The new communication of the EU commission on CSR and National CSR strategies and action plans – European sustainable Development network – 2011
CSR-ს ეროვნული სამოქმედო გეგმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (2014 წლის ივნისის მონაცემები):
წყარო: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - ეროვნული სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ქვეყნებში, კომპენდიუმი 2014
რაც შეეხება სხვა საკანონდებლო რეგულირებებს, ევროპის ქვეყნებში არსებობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და სახელმძღვანელოები, რომლებიც ეხება კორპორაციულ-სოციალურ პასუხმგებლობას: OECD - ის სახელმძღვანელო საერთაშორისო საწარმოებისათვის (განახლებულია 2011 წელს), გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი, ISO 26000 სახელმძღვანელო სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სამმხრივი დეკლარაციის პრინციპები, რომლებიც ეხება მრავალეროვან საწარმოებსა და სოციალურ პოლიტიკას და გაეროს პრინციპების სახელმძღვანელო ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
რაც შეეხება საქართველოს, „ასოცირების ხელშეკრულების“ 352-ე მუხლის მიხედვით საქართველო ვალდებულია ხელი შეუწყოს „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას“ და „ბიზნეს პასუხისმგებლობის პრაქტიკას, როგორიცაა მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო რეკომენდაციები მრავალეროვანი კომპანიებისთვის“, ასევე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა“ (მუხლი 349, i პუნქტი). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG-ის) წარმომადგენელს ლელა ხოფერიასთ, რომელმაც განაცხადა რომ „ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ იყო CSR-სთან დაკავშირებით სამუშაოები, შესაბამისად ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქტიური ღონისძიებები არ ჩაუტარებია. გამომდინარე იქიდან რომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა, ჩვენთვის უცნობია რა სიახლეებს გეგმავს საქართველოს მთავრობა CSR-ის სფეროში ქართული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა ჩვენ ვაპირებთ პროცესში ჩართვას და CSR-ის მიმართულებით რეკომენდაციების მიწოდებას, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო სტრატეგიებში CSR-ის ინტეგრირება და კონკრეტული ქმედებების განხორციელება“.
რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ასოცირების ამ მუხლის დროულად შეუსრულებლობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით თამარ კვარაცხელიამ განაცხადა „გასათვალისწინებელია, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმების მეშვეობით ინვესტირებისა თუ ექსპორტის დროს ევროპელი პარტნიორები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ქართული კომპანიების სოციალურ პრაქტიკას, და ბევრი მათგანი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა თუ შესაბამისი სისტემების მეშვეობით ნაწარმოები პროდუქტის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს“.
თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული კომპანიები ნებაყოფლობით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს და სოციალური გარემოს გასავითარებლად. ამისი მაგალითებია:
- ,„საქართველოს ბანკის“ პროდუქტი „მწვანე ანაბარი“. „მწვანე ანაბრის“ ფარგლებში ყველა პიროვნების სახელით, ვინც "საქართველოს ბანკში" გახსნა ვადიანი ან საბავშვო ანაბარი, ბანკმა დარგო ხე წაღვერის რაიონში. „მწვანე ანაბრის“ აქციის შედეგად ბანკმა გააშენა 45,000 ნერგი და უზრუნველყო ნერგების საჭირო მოვლა. 2009 წლიდან 2011 წლამდე „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ 150,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოყო ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.
- „ელიტ ელექტრონიკსში" ყველა თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, რისთვისაც კომპანიას ყოველწლიურად საშუალოდ 48 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თანამშრომლების გარკვეული ნაწილის საწვავის ლიმიტით სარგებლობს, რომლისთვისაც 2012 წელს გამოყოფილ იქნა 30 000 ლარი.
- “საშინაო სკოლის“ ფარგლებში Silk TV-ის ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ უყუროს სრული სასკოლო პროგრამის ვიდეო-გაკვეთილებს. საშინაო სკოლა – სოციალურ შემეცნებითი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის - Silk TV-ის საშუალებით და ა.შ
ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ აქტივობებისა რომელსაც ქართული კომპანიები ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში CSR ფარგლებში .
საბოლოო ჯამში, ყველანი ვთანხმდებით იმ საკითხზე რომ მდგრადი ბიზნესის განსავითარებლად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა, შრომითი ურთიერთობების კანონდებმლობით დარეგულირება, გარემოზე ზრუნვა და ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება. პასუხისმგებლიანიბიზნესიწარმოქმნისიმავეღირებულებებსდაპრინციპებსთავისისაქმიანობისსფეროში,რაპრინციპებითადაღირებულებებითთავადახორციელებსეკონომიკურსაქმიანობას. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ბიზნესპროცედურებთანშეერთებითდაკულტურულიმთლიანობისდამყარებით, კომპანიებიარამხოლოდიცავენმათძირითადვალდებულებებსხალხისადაპლანეტისწინაშეარამედ, საფუძველსუყრიანსაკუთარგრძელვადიანეკონომიკურწარმატებას.
ეთერი სახოკია
წყაროები:
- National public policies in the European Union – Compendium 2014
- :The new communication of the EU commission on CSR and National CSR strategies and action plans – European sustainable Development network – 2011
- Social Responsibility: Implications for Businesses Operating in the United States and the European Union - Kaitlyn Sapp University of Connecticut – 2016
- Corporate social responsibility: The centerpiece of competing and complementary frameworks - Archie B. Carroll
- Carroll’s pyramid of CSR: taking another look - Archie B. Carroll